ხელოვნება

რაზეც იცეკვებ, ასწორებს

16 ივლისი, 2010 •
რაზეც იცეკვებ, ასწორებს

საქართველოში კონცერტები, კინოჩვენებები, თეატრალური წარმოდგენები, როგორც წესი, დაგვიანდებით იწყება. ამ მხრივ, გამონაკლისი არც შავი ზღვის ჯაზფესტივალი აღმოჩნდა. პროგრამის მიხედვით, ყველა წარმოდგენის დასაწყისი საღამოს რვა საათია. მას შემდეგ, რაც რვა საათს 40 წუთი გადასცდა და სტუმრებმა სანახევროდ შეავსეს ტენისის კორტებზე მოწყობილი საკონცერტო სივრცე, ფესტივალის ორგანიზატორმა, ისთერნ ფრომოუშენის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიშა გიორგაძემ შავი ზღვის ჯაზფესტივალი გახსნილად გამოაცხადა. ”იქნებ მოხვიდეთ 15-20 წუთით ადრე. ერთმანეთს ვნახავთ, გავესაუბრებით, წინა დღის შთაბეჭდილებებს გავუზიარებთ. ურთიერთობის თემაა, ტუსოვკის თემაა”, – ასეთი თხოვნით მიმართა მიშა გიორგაძემ კორტებზე შეკრებილ სტუმრებს, რომელთა რიცხვი თანდათანობით იზრდებოდა, სანამ მოგვიანებით ყველა სკამი არ შეივსო.

ყველაზე პუნქტუალურები ჟურნალისტები აღმოჩნდნენ, რომლებიც კორტების შესასვლელთან ნახევარი საათით ადრე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ასე ერთად თავმოყრილები მოედანზე შეუშვეს, პროფესიული თამაშის წესები საგანგებოდ შეახსენეს და სცენის წინ ზეზეულ მდგომარეობაში განათავსეს. ამ დროს, ყველა ჟურნალისტს კარგად ახსოვდა იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომელსაც ხელი თბილისში, კულტურის სამინისტროში მოაწერეს და რომელიც, მასალის არგამოქვეყნების შემთხვევაში, ჟურნალისტს ხუთიათასლარიან ჯარიმას აკისრებს.

ასეთი იყო ვითარება, როცა სცენაზე ახალგაზრდა ქართველი ჯაზპიანისტი, ბექა გოჩიაშვილი გამოვიდა ტრიოს ორ მონაწილესთან, კონტრაბასისტ ბენ უილიამსთან და დრამერ რიჩი ბარშაისთან ერთად.

ბექა გოჩიაშვილი, ბენ უილიამსი, რიჩი ბარშაი

ბექა გოჩიაშვილი 14 წლისაა და უკვე რამდენიმე თვეა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად გამოდის ნიუ იორკის ჯაზ კლუბებსა და საკონცერტო დარბაზებში (Blue Note, Lincoln Center, Birdland, Creole). ნიუ-იორკის ჯულიარდის მუსიკალური სკოლის მოსწავლე კონცერტებს ევროპულ ჯაზფესტივალებზეც მართავს. საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე მას უკვე ჰქონდა ორი კონცერტი ვენის ჯაზფესტივალსა და მონტროში, სადაც გასულ წელს აზერბაიჯანელ პიანისტთან, ისფარ სარაბსკისთან ერთად საფორტეპიანო კონკურსის პირველი ადგილი გაიყო.

ბათუმის გამოსვლამდე ორი დღით ადრე ბექა გოჩიაშვილის ტრიომ კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართა. ჯაზფესტივალზე ის გაცილებით თავისუფალ ფორმაში წარსდგა მსმენელის წინაშე, ვიდრე თბილისის კონცერტზე იყო, სადაც 14 წლის მუსიკოსის კვალობაზე მან შეუდარებელი საშემსრულებლო ტექნიკა და იმპროვიზაციის შესაძლებლობები გამოავლინა, თუმცა, პერიოდულად, იმ ნაწილებში, რომელშიც ბექა დომინანტური არ იყო, ბენ უილიამსთან და რიჩი ბარშაისთან ურთიერთობა უჭირდა. შავი ზღვის ჯაზფესტივალის კონცერტზე პიანისტმა კიდევ ერთხელ აჩვენა პუბლიკას, რომ შეუძლია იყოს შესანიშნავი იმპროვიზატორი და აკომპანიატორიც.

კონცერტებს შორის პაუზის დროს ნეტგაზეთი კახა თოლორდავას ესაუბრა, რომელიც პირველი იყო, ვინც ორი წლის წინათ ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” მეშვეობით ქართველ მკითხველს ბექა გოჩიაშვილის შემოქმედება გააცნო.

კახა, რა შეიცვალა ამ ორი წლის განმავლობაში?

ორი წლის შემდეგ ბექას ყველაფერი აქვს. ის, რაც დღეს მოვისმინე, არის მისი დაპირება იმისა, თუ რამდენად დიდი მუსიკოსი შეიძლება მისგან გაიზარდოს. ამ ეტაპზე ლაპარაკიც არ არის არც ჯაზის ვოკაბულის ბოლომდე ცოდნაზე, მაგალითად, დრამატურგიაში ხშირად რაღაცეები უჭირს, მაგრამ როცა ბექა უკრავს, შეუდარებელია. ბექას ჯერჯერობით არ უნდა შეხედო ისე, როგორც ჩამოყალიბებულ მუსიკოსს, არამედ როგორც დაპირებას, რომ სრულიად მოულოდნელად ქართულმა სივრცემ შეიძლება გაზარდოს უბრალოდ ძალიან დიდი ჯაზმუსიკოსი.

რომელ მუსიკოსს გაიხსენებდი, ვისაც ამ ასაკში ასე დაეკრას?

ასეთი ვუნდერკინდ მუსიკოსები ბევრნი არიან მსოფლიოში, მაგალითად, ელდარ ჯანგიროვი, რომელიც ბიშკეკიდან არის. ახლა ყველგან და ყველასთან იწერს, სადაც შესაძლებელია.

როგორ შეაფასებდი შავი ზღვის ჯაზფესტივალის მნიშვნელობას?

თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ ჯაზ ფესტივალზე უკრავს როი ჰარგროუ, რენდი ბეკერი, დეივ უექლი, მაიკ სტერნი და ჰიუ მასაკელა, ეს ნიშნავს, რომ არანაირი განსხვავება იმ ფესტივალებს შორის, რაც შეიძლება იყოს ევროპაში ან ამერიკის ნებისმიერ ქალაქში, არ არის.

ფესტივალს ხომ მსმენელიც განსაზღვრავს?

ფესტივალს ყოველთვის განსაზღვრავენ მუსიკოსები და მათი დაკრულის ხარისხი. კარგი მსმენელი შეიძლება სამი იყოს დარბაზში, შეიძლება დაახლოებით ასი ათასი. არ აქვს მნიშვნელობა.

ქართველი მუსიკოსებისთვის რისი მომცემი შეიძლება იყოს საქართველოში ასეთი ფესტივალების არსებობა?

ქართველი მუსიკოსებისთვის ყველაზე დიდი, რისი მომცემიც შეიძლება იყოს, არის ის, რომ (და ამას ისთერნ ფრომოუშენი აკეთებს) თუნდაც ჯემსეიშენებზე დაუკრან. ბექას გარდა გიორგი მიქაძეც უკრავს წელს, რომელსაც აქვს ფოკუსი იმისკენ, რისი გაკეთებაც უნდა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ბექამ შეიძლება თავისი ნიჭი დაკარგოს, გააფუჭოს ყველაფერი, იმ დროს, როცა გიორგი მიქაძე, თავისი მუშაობით და მონდომებით, შეიძლება უფრო მაღალ დონეზე ავიდეს.

გიორგი მიქაძის ტრიო დღეს საღამოს წარსდგება მსმენელის წინაშე. ეს იქნება მესამე კონცერტი, რომელსაც შავი ზღვის ჯაზფესტივალზე მოისმენენ ბექა გოჩიაშვილისა და ბრიტანული ჯგუფის, ეისიდ ჯაზის მიმდევრების, The Brand New Heavies შემდეგ. სხვათა შორის, ”ბრენდ ნიუ ჰევისს” ქართველი მსმენელი დიდი ხალისით შეხვდა. სცენის წინ შეკრებილებმა ენდი დევენპორტის ნამღერი ტექსტები ზეპირად იცოდნენ. აცეკვებულმა და ამღერებულმა პუბლიკამ თავისი აქტივობით კორტების სცენას საკმაოდ დიდხანს შემორჩენილი ბრიტანელი მუსიკოსების გული ერთმნიშვნელოვნად მოიგო. 

The Brand New Heavies

მასალების გადაბეჭდვის წესი