კინოხელოვნება

დაკონსერვებული თანამედროვე ხელოვნება

18 ივნისი, 2010 • 1576
დაკონსერვებული თანამედროვე ხელოვნება

გუშინ საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი “ამირანი” გაიხსნა. თავიდანვე ვიტყვი, რომ, როგორც წესი, ასეთი “გახსნები” – თვით ყველაზე პრესტიჟული და ამბიციური ფესტივალებისაც კი – ცოტა მოსაწყენი და ძალიან ტრაფარეტულია, სადაც აუცილებელ ოფიციალურ ნაწილში საზეიმოდ მოწვეული სტუმრების ვითომ გასახალისებელად სხვადასხვა ტიპის -საკონცერტო თუ იუმორისტული – ნომრებია ხოლმე ჩართული. თუმცა მაინც შეიძლება განვასხვაოთ, თუ რისი რეპრეზენტირება ხდება ამ დროს.

 ამჯერად გახსნაზე “მასშტაბური” ფოლკლორული კონცერტი შემოგვთავაზეს: ცეკვა, სიმღერა, მეტ-ნაკლებად გათანამედროვებული ფოლკი ა ლა “შინ” ჯგუფ “ფიცვერცხლის” შესრულებით. სხვათა შორის, ეს სტილი მეტად პოპულარული გახდა ახალგაზრდებში და უკვე რამდენიმე ტყუპისცალივით მსგავსი  ჯგუფი არსებობს, რომელთა არა მხოლოდ კომპოზიციები, არამედ შესრულების მანერაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მოკლედ, სახეზეა განახლების იმიტაცია ერთი, ძველი ყალიბის უსასრულო ფაბრიკაციის ხარჯზე.

 ამ მხრივ ფესტივალის გახსნის ცერემონიალი მეტად მეტყველ სურათს გვაძლევდა იმის შესახებ, თუ რასთან ვახდენთ ზოგადად ქართული კულტურის იდენტიფიკაციას, როგორ წარმოგვიდგენია მისი განვითარება და რას ვთავაზობთ “სხვა მსოფლიოს”? ის რომ, გახსნის პროგრამა მნიშვნელოვანწილად ჩამოსული უცხოელი სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი (ფესტივალის კონკურსში 14 ქვეყანის ფილმი მონაწილეობს, მათგან თუ ყველა არა რამდენიმეს წარმომადგენელი ჩამოსულია, ამას ემატებიან ჟიურის უცხოელი წევრებიც) და ერთგვარი “კულტურული გიდის” ფუნქცია ჰქონდა, აშკარაა. არ იცვლება კულტურული მესიჯი, რომლითაც გვსურს, გაგვიცნონ _ ტემპერამენტიანი კავკასიური “რასსა”, უნიკალური მარავალხმოვანება (მართლაც გენიალური, მაგრამ რამდენი ასევე “უნიკალური” პოლიფონიურობა მომისმენია სხვა ქვეყნების ფოლკლორში!)… და ხანჯლების ტრიალი, ბოლოს თოფის გავარდნით რომ სრულდება. თუმცა ეს ის თოფი სრულიადაც არ ყოფილა, დრამატურგიას რომ სჭირდება და დასასრულისკენ აუცილებლად რომ უნდა გაისროლოს. არა, ეს ჩვენი ინფანტილური თვითტკბობის გამოვლინება უფროა, საკუთარი “ველური” ეგზოტიზაციით რომ ხარ კმაყოფილი, რომლის ტირაჟირებასაც არა მხოლოდ სასურველი დასავლეთი ახდენს, არამედ უპირველს ყოვლისა ჩვენ თვითონ. რამდენჯერ მომისმენია უცხოელი კურატორებისგან _ არაჩვეულებრივი და მდიდარი კულტურა გაქვთ, მაგრამ ეხლა გვაინტერესებს არა ის, რაც შექმენით, არამედ რასაც ქმნითო. ჩვენთვის კი გაცილებით ადვილია დაკონსერვებული ხელოვნების იმპორტი, რომელსაც იცი, რომ სადღაც აუცილებლად მოჰყვება აპლოდისმენტები, ეგზოტიკის აღმოჩენით აღტაცება… ხოლო იმისთვის, რომ თანამედროვე კულტურულ ბაზარზე კონკურენცია გასწიო, ამისთვის ჯერ თავად ეს თანამედროვე კულტურა უნდა იცოდე, გაინტერესებდეს, შეისწავლო, იფიქრო, თუნდაც ეკამათო…

 საქართველოს კულტურული პოლიტიკა კი (და ალბათ, არა მხოლოდ კულტურული) ეჭვს გიჩენს, რომ საბოლოოდ ქვეყანა ერთ დიდ ტურისტულ მარშრუტს დაემსგავსება, სადაც ნებისმიერ პუნქტთან სტუმრებს სუვენირების სახით ფაფახებისა თუ პატარა მოვერცხლილი ხანჯლების შეძენა შეეძლებათ და სადაც კეთილმოწყობილ (მეტ-ნაკლებად) Guesthouse-ის სტუმართმოყვარე მასპინძლები არა მარტო ხინკალსა თუ მწვადს მოგიმზადებენ სახელდახელოდ, არამედ თუ საჭიროა თავიანთ პატარა შვილიშვილებსაც წააცეკვებენ ცეცხლოვან ქართულ ხალხურს…

 და ბოლოს ისევ კინოფესტივალს რომ დავუბრუნდე _ თუ მაინცდამაინც ჩვენი ტრადიციებით თავისმოწონება გვსურდა, იქნებ ის ქართული კინოდან გაგვეხსენებინა, რომელსაც საუკუნოვანი არსებობის მანძილზე ნამდვილად აქვს (საამაყო) გასახსენებელი, მათ შორის, სტუდენტური ფილმებიც, რომლებმაც სხვადასხვა დროს საერთაშორისო რეზონანსიც გამოიწვიეს; თუ მაინცდამაინც კონცერტი გვინდა, კინომუსიკის “გაცოცხლებაც” შეიძლებოდა, რაც, ალბათ, ასევე ბანალურია, მაგრამ უფრო ადეკვატური მაინც იქნებოდა.

 როგორც ვიცი, გახსნაზე მიხეილ კობახიძის სტუდენტური ფილმებიც უნდა ეჩვენებინათ (რეჟისორი წლევანდელი ჟიურის წევრია). მაგრამ არ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, კინოს ეს ერთადერთი გაელვებაც კონცერტმა ან თავსხმა წვიმამ “შთანთქა” თუ ბოლოსდაბოლოს უჩვენეს, რადგან ამდენი “ფიც-ვერცხლის ჭამით” თავმობეზრებული დამთავრებამდე წამოვედი. მე და ჩემმა პოლონელმა მეგობარმა, რომელიც პერიოდულად გადმომხედავდა ხოლმე და მორიდებით მეუბნებოდა _ ძალიან მიყვარს თქვენი ფოლკლორი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტიაო, ლიტერატურული კაფის უპრეტენზიო გარემოში რამის დალევა და ჩვენ პერსპექტივებზე საუბარი ვარჩიეთ.

 პ.ს. როგორც ვხვდები, საღამოთი მხოლოდ მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა ვიყავით უკმაყოფილო. განსაკუთრებით აღტაცებულნი მაინც სტუდნტები ჩანდნენ, რაზეც მათი შეძახილები და აპლოდისმენტები მეტყველებდა. შეიძლება მე ვბერდები და უკვე აღარ მესმის მათი და ეს ახალგაზრდა თაობის “თანამედროვე” ხელოვნებაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი