კინოხელოვნება

„როგორ ჩავამთავრე ეს ზაფხული“

19 თებერვალი, 2010 • • 2725
„როგორ ჩავამთავრე ეს ზაფხული“

ახალგაზრდა რუსი რეჟისორი ალექსეი პოპოგრებსკი პირველი პროფესიით ფსიქოლოგია. „არსობრივად ეს ფილმი,  დროისა და სივრცის ორი პიროვნული (და ერთმანეთთან შეუთავსებელი) მოცემულობის ისტორიაა“ – ასე აფასებს რეჟისორი დამოუკიდებლად გადაღებულ რიგით მეორე მხატვრულ ნამუშევარს „როგორ ჩავამთავრე ეს ზაფხული“, რომელიც ბერლინის მესამოცე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილეა.

ფსიქოლოგიური ტრილერი ნ. ვ. პენეგინის დღიურების შთაგონებითაა გადაღებული. პენეგინმა დღიური 1912 წელს დაწერა, როდესაც რუს მეცნიერ ჯორჯიო სედოვს პოლარულ ექსპედიციაში გაყვა. პოპოგრებსკი თანამედროვე ურბანული სივრცეებისგან შორს მყოფი სივრცითა და ამ სივრცეში დროის განსხვავებული აღქმით დაინტერესდა. ფილმს სულ ორი პერსონაჟი ყავს. ისინი ჩრდილოეთ-ყინულოვანი ოკეანის კუნძულზე განთავსებულ მეტეოროლოგიურ სადგურზე იმყოფებიან. ერთი გამოცდილი, მეორე კი ახალბედა მეტეოროლოგისტია. სადგური მაშინ უნდა გაუქმდეს, როცა სერგეის (სერგეი პუსკეპალის) და პაშას (გრიგორი დობრიგინ) კუნძულზე გემი მოადგება და ცივილიზებულ სამყაროში დააბრუნებს.

კადრი ფილმიდან „როგორ ჩავამთავრე ეს ზაფხული“
კადრი ფილმიდან „როგორ ჩავამთავრე ეს ზაფხული“

ჟურნალის „Screen“ ყოველდღიურ შეფასებებში ფილმს კინოკრიტიკოსებმა ყველაზე მეტი ვარსკვლავი დაუწერეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით პოპოგრებსკი კონკურსში თავის ყველა კოლეგას უსწრებს. კინოკრიტიკოსთა შეფასებები ხშირად არ ემთხვევა ჟიურისას, მაგრამ ზოგჯერ პირიქითაც ხდება. თუმცა, რვა ჟურნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბერლინალეზე აკრედიტებული მთელი პრესის განწყობას რათქმაუნდა არ გამოხატავს, რაც დარბაზის რეაქციის მიხედვითაც გამოჩნდა – ფილმის დაწყებიდან ცოტა ხანში პრესამ კინოთეატრიდან გადინება დაიწყო.

რადგანაც სიტყვა “მოსაწყენი” აზრის არაპროფესიონალურ გამოხატვად ითვლება, რუსული ფილმის ასეთ დახასიათებას კინოკრიტიკოსებმა შეიძლება თავი ავარიდოთ. მაგრამ თუკი ბევრი ფილმის ნახვისგან და სეანსებს შორის შუალედებში წერისგან ცოტათი გეძინებათ, „როგორ ჩავამთავრე ეს ზაფხული“, სწორედ ისეთი სურათია გემრიელ ძილს რომ მოგანდომებთ და საკუთარ თავთან ჭიდილში გაგაწვალებთ კიდეც.

კადრი ფილმიდან „როგორ ჩავამთავრე ეს ზაფხული“
კადრი ფილმიდან „როგორ ჩავამთავრე ეს ზაფხული“

„როგორ ჩავამთავრე ეს ზაფხული“ არ არის სათავგადასავლო ფილმი, რომელიც კუნძულზე განვითარებულ ეგზოტიკურ ან პიკანტურ ისტორიებს შემოგთავაზებდათ. ეს სერიოზული კინოა, ისეთი, ინტელექტუალ კინემატოგრაფისტებს რომ უყვართ რუსეთში. კინო, რომელიც სამყაროს დეჰუმანიზაციაზე და კაცობრიობის ბედზე დაგაფიქრებს, მოკლედ რომ ვთქვათ მორალური განსჯისა და სულიერი შემეცნების საზრდოს მოგცემს.

ასეთი შეფასებები ძალიან ზოგადად რომ არ მოგეჩვენოთ, ცოტა სინოფსისაც მოგიყვებით – ახალგაზრდა პაშას უფროსი კოლეგა ტურისტად აღიქვამს დაწესებულებაში, სადაც მისგან განსხვავებით თანამშრომლები საქმეს ყოველთვის გულმოდგინედ უდგებოდნენ. ამიტომ ზოგჯერ გამალებით ულაწუნებს სახეში. ხანაც სკოლის მკაცრი მასწავლებელივით მოლღვება და დაუამებს. მოგვიანებით პაშას რადიომიმღებით შეატყობინებენ, რომ სერგეის ოჯახი გარდაეცვალა, ამიტომ მეტეოროლოგების წასაყვანად გემი კუნძულს შეძლებისდაგვარად მალე მოადგება. „ტურისტს“ კოლეგისთვის შეტყობინების გადაცემა გაუჭირდება. სწორედ აქ იწყება მწვავე კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება პერსონაჟებს შორის, რომელიც ცოტა არ იყოს გაურკვეველია რითია გამოწვეული. ფილმის ბოლომდე ნახვის სურვილი კიდევ უფრო რომ არ დაგიკარგოთ, ფინალს არ მოგიყვებით. თუმცაღა იგი სავსეა მწუხარებითა და მარტო დარჩენილი ადამიანის ტრაგიზმით. რაც მთავარია, ფინალში ორ დაპირისპირებულ ადამიანს შორის სულიერი ერთიანობა მყარდება, რაც კაცობრიობის გადარჩენის საწინდარი უნდა იყოს.

ფილმის ჩუმი პათეთიკა პერსონაჟების ქცევის მორალურ ჭრილში განხილვისკენ გვიბიძგებს. ცოტათი კრილოვის იგავებსაც გავს, მაგალითად, „როგორ ჩავამთავრე ეს ზაფხული“ იგავივით რომ მოვყვეთ, დაახლოებით ასე შეიძლება დაწყება: რა შედეგები შეიძლება მოყვეს ადამიანისთვის სიმართლის გამხელის გაუდებაობას.

მართალია, ეს ყველაფერი სპეკულაციაა (რომელსაც ისევ და ისევ ფილმი იწვევს), მაგრამ როდესაც ფილმზე ლაპარაკისას ადამიანებს სხვა არაფერი დარჩენიათ გარდა მსგავსი სპეკულირებისა, დიდი ალბათობაა, რომ სურათს მართლაც ჰქონდეს სუსტი მხარეები.

„როგორ ჩავამთავრე ეს ზაფხული“ სწორედ ასეთი სურათია – სუსტი მხარეებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი