კინოხელოვნება

ბერლინი. დღე 3

14 თებერვალი, 2010 •
ბერლინი. დღე 3

უკვე მეხუთე წელია, რაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალმა საუკეთესო პირველი მხატვრული ფილმისთვის სპეციალური პრიზი დააწესა, რომელსაც სპეციალური ჟიური შეარჩევს. საკონკურსო პროგრამაში წელს სამი ასეთი ფილმია: ნატალია სმირნოვის „თავსატეხი“ (არგენტინა/საფრანგეთი), ბურჰან ქურბანის „შაჰადა“ (გერმანია) და ფლორინ სერბანის „თუკი მინდა, ვუსტვენ“

(რუმინეთი/შვედეთი). ჟიურის შემადგენლობაში არიან ამერკელი მსახიობი, ბენ ფოსტერი, მალაიზიელი პროდიუსერი ლორნა თი და გერმანელი რეჟისორი მიჰაელ ვერჰუვენი, რომლის ანტისაომარმა ფილმმა „O.K.“ (1970) ბერლინალეს ისტორიაში ყველაზე ცხარე სკანდალი გამოიწვია: ჟიურის თავჯდომარემ, ამერიკელმა რეჟისორმა ჯორჯ სტივენსმა ფილმის კონკურსიდან ამოღება მოითხოვა, რის გამოც ყველაზე დიდი კონფრონტაცია ჟიურის სხვა წევრთან, იუგოსლავიელ დუშან მაკავეიევთან მოუხდა. საბოლოოდ საკონკურსო პროგრამა ჩაიშალა. ასეთია ისტორია რეჟისორისა, რომელმაც წელს საუკეთესო დებიუტი უნდა გამოავლინოს მხატვრულ კინოში.
 
ფილმების გადაღების დაწყებამდე რუმინელი რეჟისორი ფლორინ სერბანი ამერიკაში ჯერ ჰერმენევტიკას, კულტურის თეორიასა და ფილოსოფიას სწავლობდა, შემდეგ კი კინორეჟისურას. სადებიუტო ფილმით დიდი კინოფესტივალის კონკურსში მოხვედრა სახუმარო საქმე არაა. სერბანი უკანასკნელ წლებში კინემატოგრაფში სხვა რუმინელი რეჟისორების მიერ გაკვალულ გზაზე დგას, რაც კრიტიკოსებსა და კინომოყვარულებს შორის ფილმის ნახვამდე გარკვეული წინასწარგანწყობის არსებობის მიზეზიც შეიძლება იყოს.
 
რუმინულ კინოში დღეს ხშირად ხდება კომუნისტური წარსულის გააზრება. შორს რომ არ წავიდეთ, შეიძლება კანის ფესტივალის შარშანდელი მონაწილე – „ზღაპრები ოქროს ხანიდან“ გავიხსენოთ, რომელიც ხუთ მოკლე ფილმს აერთიანებს. კოლეგებისგან განსხვავებით ფლორინ სერბანი პირველივე ფილმში არა ადრინდელი, არამედ თანამედროვე რუმინეთით დაინტერესდა. მისი გმირი, სილვიუ ახალგაზრდა პატიმარია, თუმცა პატიმრობაში ყოფნის დრო რამდენიმე დღეში ეწურება. ციხის დატოვების მოლოდინში მას ახალ-ახალი პრობლემები ექმნება და ბოლოს თავს გამოუვალ მდგომარეობაში იგდებს.

ფილმები, სადაც მოქმედება საპატიმროში ხდება, როგორც წესი, ციხის ადმინისტრაციული სისტემის კრიტიკას, პატიმრებსა და ზედამხედველებს შორის დაპირისპირებას და სხვადასხვა კონფლიტურ სიტუაციების აღწერას მოიცავს. რუმინული ფილმის შემთხვევაშიც მაყურებელმა რამდენიმე წუთში უკვე იცის, რომ სილვიუს ციხიდან გამოსვლამდე ისეთი ამბები უნდა გადახდეს თავს, რაც მის პატიმრობაში ყოფნას მინიმუმ გაახანგძლივებს, მაქსიმუმ – შეუძლებელს გახდის. რეჟისორი ამ ეჭვს მოქმედების თანდათანობითი დაძაბვით ამყარებს და იმდენად სქემატურად ავითარებს სიუჟეტს, რომ შინაარსობრივი კუთხით ფილმში აღმოსაჩენი ბევრი არაფერი რჩება.

მოზარდის მძიმე ცხოვრება, როგორც ბავშვობაში მშობლების არასაკმარისი ყურადღებისა და უპასუხისმგებლობის შედეგი ფილმის მთავარი მორალური ხაზია, რომლის იქითაც ახალგაზრდა რეჟისორის სწორხაზოვნება ჩანს. სოციალურ საკითხებზე აქცენტირებულ ნამუშევარს თემის პრობლემატური და დრამატურგიული გაშლა აკლია. ეს რომ არა, კარგ სასტარტო პოზიციაზე მყოფი ავტორის ნამუშევარს დარბაზში უფრო მეტ ტაშს დაუკრავდნენ. რუმინელი რეჟისორის ნამუშევარს რეალისტური და მარტივი ვიზუალური ნარაცია ეხმარება, თუმცა თემასთან კომპლექსურ მიდგომასა და პრობლემის განზოგადებაში მაინც ვერ შველის მას.

ოჯახური ურთიერთობები განიხილება დანიელი რეჟისორის, თომას ვინტერბერგის ფილმშიც „სუბმარინო“. ვიტერბერგის ჩვენში ყველაზე ცნობილი ფილმი „ზეიმია“ (1998), დოგმის ადრეულ პერიოდში გადაღებული სურათი, რომელიც ასევე მშობლებისა და შვილების მტკივნეულ და არშემდგარ კომუნიკაციებზე მოგვითხრობს. „სუბმარინოს“ 12 წლის წინ გადაღებული „ზეიმისგან“ ბევრი რამ აშორებს, პირველ რიგში ნამუშევრის გამოსახულება და სხვა ფილმებიდან აღებული ციტატების სიმცირე. თუმცა, ვინტერბერგი „სუბმარინოშიც“ ისეთივე მოურიდებელი და გამბედავია, როგორც ადრეულ ნამუშევარში. მას არც ამჯერად ერიდება რბილად რომ ვთქვათ არადელიკატურად მოგვიყვეს უფროსების შესახებ, რომლებიც შვილებს ცხოვრებას უნგრევენ, ამავდროულად ზრუნავენ მათზე და შვილების შესახებ, რომლებიც მშობლების აგრესიას და უყურადღებობას ამავე თვისებებით პასუხობენ.
 
„სუბმარინოში“ თხრობა უფრო მშვიდია, რეჟისორს არსად ეჩქარება და არც მუდმივ დაძაბულობაში ყავს მაყურებელი, როგორც ეს „ზეიმიდან“ შეიძლება გახსოვდეთ. თუმცა, შეუძლებელია დრამატულმა მოვლენებმა მაყურებელი გულგრილი დატოვოს. ფილმის რეჟისურა ძალიან ფრონტალურია, მაგრამ არასწორხაზოვანი. ვინტერბერგი როგორც ყოველთვის მკვეთრი და მწვავეა. ის კრიტიკულად უყურებს საზოგადოებას, მისი დიდი წინამორბედივით, კარლ თეოდორ დრეიერივით მკაცრია და ამავდროულად ადამიანების მიმართ სიყვარულით სავსე. მისი სიყვარული სწორედ სიმკაცრესა და დისტანცირებაში გამოიხატება, რომლითაც ვინტერბერგი თავის პერსონაჟებს და მათ გარშემო/შორის ვიზუალურ არეალს შემოსაზღვრავს.
 
სანამ ფილმზე მუშაობას შეუდგებოდა რეჟისორს თავად ჰქონდა ფილმის პერსონაჟების მსგავსი გამოცდილება – ცოლს გაეყარა და შვილებს თვითონ უვლიდა. როგორც თომას ვინტერბერგი ამბობს, ამან საშალება მისცა უკეთ ეგრძნო ისტორია და სოციალურ ფსკერზე მყოფი ადამიანების განწყობა, ასევე მათი გარემო, რომელიც დანიელმა მწერალმა იონას ბენგტსონმა ამავე საწელხოდების რომანში აღწერა.
 
ფილმი ემოციური დაძაბულობით იწყება, შემდეგ მოქმედება ცოტათი დუნე ხდება, ფინალისკენ კი მაყურებელი თავით ფეხებამდე მოცულია ორი ძმის და ერთ-ერთის შვილის თავგადასავლებით, რომელსაც მაყურებელი ტრაგიზმის განცდამდე მიყავს და ნამდვილ კათარზისს აგრძნობინებს. კლასიკური დრამატურგიული წყობით „სუბმარინო“ ბერგმანის ფილმებსაც შეიძლება შევადაროთ. მითუმეტეს, როცა საქმეში რელიგია და ფსიქოანალიზიც აქტიურად ჩართულია.
 
ფილმის ცენტრალურ ეპიზოდებში ვინტერბერგი ემოციურ ინტენსივობას მინიმალური ხერხებით აღწევს. მისი ოსტატობა სწორედ ყველაზე დრამატულ ეპიზოდებში ვლინდება საუკეთესოდ. ზომიერი და ფრთხილი რეჟისორი აკადემიურობას არ ერიდება. ფინალში პათეტიურიც კია. ძმის დაკრძალვაზე ეკლესიაში მისული ნიკი (იაკობ სედერგრენი), რომელიც საზოგადოებისგან იზოლირებული და საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანია, მოულოდნელად ტირილს იწყებს. ეკლესიის სტერილურ სითეთრეში მოქცეული პერსონაჟის მდგომარეობა მაყურებელს ყველანაირ საფუძველს აძლევს იფიქროს, რომ ტირილის უნართან ერთად ნიკთან ცხოვრების ხელახლა დაწყების სურვილი მოდის.
 
ზომიერება და ატმოსფეროს ფაქიზი შეგრძნება, მსახიობების ზუსტი თამაში, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანების განცდების გადაუჭარბებლად და ძალიან რეალისტურად ჩვენება მაყურებელს მთელი ფილმის განმავლობაში აქტიურად ტოვებს.

მაყურებლებისა და კრიტიკოსების ზეპირი შეფასებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ „სუბმარინო“ ჯერ-ჯერობით ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა, არც ერთი საკონკურსო ფილმისთვის (მარტინ სკორსეზეს „დაწყევლილი კუნძულის“  კონკურსგარეშე ჩვენების ჩათვლით) არ მოუწყვიათ ისეთი ოვაცია, როგორც წარმოშობით თურქი რეჟისორის, ფერზან ოცპეტეკის ნამუშევრისთვის „ხელიდან წასულები“ (Mine Vaganti). ჯერ ერთხელ შემოსცხეს ტაში, სანამ გამოსახულება ჯერ კიდევ გადიოდა ტიტრების ფონზე, მეორედ უკვე მაშინ, როცა ტიტრებმა შავ ფონზე დაიწყეს მოძრაობა და ბოლოს, მესამედ, ეკრანზე ფარდის ჩამოწევისას. ხალხი დარბაზიდან არ გადიოდა, მიუხედავად იმისა, რომ სეანსი საღამოს ათ საათზე დაგვიანებით დაიწყო და 110 წუთი გრძელდებოდა.

კადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან

ის, რაც ცოო პალასის გადაჭედილ დარბაზში მოხდა, ნებისმიერ საკონკურსო პროგრამაში ჩართული ფილმის ავტორებს შეშურდებოდა. ასეთ დროს ისმის კითხვა, რატომ არ სვამენ ფესტივალის ხელმძღვანელები მთავარ პროგრამაში ისეთ ფილმს როგორიც „ხელიდან  წასულებია“? „ისეთ ფილმში“ კი ვგულისხმობ კინოს, რომელიც არ არის პოლიტიკური, მაგრამ მწვავე სოციალურ საკითხებს ეხება და თანაც ისე, რომ მაყურებელს არ ამძიმებს. მაგრამ როგორც ჩანს, ფილმმა რეალისტურობით მაინცდამაინც თავის ტკივილი უნდა გაგიჩინოს, იმისთვის, რომ ფესტივალის უფრო პრესტიჟულ ეშელონებში გადაინაცვლოს.

შეიძლება ოცპეტეკის ე.წ. არარეალისტურობა და ილუზრული სამყარო არ მოეწონათ, რადგან „ხელიდან წასულები“ სწორედ ისეთი ფილმია, რომელსაც ახალ რეალობაში შეყავს მაყურებელი, იმ განზოგადებულ რეალობაში, რომელსაც მხატვრული კინო ქმნის და რომელიც ვიზუალურად და შეგრძნებებით მართლაც არ იმეორებს იმას, რაც ჩვენს გარშემო ხდება, უფრო სწორად იმეორებს, ოღონდ ხელოვნების ხერხებით.

კადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან

 

ჩვენებას იტალიის და თურქეთის დიპლომატიური სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. იტალიის საელჩო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ხშირად ეხმარება ფილმების ჩამოტანაში ან ზოგჯერ, როგორც შარშან, თავადვეა კინოპროგრამების ორგანიზატორი. თუკი მსგავსი კვირეულები საქართველოში წელსაც მოეწყობა, „ხელიდან წასულები“ სწორედ ისეთი ფილმია, რომელიც საქართველოში თავის აუდიტორიას აუცილებლად იპოვის, რომელიც ძალიან სჭირდებათ ჩვენს ქვეყანაში იმ ადამიანებს ასე ძალიან რომ გვანან მთავარი პერსონაჟის ოჯახის პრობლემატურ უფროსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი