კინოხელოვნება

დაბადების დღეს გილოცავ(თ), ბერლინალე!

12 თებერვალი, 2010 • 2653
დაბადების დღეს გილოცავ(თ), ბერლინალე!

ასე ქვია წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციას, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად ფესტივალის იუბილესთვის მოწყობილი ღონისძიებები და ჩვენებები გაიმართება. ფესტივალის ისტორიის განმავლობაში პირველად წითელი ხალიჩა ქალაქის გარეუბნების კინოთეატრებში იმოგზაურებს, სადაც სხვადასხვა სექციიდან საღამოობით ორ-ორ ფილმს აჩვენებენ.

„ფარდა“ ასე ქვია ინსტალაციას, რომელიც 12-დან 15 თებერვლამდე ბრანდენბურგის კარიბჭესთან გაიმართება. წარმოშობით კორეელი ამერიკელი არტისტი კრისტინა კიმის 300 კვადრატულ მეტრიანი ფარდა რომელიც არტისტმა გამოყენებული კინომასალისგან გააკეთა, კარიბჭესთან დაიკიდება. ინსტალაციის გახსნის შემდეგ ასევე ბრანდერბურგთან დამონტაჟებულ ეკრანზე მაყურებელი ფრიც ლანგის „მეტროპოლისის“ ახალი აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერას ნახავს.
2003 წლიდან მოყოლებული ბერლინალე პალასტში ცნობილი ვარსკვლავების დიდ ფორმატზე დაბეჭდილი ფოტოები იფინება. წელს, საიუბილეოდ, ეს ფოტოები მთელ ქალაქშია მიმოფანტული. გამოფენის სახელწოდებაა „ვარსკვლავების პარადი“.

ასეთი ტიპის გამოფენა ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური კინოფესტივალის არსებობას კიდევ უფრო ხილულს ხდის. ბერლინალე ცნობილია როგორც ფესტივალი, რომელსაც ქალაქის მაცხოვრებლები აქტიურად სტუმრობენ. საერთოდ, მაყურებლის დასწრების თვალსაზრისით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია.  
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ფესტივალმა გერმანულ კინემათეკასთან თანამშრომლობით გამოსცა წიგნი „ბერლინელე“, რომელიც 400 შავ-თეთრ ფოტოს მოიცავს. დაახლოებით ამავე სახელწოდებისაა პიტერ კოუვის წიგნიც – „ბერლინალე. ფესტივალი“. ამავე ფარგლებში გამოვიდა ახალი 22 დვდ დისკიანი კრებული: Suddeutsche Zeitung Cinemathek Berlinale-Edition.

ისტორიის დასაწყისში, 1951 წელს ბერლინალე გაიხსნა ალფრედ ჰიჩკოკის ოსკაროსანი ფილმით „რებეკა“, რომელიც რეჟისორმა 1940 წელს გადაიღო, მაგრამ ამით ბერლინელებს მთავარი როლის შემსრულებლის, ჯოან ფონტეინის მასპინძლობის შესაძლებლობა მიეცათ.

მესამოცე წელს ფესტივალი ჩინელი რეჟისორის უანგ ქუანანის ფილმის „ცალ-ცალკე ერთად“ საპრემიერო ჩვენებით დაიწყო. მისი ნამუშევარი „ტუიას ქორწინება“ 4 წლის წინ ბელინელეზე ოქროს დათვით დაჯილდოვდა. „ტუიას ქორწინება“ იმ გამონაკლის ფილმებს მიეკუთვნება, რომლის ნახვის საშუალება მაყურებელს ორი საღამოს განმავლობაში თბილისშიც ქონდა. ტაივანის რესპუბლიკის დაარსებიდან 50 წლის შემდეგ ეროვნული სახალხო პარტიის ყოფილ მებრძოლებს პირველად რთავენ სამშობლოში, ჩინეთში ჩასვლის ნებას. ლუი ერთ-ერთია, რომელიც ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს კომუნისტების წინააღმდეგ იბრძოდა, 1949 წელს კი იძულებული გახდა საყვარელი ქალი მიეტოვებინა და  ტაივანში წასულიყო. ასე რომ, პოლიტიკური ფილმების მოყვარული ბერლინალეს გახსნის ფილმი არა უბრალოდ სასიყვარულო ამბების, არამედ ომის გამო შეწყვეტილი სასიყვარულო ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.

უანგ ქუანანის მთავარი პერსონაჟი ამჯერადაც ქალია, თუმცა, მისი პრეზენტაცია მთელი ფილმის განმავლობაში ძალიან დისტანციურად ხდება. მას ცოტა დიალოგი აქვს და ეკრანზე სხვა მთავარ პერსონაჟებზე ხშირად არ ჩანს. არც კულინარიულ დეტალებსა და კერძებზე მეტად, რომელსაც მოქმედების მონაწილეები განუწყვეტლად ამზადებენ და მიირთმევენ. სწორედ ამ სამზადისისა და ჭამის პროცესში იგებენ ერთმანეთის ფიქრების შესახებ უფრო მეტს, ვიდრე აქამდე იცოდნენ. თითქმის ყველა მთავარი სცენა მაგიდასთან ან სამზარეულოში ვითარდება. ფილმის დასასრულიც მაგიდის გარშემო ხდება და კუჭის თემატიკას უტრიალებს. ფინალი ცოტა მარქსისტულიც კია – სანამ ჭამ, ცოცხლობ. უფრო სწორად – თუ ჭამ, ესე იგი ცოცხლობ.
ფილმში არის იუმორიც, არის აზიური კინოსთვის დამახასიათებელი ვიზუალური და ცნობიერი გარინდების მომენტებიც, არის დახვეწილი გამოსახულება, არიან კარგად შერჩეული მსახიობები, რომლებიც ასევე კარგად თამაშობენ, არის სევდა, რომელიც ცოტათი შეგეხება, მაგრამ ძალიან არ გატკენს… ბევრი რამ არის ამ ფილმში, მაგრამ ისეთი არაფერი, რამაც მისი ხელახლა ნახვის სურვილი შეიძლება გაგიჩინოს.

ის თუ როგორ შეაფასებენ უანგ ქუანანის ნამუშევარს ჟიურის წევრები კლასიკური ფილმების ავტორის, ვერნერ ჰერცოგის ხელმძღვანელობით, 21 თებერვალს, ფესტივალის დახურვის საღამოზე გაირკვევა. მანამდე კი მათ კიდევ 19 ფილმი აქვთ შესაფასებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი