ლიტერატურის მუზეუმში გამოფენაზე ასევე გამოტანილია მუზეუმის ინიციატივით შემუშავებული აკაკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი 16 პლაკატი, რომლებზეც წარმოდგენილი ფოტო და წერილობითი მასალა მწერლის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის საინტერესო დეტალებს ასახავს.
ქართველი მწერლის შესახებ ტირაჟირებული გამოფენა პლაკატებზე პირველად მომზადდა. როგორც მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე აცხადებს, გამოფენა მუზეუმის გარდა საქართველოს სკოლებსა და სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებში, ასევე უცხოურ სათვისტომოებსა და საელჩოებშიც გამოიფინება.
”პლაკატები სწორედ იმიტომ გავაკეთეთ, რომ გამოფენა ტრანსპორტირებადი იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ორიგინალები გავაგზავნოთ, ფოტოები იქნება ეს, დოკუმენტები თუ წიგნები, ძალიან რთულია. გავაკეთეთ ისეთი გამოფენა, რომელიც არის პლაკატებზე, და მათი წაღება ყველას შეუძლია. ეს 16 პლაკატი, რომელიც შეძლებისდაგვარად მოიცავს აკაკის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, შესაძლებელია გამოიფინოს ყველგან. სურვილი გვაქვს ასევე, რომ სათვისტომოებშიც გამოვფინოთ,”- ამბობს ლაშა ბაქრაძე.
როგორც მუზეუმის საგამოფენო სივრცის კურატორი, მანანა ვარადაშვილი ამბობს, რამდენიმე სკოლამ უკვე გამოთქვა პლაკატების საკუთარ სივრცეში გამოფენის სურვილი. შესაძლებელია პლაკატების როგორც თხოვება, ისე ყიდვა.
”სულ დაიბეჭდა 100 ეგზემპლარი. მსურველებს მათი შეძენაც შეეძლებათ. გამოვიყენეთ ლიტერატურის მუზეუმისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული მასალა მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მუშაობა საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, მაგრამ შედეგი ამად ღირდა,”- აცხადებს მანანა ვარადაშვილი.
საგამოფენო დარბაზი ექსპოზიციის გახსნის საღამოს დამთვალიერებლის ნაკლებობას არ უჩიოდა. გამოფენაზე შესაძლებელია აკაკის ლაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის ნახვა, მისი წერილები ოჯახის წევრებისა თუ თანამოაზრეებისადმი. გაეცნობით, როგორ ელოდნენ და აღნიშნავდნენ პოეტის სიცოცხლეში მის იუბილეებს და როგორ იკავებდნენ აკაკის გულშემატკივრები ადგილებს მისთვის მიძღვნილ საღამოებზე.
”ჩემი უპირველესი მიზანი იყო აკაკის სახე ცოცხლად შემენახა მომავალი თაობისთვის, მსურდა მოგზაურობა ისე გადამეღო, რომ ჩვენს მომავალ თაობას ნათელი წარმოდგენა ჰქონოდა იმ უღრმეს სიყვარულზე, რომელსაც ურთიერთისადმი ატარებდნენ ქართველი ხალხი და აკაკი წერეთელი”- წერს ქართველი რეჟისორი ვასილ ამაშუკელი, რომელმაც 1912 წელს გადაიღო ”აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”.
”დღეს, უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ სკოლებში ბავშვებს უბრალოდ ზეპირად ასწავლიან, რომ აკაკი დიდი მწერალი იყო. შემიძლია სრულიად თამამად ვთქვა, რომ დღევანდელ თაობას წარმოდგენაც კი არ აქვს, ვინ იყო აკაკი. გამოფენის იდეა არის გენიალური. მით უმეტეს, რომ პლაკატებს მოგზაურობა შეუძლიათ და სკოლებს თუ ნებისმიერ დაწესებულებას- თუ საკუთარი რესურსებით ვერ აგროვებენ მასალას- შეუძლიათ ითხოვონ და გააცნონ ახალგაზრდებს,” – ამბობს გამოფენის ერთ-ერთი დამთვალიერებელი რევაზ მჭედლიძე, რომელიც წარსულში მუზეუმების ინპექტორის პოზიციაზე მუშაობდა წლების განმავლობაში.
გამოფენაზე შესაძლებელია აკაკი ბაქრაძის ახალი წიგნის შეძენაც. მწერლის ბიოგრაფია სახელად ”აკაკი” პირველად გამოიცა.
2015 წელს აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილე და მისი გარდაცვალებიდან 100 წლისთავი აღინიშნება.