მშენებლობის წამოწყების რამდენიმე მცდელობის შემდეგ ლევან ჭოღოშვილმა გადაწყვიტა, კონკურსი “ახალი საცხოვრებელი, ძველი კონტექსტი” გამოეცხადებინა. დახურული არქიტექტურული კონკურსის მთავარი მიზანი თბილისის ისტორიულ ნაწილში ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის ისეთი გზით შერჩევას გულისხმობდა, რომ არ მომხდარიყო ქალაქის ისტორიულ ნაწილში უხეში არქიტექტურული ჩარევა და არ დარღვეულიყო ქუჩის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურბანულ ქსოვილთან კავშირი.
კონკურსი მხატვრისათვის ერთგვარი აქციაა. მას სურს მოუწოდოს ყველა მშენებელს, რომ პროექტების დამტკიცებამდე დაფიქრდნენ საკუთარ არჩევანზე და არ შელახონ ქალაქის იერსახე აგრესიული, ფსევდოისტორიული და არაადეკვატურად დიდი მოცულობების ნაგებობებით.
“მიმაჩნია, რომ საუკეთესო ვარიანტი სახლის რეკონსტრუქცია იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არსებობს იქ ადრე აშენებული სახლის შესახებ ინფრომაცია – არც ნახაზები, არც ფოტო. ტერიტორია დღეს ნასახლარია, სადაც 1990 წლამდე XIX საუკუნის მეორე ნახევარში ან XX საუკუნის დასაწყისში აშენებული სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი იდგა, რომელიც თბილისის ომის დროს დაიწვა,”- გვიყვება ლევან ჭოღოშვილი.
გამარჯვებული პროექტის ავტორი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან არსებულმა საბჭომ გამოავლინა. მონაწილეეობის სურვილი 6-მა არქიტექტორმა გამოთქვა. საუკეთესოდ კი დავით ავალიშვილის ნამუშევარი დასახელდა. მონაწილე პროექტების გამოფენა 11 ივნისს ლიტერატურის მუზეუმში მოეწყო.
“მაქსიმალურად შევეცადე, გამეთვალისწინებინა ის ფაქტორი, რომ ნაკვეთი ქალაქის ძველ ნაწილშია და იქ აშენებული შენობა ქუჩის მთლიან სტუქტურაში უნდა ჩამჯდარიყო. ამიტომ შევარჩიე “იტალიური ეზოს” ტიპის სახლი შიდა აივნებით. ფასადიც იმ აგურებითაა ნაშები, რომელთა პოვნაც დღეს იქ ნანგრევებში შეიძლება,“ – ამბობს დავით ავალიშვილი.
ლევან ჭოღოშვილს პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსი არ გააჩნია და ამჟამად კონკურსის გამარჯვებული არქიტექტორი და ზიჩის 10 ნომერი ინვესტორის მოლოდინში არიან.