”ჩვენ გვყავს მეგობრები საქართველოდან,” – ასე მიმართა მსმენელს ბრიტანელმა მუსიკოსმა და ქართველი მელომანები სცენაზე მოიხმო. მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა პოლ მაკარტნიმ ოლგა და მისი მეუღლე საკონცერტო დარბაზში შეკრებილ ადამიანებსაც გააცნო.
მაკარტნიმ ქართველ მსმენელებს საქართველოს დროშაზე მოუწერა ხელი. გარდა ამისა, ბრიტანელმა მუსიკოსმა დროებითი ავტოგრაფი ოლგას მკლავზეც დაუტოვა. სცენაზე ასულმა ქალმა განაცხადა, რომ მეუღლესთან ერთად მაკარტნის კონცერტს მოსკოვშიც დაესწრნენ. ოლგამ პოლ მაკარტნის უთხრა, რომ ისინი უფრო ბედნიერები იქნებოდნენ, თუ მის კონცერტს საქართველოშიც დაესწრებოდნენ.
პოლ მაკარტნის საზაფხულო ტურნე ლონდონში დაიწყო. გასულ კვირას მან კონცერტები გამართა ბირმინგემში და მშობლიურ ლივერპულში. შემდეგი გაჩერება იყო ამსტერდამი, სადაც ქართველ მელომანებსაც შეხვდა. მაკარტნის ტურნე 31 ივლისამდე გრძელდება. ბრიტანელი მომღერალი კონცერტებს გამართავს პარიზში, ფილადელფიაში (პენსილვანია), შარლოტსვილში (ვირჯინია), კოლუმბიაში (სამხრეთი კაროლინა), ოსლოში და სტოკჰოლმში.
პოლ მაკარტნი საზაფხულოდ მონაწილეობას მიიღებს სამ მუსიკალურ ფესტივალში: 19 ივნისს ის Firefly Music Festival-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დოვერში (დოლავერი, აშშ) ჩატარდება. ივლისში მომღერალი შეუერთდება Roskilde Festival-ს, რომელიც დანიაში 1971 წლიდან ტარდება და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუსიკალურ ფესტივალად მიიჩნევვა. ბოლო ფესტივალი, რომელშიც პოლი მიიღებს მონაწილეობას, არის Lollapalooza Festival, რომელიც ჩიკაგოში 31 ივლისს გაიმართება.
საქართველოში ბითლზის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი დიდი ხანია ითხოვს პოლ მაკარტნის თბილისში ჩამოსვლას. წერილში, რომლითაც მათ 2012 წლის ივლისში მიმართეს მაშინდელ კულტურის მინისტრს, ნიკა რურუას. წერილში ნათქვამია: “როგორც ცნობილია, 2008 წელს თითქმის გადაწყვეტილი იყო სერ პოლ მაკარტნის ვიზიტი თბილისში, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ეს მოვლენა (იმედი გვაქვს, დროებით) გადაიდო”.