თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ განაცხადა, რომ განხილვის შემდეგ საკონკურსო კომისიამ ღია კონკურსის ფორმით, ანონიმურობის პრინციპის დაცვით, გამოავლინა გამარჯვებული ესკიზური პროექტი, რომელიც არქიტექტურულ კომპანია „დემარკს“ ეკუთვნის, ხოლო არქიტექტორი ვლადიმერ აბრამიშვილია.
გამარჯვებულ პროექტს ინვესტორი კომპანია 20 000 აშშ დოლარით დააჯილდოვებს, აცხადებს თბილისის მერია.
არქიტექტურის სამსახურის უფროსის თქმით, პროექტი გარკვეული კორექტირების შემდეგ საბოლოო სახეს მიიღებს და მირზა შაფის ქუჩის ტერიტორიაზე განხორციელდება.
ნინო ღოღობერიძის თქმით, პროექტის უპირატესობა ისაა, რომ სივრცეები სწორად არის გადანაწილებული.
„არქიტექტურული გადაწყვეტა არის სწორი, პროექტმა შეიძლება უზრუნველყოს ის, რაც მერიის შეხედულებითაც აუცილებელია, რომ ეს არ უნდა იყოს დომინანტი ობიექტი იმ ტერიტორიისთვის, ეს უნდა იყოს რელიეფთან აბსოლუტურად შერწყმული ფონური შენობა,“- განაცხადა ნინო ღოღობერიძემ.

ღოღობერიძის თქმით გამომდინარე იქიდან, რომ გამარჯვებულ პროექტს სწორი კონცეფცია აქვს, ამ მითითებების გათვალისწინებით პროექტი გადამუშავდება და გაივლის ყველა იმ პროცედურას, რომელიც განაშენიანების რეგულირების გეგმას სჭირდება შეთანხმებისთვის.
მერიის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კონკურსზე წარმოდგენილი ესკიზები თბილისის საკრებულოს ფოიეში მიმდინარე წლის 8 მაისს გამოიფინა. დამსწრე საზოგადოებას იქვე შეეძლო საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. ხმათა უმრავლესობა გამარჯვებულმა პროექტმა დააგროვა.
მერიის განცხადებით, კონკურსის მიზანი იყო თბილისში, მირზა შაფის ქუჩის, კერძოდ, შპს „აპოლო გ.ს.“-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განვითარების ქალაქგეგმარებითი, სივრცითი და მოცულობითი საუკეთესო გადაწყვეტის გამოვლენა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ნებისმიერ არქიტექტორს, ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს. საკონკურსო პირობები მხოლოდ 9 მონაწილემ დააკმაყოფილა.
შემოსული განაცხადებიდან საკონკურსო კომისიამ 3 საუკეთესო ესკიზური პროექტი გამოავლინა, საიდანაც ერთმა ნამუშევარმა გაიმარჯვა.
კომისიის შემადგენლობაში თბილისის მერიის წარმომადგენლების გარდა იყვნენ საჯარო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და შპს „აპოლო გ.ს.“-ს მიერ გამოცხადებული ერთობლივი საჯარო კონკურსის გამარჯვებული გამოვლენილია.









