დადგენილება, რომელიც 2015 წლის 30 მარტს შევიდა ძალაში, თბილისის მერიას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების, მემკვიდრეობის დამცავ ზონებში დოკუმენტაციისა და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის, შესრულებული სამუშაოს ანგარიშების წარმოებისა და სანებართვო კონტროლის უფლებას აძლევს.
აღნიშნული უფლებამოსილებები თბილისის მერიას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან გადაეცა. თავად კულტურის სამინისტროს აღნიშნული უფლება 2013 წლის 24 ოქტომბერს იმ მოტივით მიეცა, რომ თბილისის მერია ვერ ახერხებდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლას.
დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საკულტო-რელიგიური და საფორთიფიკაციო ნაგებობები გამონაკლისს წარმოადგენდა და მათზე ნებართვებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გასცემს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდული სამსახურის უფროსი თეა ონიანი ამბობს, მერიისთვის უფლებების დელეგირება გამოწვეულია იმით, რომ ადგილიბრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცეთ უფრო მეტი უფლებება-მოავლეობები და თბილისის მერია უფრო გამარტივებულად მუშაობს:
“თბილისის მერიას აქვს ნებართვის გაცემის უფრო “გამარტივებული” უფლება იმ კუთხით, რომ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაა და ელექტრონულად ხდება იქ ნებართვების გაცემა და უფრო გამარტივებული, მოსახერხებელი სისტემაა მოქალაქეებისთვის. ასევე უმთავრესი პრინციპია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცეს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საკითხების დელეგირება. ამ მოსაზრებების გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება.”
კითხვას, თუ რატომ გაიმიჯნა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე რელიგიური ნაგებობები და საცხოვრებელი ბინები ერთმანეთისგან, ონიანი პასუხობს, რომ ამას სპეციალური სპეციფიკა განაპირობებს.
“როგორც წესი, [საფორთიფიკაციო და საკულტო ნაგებობების შემთხვევაში] ასეთი სამუშაოები იხილება საჭოს სხვა სექციის მიერ. ამას იხილავენ კონკრეტულად არქიტექტორ-რესტავრატორები, ანუ ვიწრო სპეციალობის პირები, მოითხოვს განსხვავებულ საპროექტო დოკუმენტაციას. ეს ნაკლებად უკავშირდება ურბანული განვითარების საკითხებს, რაც ცალსახად მერიის კომპეტენციაა. მერია მაინც მოწოდებლია, რომ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, განახორციელოს კონკრეტული ქმედებები კულტურული მემკვიდრეობის, ძირითადად საცხოვრებელი ნაგებობების რეაბილიტაციისთვის,. რაც შეეხება საფორიტიფიკაციო და საკულტო ნაგებობებს, კონკრეტულად ძეგლთა დაცვითი პრინციპით უნდა განხორციელდეს ჩარევები”, – ამბობს ონიანი.
დადგენილების მიხედვით, მერიისთვის გადაცემული უფლებების განხორციელების ზედამხედველობას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გასწევს. ონიანის განმარტებით, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შეიქმნება საბჭო მერიისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებისგან.
“საბჭო დარგის სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული და დარგის ექსპერტები, ბუნებრივია, დარგის ინტერესებს გაატარებენ და არა რაღაც სხვა ინტერეესს, რისი შიშიც არსებობს ძეგლებთან მიმართებაში”, ამბობს თეა ონიანი.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მისი შესრულების მონიტორნიგის უფლებები მხოლოდ თბილისის მერიასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვთ. ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებს არ აქვთ. თეა ონიანი ამას იმით ხსნის, რომ სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არ არის იმდენი რესურსი, რამდენიც თბილისსა და აჭარაში.