ხელოვნება

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისთვის მზადება დაიწყო

31 მარტი, 2015 •
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისთვის მზადება დაიწყო

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტები 4 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ NEW YORK BRASS BAND-ის კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.

 

ფესტივალის ფარგლებში, კლუბ „Take Five’’-ში კონცერტებს გამართავს ასევე „House Band“ – ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად, კონცერტებს ნიუ იორკში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი, გიორგი მიქაძე გაუძღვება.

 

პრესკონფერენციაზე ასევე გამოცხადდა კონკურსი ყოველწლიური შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის არტ-პოსტერის შესაქმნელად, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ფესტივალის წარმომდგენი თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება – TBC STATUS-ი აცხადებს.

 

კონკურსის მიზანია გამოავლინოს ორიგინალური ნამუშევარი, რომელიც 2015 წლის ზაფხულის ფესტივალის მთავარი ატრიბუტი იქნება. თემატიკა არის ჯაზი, ზოგადად, მუსიკა და ზღვა. ნამუშევრები მიიღება ელექტრონული ფორმით მისამართზე jazzposter@caucasus.net, 2015 წლის 1 მაისის ჩათვლით.

 

გაგზავნილი ნამუშევრები აიტვირთება საიტზე http://tbilisijazz.com/. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის“ არტ-პოსტერის შესაქმნელად  გამოცხადებულ კონკურსში ორი გამარჯვებული გამოვლინდება. ორგანიზატორების რჩეული დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 2000 ლარის ოდენობით და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ყველა კონცერტზე დასასწრები 2 VIP ბილეთით. 

 

კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდება სოციალური ქსელის მომხმარებლის სიმპათია, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს. გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 1000 ლარის ოდენობით და  შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ყველა კონცერტზე დასასწრები 2  ბილეთით.

 

ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომპანია „ისთერნ პრომოუშენს“  (Eastern Promotions)

 

ბილეთების გაყიდვა დაიწყება აპრილის თვიდან ონლაინ, ვებ–გვერდზე BILETEBI.GE; ბილეთების TBC Platinum, TBC PrimeCard და TBC  Status  ბარათებით შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური ფასი.

 

ფესტივალის მონაწილეა ლივ უორფილდი  და The NPG Hornz/34 წლის ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ძლიერი ხმითა და დაუვიწყარი პერფორმანსებით.  ლივ უორფილდის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს შემსრულებლებმა: ნინა სიმონემ, ეტა ჯეიმსმა, თინა ტერნერმა, შადემ, მერი ჯეი ბლაიჯმა.

 

მისი პირველი ალბომი იყო Embrace Me, რომელიც 2006 წელს გამოვიდა. მოგვიანებით ის გახდა პრინცის ჯგუფის New Power Generation წევრი  და მონაწილეობა აქვს მიღებული მის ელექტრონულ ლაივ შოუში “NPG Hornz’’. ვორფილდის მეორე ალბომის პროდიუსერი 2014 წელს სწორედ პრინცი იყო.  

 

George Clinton Parliament Funkadelic/ ჯორჯ კლინტონი ცნობილი ამერიკელი ფანკ მუსიკოსია. მისი კარიერა დაწყო ბენდ The Parliaments-თან ერთად. მათი ყველაზე ცნობილი ჰიტი „I Wanna Testify“ 1967 წელს შეიქმნა. კლინტონი ასევე იყო ჯგუფების, P-Funk-ისა და Funkadelic-ის ლიდერი.

 

80-იანი წლებიდან ჯორჯ კლინტონმა სოლოკარიერა  დაიწყო. დღეს ის თანამედროვე ურბანული მუსიკის „მამად“ მოიაზრება. გარდა ამისა, ჯეიმს ბრაუნთან და სლაი სთოუნთან ერთად, მას მიიჩნევენ ფანკ მუსიკის ერთ-ერთ დამაარსებლად. „Ain’t nothin’ but a party” მისი საყვარელი ფრაზაა და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზეც დაუვიწყარ კონცერტს გვპირდება.

 

ლიზა სტენსფილდი 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში იყო ყველაზე პოპულარული პოპვარსკვლავი. სასიამოვნო ვოკალისა და საცეკვაო რიტმის მქონე სიმღერებით მან მსმენელის აღტაცება დაიმსახურა.

 

ლიზა სტენსფილდს 15 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული თავისი კარიერის განმავლობაში. მიუხედავად ამგვარი პოპულარობისა, არასდროს აჰყოლია ტრენდებს მუსიკაში და ქმნიდა მხოლოდ იმ სტილს, რომელიც თავად მოსწონდა.

 

SNOOP DOGG-ს აქვს 30 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი, მიღებული აქვს მრავალი გრემი და მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილი. 1993 წლიდან დღემდე მომღერალს  სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლბეთან ერთად 12 ალბომი აქვს გამოშვებული. SNOOP DOGG-ის კარიერაში, მის ყველაზე წარმატებულ ალბომად  „დოგი-სთაილი“ ითვლება, რომლის 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი გამოსვლისთანავე გაიყიდა.

 

გარდა მუსიკისა, დღეისათვის ამერიკელი მომღერალი სხვადასხვა სფეროშიც აქტიურად მოღვაწეობს. მის მფლობელობაშია კომპანია „Uncle Snoop’s Army“, რომელიც მსოფლიოს სხადასხვა წერტილში  მასშტაბურ ივენთებს უწევს ორგანიზებას.

 

მომღერალს ასევე, მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ფილმში და დაარსებული აქვს საკუთარი ფილმწარმოების კომპანიაც.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ბანერი, რომელიც ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე იყო განტავსებული. 2013 წლის 25 ივლისი.
შავი ზღვის ჯაზფესტივალის ბანერი, რომელიც ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე იყო განტავსებული. 2013 წლის 25 ივლისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი