ხელოვნება

საბჭოთა მოზაიკა – მემკვიდრეობა, რომელსაც ვერ ვუვლით

5 მარტი, 2015 •
საბჭოთა მოზაიკა – მემკვიდრეობა, რომელსაც ვერ ვუვლით

 „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მოზაიკა იყო კარგად გააზრებული საბჭოთა იდეოლოგიის შემადგენელი. 

 

„პროპაგანდისათვის ერთი მიმართულება იყო კინო, რადგან ის ყველაზე ეფექტური გზა იყო მასებზე ზემოქმედების. მეორე იყო მოზაიკა. მართალია, მოზაიკა კინოს ჩამოუვარდებოდა შთაბეჭდილების მოხდენის თვალსაზრისით, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ნახატები, მოზაიკები, დიდი ფერწერული ნამუშევრები ყოველდღიური გარემოს ნაწილი ხდებოდა, უფრო ინტენსიური ზემოქმედება ჰქონდა მნახველზე. შინაარსი, რაც ამ ნახატებში იყო ჩადებული, თავის მიზანს აღწევდა,“ –  ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

 

ბათუმის ყოფილი თამბაქოს ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე მოზაიკის ფრაგმენტი. მოზაიკით მოპირკეთებული კედელი ნახევრად დანგრეულია. თედო ჯორბენაძის ფოტო

 

საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ბევრი მოზაიკა განადგურდა. ზოგი შენობა, სადაც მოზაიკა იყო განთავსებული, გაიყიდა და ახალმა მეპატრონემ შენობის არქიტექტურული იერსახე შეცვალა. ზოგი შენობა დაინგრა და მასთან ერთად მასზე არსებული მოზაიკებიც გაქრა, ზოგი კი დღემდე დგას.

 

ბოლო დროს ყველაზე აქტიურად ბათუმში მდგარ კაფე „ფანტაზიას“ შენობას, ე.წ. „რვაფეხას“ ქალაქის ურბანულ არქიტექტურაში ყოფნა-არყოფნის საკითხს განიხილავდნენ. სასტუმრო „ჰილტონს“, რომელიც „რვაფეხას“ გვერდით მდებარეობს, ტერიტორიის, რომელზეც ყოფილი კაფე დგას, საკუთარი გეგმით მოწყობა სურს. ამ გეგმაში კი კაფე არ შედის. „რვაფეხას“ დასაცავად ბათუმელი მოქალაქეები გაერთიანდნენ, ხელოვნებათმცოდნეთა ერთ ჯგუფს კი უწევს იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდია „რვაფეხას“ კულტურული ღირებულება და რაოდენ მნიშვნელოვანია მისი გადარჩენა.

 

მართალია, „რვაფეხა“ საბჭოთა ეპოქის ნამუშევარია, მაგრამ თავისი ბუნებით ანტისაბჭოური ხელოვნებაა, მეტიც ეს ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია, თავისი პოზიტიურობით, არააგრესულობით, თავისუფლების მანიფესტაციითა და სიცოცხლის სიხალასის გადმოცემით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხელოვნებათმცოდნე ირინე გივიაშვილმა.

 

მოზაიკა ბათუმში ფოტო: მანანა ქველიშვილი

 

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, დღეისათვის სულ რამდენი მოზაიკური ნამუშევარია შემორჩენილი. თუმცა მთელს ქვეყანაშია გაბნეული. მაგალითად, მოზაიკას შეხვდებით ზესტაფონის ფერადშენადნობი ქარხნის კედელზე, ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე, ლანჩხუთში, ქუთაისში, კახეთში, ქალაქ დედოფლისწყაროს აღმნიშვნელი აბრაც მოზაიკურადაა შესრულებული. მოზაიკებს შეხვდებით ძველ მიტოვებულ შენობებზე, გზებზე, გაჩერებებზე. ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს გვერგო წილად და ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ და მოვუაროთ ამ მემკვიდრეობას. 

 

ნინო სირაძე ერთი წელია მოზაიკის ფოტოებს აგროვებს. ნინომ ფოტოკოლექციას ვებგვერდზე: www. soviet-mosaics.ge  – მოუყარა თავი. თითოეულ მოზაიკას თან ერთვის რუკა, თუ სად მდებარეობს და როგორ შეიძლება მიხვიდე დანიშნულების ადგილამდე.

 

„საბჭოთა პერიოდში გაკეთებული მოზაიკების ორ ძირითად კატეგორიას გამოვყოფდი – მოზაიკური კომპოზიციები, რომლებიც, როგორც მონუმენტური ხელოვნების ნიმუშები იქმნებოდა და ისინი, რომლებიც უფრო მეტად პროპაგანტისტულ იდეებს ემსახურებოდა. ჩემთვის ორივე კატეგორია თანაბრადაა საინტერესო,“ – ამბობს ნინო.

 

ნინო მოზაიკებს ორ ჯგუფად ჰყოფს. მისი აზრით, პირველ ჯგუფს ისეთი მოზაიკური კომპოზიციები მიეკუთვნება, რომლებიც შესრულების ხარისხით, გამოყენებული მასალითა და ფორმით, შეიძლება ითქვას უნიკალურია. ნამუშევრების ავტორები ძირითადად იმ პერიოდში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრები არიან. მეორე კატეგორიას რაც შეეხება, ის პირველთან შედარებით გაცილებით მრავალრიცხოვანია. მასალა და შესრულების ხარისხი უფრო დაბალია, ავტორიც უმეტესწილად არ არის ცნობილი. ამ ტიპის მოზაიკური პანოები, ძირითადად, სახელმწიფოს დაკვეთით კეთდებოდა სხვადასხვა შენობება-ნაგებობის ფასადების შესალამაზებლად, სიუჟეტები გამოხატავდა „პროლეტარიატის ბედნიერ ყოველდღიურობას“ და იმ „ნათელი მომავლის“ იდეებს, რასაც საბჭოთა მთავრობა აქტიურად ავრცელებდა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ამ პანოებს შესაძლოა მონუმენტური ხელოვნების თვალსაზრისით არ ჰქოდეთ ღირებულება, ისინი ძალიან საინტერესოა საბჭოთა პერიოდის ისტორიისა და სოციალურ-კულტურული კვლევის თვალსაზრისით. ისეთი მოზაიკური კომპოზიციები, როგორიც საბჭოთა პერიოდში კეთდებოდა, იშვიათობაა მსოფლიოს მასშტაბით. მოზაიკის გაკეთება დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული, ის საჯარო სივრცეებში თითქმის არ გამოიყენებოდა და არც დღესდღეობით გამოიყენება ამ სახით. პრაქტიკულად, მონუმენტური ხელოვნების ეს მიმართულება მხოლოდ რამდენიმე ათწლეული არსებობდა და ნაკლებსავარაუდოა, რომ ოდესმე კიდევ გახდეს იმდენადვე პოპულარული, ალბათ მისი სიძვირისა და სირთულის გამო. ჩემი აზრით, ეს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მოზაიკურ კომპოზიციებს,“ – ამბობს ნინო სირაძე, ვებგვერდის – www. soviet-mosaics.ge -ს ავტორი.

 

მოზაიკით მოპირკეთებული გაჩერება, აბაშა ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

როგორ უნდა მივუდგეთ მემკვიდრეობას, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მოზაიკის სახით გვერგო წილად, ამ კითხვაზე „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ მისი დანგრევა არ შეიძლება.

 

„ეს არის უკვე ისტორიული ნაშთები, რომლის წაშლა და განადგურება ასე ხელაღებით დანგრევა, არასასურველი და მიუღებელია. ვინმე და პირველ რიგში სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ამ ნაშთების შენარჩუნებაზე. რაღაცა გამოსავალი უნდა მოინახოს. ისე შეიძლება მოხდეს, რომ შეიძლება ფოტოც კი არ დარჩეს ამა თუ იმ მონუმენტის. მოზაიკის, რომელსაც ათი ან მეტი წლის შემდეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, როგორც რაღაცა პერიოდის სიმბოლოს და ისტორიულ არტეფაქტს,“ – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

 

„ჩემი აზრით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ერთიანი ხედვა ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით და კარგად ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა. მოზაიკების დაცვა და შენარჩუნება მხოლოდ ერთ-ერთი შედარებით მცირე ნაწილი იქნებოდა ამ ერთიანი გეგმის. ცალსახად, ისეთ უნიკალურ ნიმუშებზე, როგორიც ბათუმის კაფე „ფანტაზიაა“, სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს უნდა ჰქონდეთ მკაცრად განსაზღვრული პოზიცია – დაუშვებელია ამ შენობის განადგურება. იგივე ეხება მაგალითად „ლაგუნა ვერეს“ გარე ფასადსაც. ასეთი ტიპის შენობა-ნაგებობები გაცილებით უფრო გამორჩეული, ეფექტური და დამახსოვრებადია, ვიდრე თანამედროვე მინა-რკინა-ბეტონის კონსტრუქციები. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო აპარატის იმ სტრუქტურულ ერთეულებში, რომლებსაც ეს საკითხი პირდაპირ ეხება, ამას ვერ ან არ აცნობიერებენ,“ – ამბობს ნინო სირაძე.

 

ნინოს აზრით, თუ მოზაიკები ტურისტული თვალსაზრისით დაიტვირთება, ეს პირველ რიგში ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო:

 

„საქართველოში ბევრია ისეთი მოზაიკაც, რომელიც შესაძლოა ხელოვნების ნიმუშად არ ჩაითვალოს, თუმცა ძალიან საინტერესოა ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით. მათთვის, ვისაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია, ეს უცხო ხილია. ალბათ ამიტომაც ამ მოზაიკებით ბევრი ტურისტი ინტერესდება. მე, პირადად, საკმაოდ პერსპექტიულ იდეად მეჩვენება ამ მიმართულებით ურბანული ტურიზმის განვითარება. საერთოდ, მთავარი პრობლემა მგონი ისაა, რომ ჩვენთან რატომღაც ბევრი საინტერესო შენობის ფასადს არგებენ მის ახალ ფუნქციას, ეს კი სწორად პირიქით უნდა ხდებოდეს – თვითონ არქიტექტურა და ისტორია უნდა კარნახობდეს ამა თუ იმ შენობა-ნაგებობის ახალ ფუნქციას, რადგან სწორედ არქიტექტურა და ისტორია კედლებს მიღმა არის ის, რაც ქმნის ქალაქის ინდივიდუალობასა და განსაკუთრებულ მუხტს“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი