ხელოვნება

ვერნერ ჰერცოგის თვალებში შემოყრილი სილა

8 თებერვალი, 2015 •
ვერნერ ჰერცოგის თვალებში შემოყრილი სილა

 

 

მთავარ პრემიერამდე ჩვენება პრესის წარმომადგენლებისთვის გაიმართა. როგორც წესი, დილის ჩვენებები ყოველთვის არახალხმრავლობით გამოირჩევა. მაგრამ ეს შემთხვევა დიდი გამონაკლისი იყო. 1600 კაციანი დარბაზში ადამიანები დიდ პრემიერას კიბეებზე ჩამომსხდარნიც ელოდებოდნენ. თუმცა, ეს მხოლოდ ფილმის პირველ მონაკვეთში. ძალიან ბევრი  თავისუფალი ადგილი დარბაზში ფილმის დასრულებამდე გაჩნდა. რა თქმა უნდა, ამგვარად გარდაქმნილ სურათს თავისი მიზეზი ჰქონდა, მიზეზი თავად ვერნერ ჰერცოგის სახეცვლილებისა.

 

მთავარი მოულოდნელობა ფილმში ამდენი ვარსკვლავის ერთად შეყრა არ ყოფილა. შეიძლება ითქვას არაჩვეულებრივად შემდგარი ჯგუფი და სამსახიობო ოსტატობა ამ ფილმის ერთ-ერთი ღირსებაა.



 

კარგი პარტნიორობის გაწევა, ჩვენების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მათ ერთმანეთსაც დაუდასტურეს.

 

..მე მივედი ცხოვრების იმ კონდიციამდე, როცა მინდა გავიცნო სხვა ქვეყნები და უარი ვთქვა ჩემს კომფორტზე“ განაცხადა ნიკოლ კიდმანმა. მან ფილმში გრენდულტ ბელის, ისტორიკოსის, ნობესლისტის, ბრიტანული საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთი წევრის როლი განასახიერა.  ვითარება მე20 საუკუნის დასაწყისში ვითარდება. 

 

პირველი მსოფლიო ომისგან შემორჩენილი ატმოსფერო, პოლიტიკური ვითარება და რომანტიკული სიყვარულის ისტორია ფილმში პარალელურად ვითარდება. გრენდულტი თეირანში ყოფნისას ხვდება მამაკაცს, რომლის სიყვარული თავბრუს ახვევს. რეჟისორი ძალიან ლამაზად და საკმაოდ ემოიურად აღწერს წყვილის ურთიერთობას. თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ ამავე დროს იგი ძალიან ფრთხილი და ზომიერია. კამერა საკმაოდ ახლოს მიდის გმირებთან, მაგრამ ამავე დროს გიქმნის დისტანციას, რომელსაც ვერ აბიჯებს მაყურებელი. მანძილი რომელიც ერთის მხრივ გმირის ხასიათს განსაზღვრავს და მეორე მხრივ შენ გკარნახობს მისადმი დამოკიდებულებას.სხარტი და მოქნილი იუმორით გაჯერებული, ასევე უაღრესად რომანტიკული ურთიერთობა საბოლოო ჯამში ტრაგიკულად მთავრდება, მაგრამ გულში ჩამწვდომ, ემოციურ ფონს ქალის შეუდრეკელი, მებრძოლი ხასიათი უეცრად ცვლის.

 

არაჩვეულებრივი კამერა და კადრის კომპოზიციები საოცრად ლამაზად აღწერენ დიდი უდაბნოს პეიზაჟებს. და მაშინ, როცა ქარის მობერილი სილა მაყურებელს თვალებში ეყრება, ქალი მიაბიჯებს, ამაყად უდაბნოში და ის ერთადერთია, ვისაც ყველა ბედუინი განზე უდგება.

 

 

თითქოსდა სინამდვილეში, რეალობაში ეს ყველაფერი ერთმანეთთან კონტრასტში უნდა მოდიოდეს, მაგრამ ვერნერ ჰერცოგი, პირიქით არქიტექტურული პრინციპით აგებს გმირის ხასიათსა და ატმოსფეროს. პირად ურთიერთობებსა და პოლიტიკურ-საზოგადოებრივს. მათ შორის მანძილს რეჟისორი აბსოლუტურად თავისი საზომით გიზომავს და გაწვდის. სწორედ აქ გადის საზღვარი ნამდვილ ისტორიასა და ვერნერ ჰერცოგის მიერ შემოთავაზებულ  ამბავს შორის.

 

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეჟისორი თავის ჩვეულ სტილსა და მანერას აბსოლუტურად უხვევს და ფილმს მისთვის ახალი ფორმებითა და საზომებით გვათავაზობს. სახეცვლილება დიდი გერმანელი რეჟისორის, ვერნერ ჰერცოგის, სწორედ ამაში გამოიხატება. თანაც ისე, რომ მაყურებელში საოცარ გაკვირვებასა და კითხვის ნიშნებს ბადებს.

 

ეს ფილმი ირეალურ სამყაროსა და ზებუნებრივ ადამიანებზე აღარ არის. თუმცა, ნიკოლ კიდმანი, უდაბნოს დედოფალი, წარმოუდგენლად ძლიერი ქალის სახეს ქმნის. იგი უდაბნოს დედოფალია, ველური სამყაროსი. სადაც მობერილ ქარს ისე ცხადად გრძნობ, გგონია, რომ სილა თვით თვალებში გეყრება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი