ხელოვნება

“თბილისის წიგნის დღეების” პირველი დღე [ფოტო]

27 ნოემბერი, 2014 • 1748
“თბილისის წიგნის დღეების” პირველი დღე [ფოტო]

“თბილისის წიგნის დღეები” ექსპო–ჯორჯიას, გოეთეს ინსტიტუტისა და წიგნის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ექსპო–ჯორჯიას 11–ე, მე–5, მე–4 და მე–6 პავილიონებში იმართება. გამოფენაზე შესვლა 1 ლარი ღირს.

‘თბილისის წიგნის დღეები’ 27.11.2014

როგორც ამ ღონისძიების მხარდამჭერმა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორმა, თინათინ ბერიაშვილმა განაცხადა, გამოფენა–გაყიდვაზე ყველა ტიპის გამომცემელი და, შესაბამისად, ყველა ტიპის ლიტერატურა არის წარმოდგენილი.

 

თუმცა დღეს “თბილისის წიგნის დღეების” სტუმართა ნაწილი ფასდაკლებებითა და წარმოდგენილი არჩევანით კმაყოფილი არ დარჩენილა. როგორც სტუდენტმა გიორგი გრიგოლაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, გამოფენაზე განსაკუთრებული ფასდაკლება არ არის:

 

“35–ლარიანი წიგნი შეიძლება ნახო 30 ლარად, შეიძლება ჩვეულებრივ სიტუაციაშიც აღმოჩნდე ასეთ მომენტში. არის გარკვეული სამეცნიერო ლიტერატურა, რომლიც ხშირ შემთხვევაში არის მიუწვდომელი ჩვენთვის, დეფიციტური რაოდენობაა და ის მაინც იქნებოდა წარმოდგენილი, მაგრამ ვერ მოვახერხე ჩემთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომების ყიდვა,”– თქვა მან.

 

ბიბლიოთეკარმა ირინე ჩაიროვმა კი თქვა, რომ წარმოდგენილი ლიტერატურა და ფასდაკლებები ძალიან მოეწონა:

 

“5 ლარად შევიძინე 22–ლარიანი წიგნები. “ქარული მწერლობა”, მოოქროვილი, 20 ლარი რომ ღირს თითო ტომი, 3 ლარად არის. ძალიან კარგი ფასდაკლებებია ამ მხრივ,”– თქვა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

‘თბილისის წიგნის დღეები’ 27.11.2014

“თბილისის წიგნის დღეების” კიდევ ერთი სტუმარი, ანრი მაღლაკელიძე ამბობს, რომ წარმოდგენილი წიგნები მისი ინტერესის სფეროს არ აკმაყოფილებს:

 

“წიგნების არჩევანი ცოტა მცირეა, არ არის შემეცნებითი ლიტერატურა, მე ძირითადად სამხედრო ლიტერატურა მიანტერესებს და ამ მხრივ თითქმის არაფერია. როცა ვიცი, რომ რეალურად არსებობს ესეთი წიგნები. აქცენტი უფრო არის თანამედროვე ბესტსელერებზე და რომანებზე,”– თქვა მან.

 

ანრი მაღლაკელიძის თქმით, გამოფენა–გაყიდვაზე წარმოდგენილი ფასდაკლებები მოწონს, თუმცა არ მოეწონა, რომ შესვლა ფასიანია. 


ფესტივალის ერთ–ერთი ორგანიზატორი, თათული ბოლოკაძე განმარტავს, რომ მსოფლიოში ხშირად წიგნის გამოფენა ფასიანია და ამ შემთხვევაში, თანხა (1 ლარი) სიმბოლურია. მისი თქმით, ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.

 

‘თბილისის წიგნის დღეები’ 27.11.2014

“თბილისის წიგნის დღეები” ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარსადგომად მოსამზადებელ სამუშაოებსაც ითვალისწინებს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო სტუმრის სტატუსით 2018 წელს წარსდგება. 

 

თინათინ ბერიაშვილის განმარტებით, “თბილისის წიგნის დღეები” საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული ღინისძიებაა, სადაც უცხოელ სტუმრებსაც ელოდებიან, მათ შორის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებსაც.

‘თბილისის წიგნის დღეების’ ფარგლებში მწერალ დავით დეფის რომანის ‘დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება’ პრეზენტაცია გაიმართა. ‘რომანი არის მუსიკოსის თვალით, მისი პიროვნების სახით დანახული პირველი თორმეტწლეული,’– განაცხადა ავტორმა. 27.11.2014

“დაგეგმილი არის ძალიან ბევრი განხილვა და ღონისძიება, რომლიც გამომცემლობებს მიეხმარება, სწორად აირჩიონ და დაგეგმონ ის სტრატეგიები, როგორც უნდა მოემზადონ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გამომცემლები არიან პირველი ჯგუფი, ვინც უნდა მოემზადოს წიგნის ბაზრობისთვის,”– განაცხადა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორმა.

 

‘თბილისის წიგნის დღეების’ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა. მათ შორის, მოეწყო ბავშვებისთვის ზღაპრების კითხვა 27.11.2014

გამომცემლობა “პალიტრა L”–ის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, თინათინ ფეიქრიშვილი ამბობს, რომ გამომცემლობა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე წარსადგენად ქართული მხატვრული ლიტერატურას ინგლისურად და სხვა ენებზე თარგმნის. მისი თქმით, სწორედ ამ დღეებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუ როგორ იქნება ქართული გამომცემლობები წარმოდგენილი ამ ფესტივალზე. 

 

“ბაკურ სულაკაურის” გამომცემლობის მარკეტინგის მენეჯერი გიორგი კარანაძე ამბობს, რომ გამომცემლობის ერთ–ერთი პრიორიტეტი ქართული თანამედროვე პროზის სხვადასხვა ენაზე თარგმნაა.

 

“უცხოელ გამომცემლებს ინტენსიურად ვუკავშირდებით, რომ ქართული თანამედროვე და კლასიკური ნაწარმოებები ითარგმნოს”– განაცხადა მან.

 

‘თბილისის წიგნის დღეები’ 27.11.2014

თუმცა ყველა ქართულ გამომცემლობას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, წარადგენს თუ არა წიგნებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. როგორც “ნეტგაზეთს” გამომცემლობა “საუნჯეს” წარმომადგენელმა უთხრა, გამომცემლობა ორიენტირებულია ქართული ლიტერატურის გამოცემაზე და თარგმანები არ აქვს. ამიტომაც, მისი თქმით, არ არიან დარწმუნებული, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს.

‘თბილისის წიგნის დღეები’ 27.11.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი