სტენლი კლარკის კვარტეტი თბილისის ჯაზ-ფესტივალზე ორსაათნახევრიანი პროექტით ჩამოვიდა და ევროპული ტურნე სწორედ საქართველოს დედაქალაქიდან დაიწყო. შერეულ კომპოზიციებთან ერთად, ბენდმა ჯაზის ჰანგებზე შეასრულა გია ყანჩელის “ჰერიო ბიჭებო”, რომელსაც აუდიტორიის ოვაციები მოჰყვა. ქართული მელოდიის ჯაზვერსიამ მსმენელთა გარკვეულ ნაწილს თვალებზე ცრემლებიც მოჰგვარა. კონცერტის ბოლო ნაწილში ბენდის წევრებმა ასევე შეასრულეს სოლოკომპოზიციები.
კონცერტის მიმდინარეობისას ამერიკელმა ჯაზმენმა ბექას მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა და თბილისის საკონცერტო დარბაზში შეკრებილ მსმენელს მიმართა, რომ საქართველოს ბექას სახით მსოფლიოში ჰყავს ძალიან კარგი ელჩი.
ლეგენდარული მუსიკოსი საქართველოში გამართული პირველი კონცერტით კმაყოფილი დარჩა, მან აუდიტორიაც დადებითად შეაფასა. სტენლი კლარკმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორი მოწყურებული იყო ქართველი მსმენელი კარგ მუსიკას:
“ზუსტად ვიცოდი, რომ დღევანდელი საღამო კარგი იქნებოდა. ეს ხომ ბექას დაბრუნება და ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ როგორი მოწყურებული იყო მსმენელი კარგ მუსიკას. კონცერტის მიმდინარეობისას რამდენიმე გარდატეხა მოხდა, მაგალითად, მაშინ, როდესაც ქართული კომპოზიცია შევასრულეთ. ვიგრძენით, ამან ქართველი მსმენელი შეძრა და ვიცი, რომ მათ ძალიან გაუხარდათ ბექას მოსმენა.”
ჯაზის მოყვარულების შეფასებით, 4-ჯერ გრემის პრიზის მფლობელი სტენლი კლარკი გადაჭარბების გარეშე მსოფლიოს ცოცხალი ლეგენდაა, როგორც ჯაზმენი და როგორც ბასისტი. ვირტუოზ ჯაზმენს მისი 40-წლიანი მუსიკალური მოღვაწეობის მანძილზე მიღებული აქვს ყველა ის პრიზი, რაც შეიძლება ამ სფეროში მიეღო. 1975 წელს ჟურნალ “Rolling Stones”-მა მას წლის საუკეთესო ჯაზმენის და ბასისტის ტიტული მიანიჭა.
მოყვარული მსმენელი, ნათია ჯაფარაშვილი, რომელიც ჯაზ-ფესტივალის ყველა კონცერტს დაესწრო, სტენლი კლარკს “უდიდეს მუსიკოსს” უწოდებს. მელომანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამერიკელ ჯაზმენს გამორჩეულად კარგი ბგერა აქვს და კონტრაბასი სწორედ მის ხელში შეუყვარდა:
“სავსე ვარ ემოციებით. ველოდი, რომ იქნებოდა კარგი კონცერტი, მაგრამ გადააჭარბა მოლოდინს. ძალიან გამიხარდა, რომ ბექასთან ერთად დაუკრა და მოხარული ვარ, რომ ქართველი ახალგაზრდა შემსრულებელი უკვე სტენლი კლარკის გვერდით უკრავს. ის უდიდესი მუსიკოსია. ფაქტობრივად, კონტრაბასი, როგორც ინსტრუმენტი, შემიყვარდა სტენლი კლარკის ხელში. იქამდე კონტრაბასი არ იყო ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი და არ იყო ჩემთვის საინტერესო. ეს ადამიანი ერთნაირი წარმატებით ასრულებს კომპოზიციებს, როგორც ბასგიტარაზე, ასევე, კონტრაბასზე და ბგერა აქვს გამორჩეულად კარგი. სხვა კონცერტებზე იყვნენ კონტრაბასის კარგი შემსრულებლები, თუმცა მისი ბგერა არის აბსოლიტურად განსხვავებული ყველა სხვა კონტრაბასისტისგან.”
იმ კავშირისთვის, რაც მსმენელსა და შემსრულებლებს შორის მოხდა, ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ქართველ მელომანებს მადლობას უხდის და მოხარულია, რომ ევროპულ ტურს სწორედ საქართველოდან იწყებს. გოჩიაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მხოლოდ “კმაყოფილი” არ არის ჯაზფესტივალის დასკვნითი კონცერტისთვის საკმარისი შეფასება.
არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატს უკვე გამოცემული აქვს თავისი პირველი ალბომი, რომელშიც შესულია 7 საკუთარი კომპოზიცია- გია ყანჩელის ორი ნაწარმოები, სტენლი კლარკისა და ლენი ვაითის კომპოზიციები. ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსმა გასული წლის მარტში ბრისტოლის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა.
“სხვათა შორის, [ბრისტოლში] ჰყავთ ძალიან კარგი მუსიკოსები და ძალიან კარგი მსმენელი. როგორც ვიცი, ბრისტოლმა თბილისის ჯაზ-ფესტივალს ენდი შეპარდი მისცა და თბილისის ჯაზ-ფესტივალმა – ბექა გოჩიაშვილი,” – გვითხრა გოჩიაშვილმა.
ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავჯდომარე, დერიკ პიკაბი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დავით ნარმანიამ „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდო გადასცა, ასევე ესწრებოდა ჯაზ-ფესტივალის დასკვნით კონცერტს. მისი შეფასებით, გოჩიაშვილი ენდი კლარკთან ერთად ნამდვილი საოცრება იყო. პიკაპი ქართველ მსმენელს და ფესტივალის ორგანიზატორებს დადებითად აფასებს. ბრიტანელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ თბილისის ჯაზ-ფესტივალზე ყოფნა მისთვის ნამდვილი პრივილეგიაა.
როგორც პიკაპი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, საქართველოდან ნიჭერი ახალგაზრდების ბრისტოლის ჯაზ-ფესტივალზე მიწვევის იდეა სწორედ მათი ოფისის მხრიდან წამოვიდა:
“გასულ წელს იდეა წამოვიდა ბრისტოლის ოფისის მხრიდან. მათი აზრით, არაჩვეულებრივი იქნებოდა, მიგვეღო ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდები თბილისიდან, რომ წარმოედგინათ საკუთარი ქალაქი. მათ გამოგვიგზავნეს ბექა თავის ბენდთან ერთად და იყო სრულიად გასაოცარი ბრისტოლში. ჩვენ ვიყავით ისეთი კმაყოფილი, რომ ჩვენც გამოვგზავნეთ ენდი შეპარდის ჯაზბენდი თბილისში. მან გუშინ საღამოს დაუკრა და არაჩვეულებრივი იყო.”
დერიკ პიკაპის თქმით, ბრისტოლის ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორები ამ კვირაში თბილისში იმყოფებიან და მათ უკვე ამოარჩიეს ბენდი, რომელიც მომავალ მარტს ბრისტოლის ჯაზ-ფესტივალზე დაუკრავს.
23-27 ოქტომბერს თბილისის რიგით მე-17 ჯაზ-ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები სტუმრობდნენ: როი ეიერსი, ალ დი მეოლა, დევიდ ფიუზინსკი, სტენლი კლარკ ბენდი, მიშელ კამილოს ტრიო, ენდი შეპარდის კვარტეტი, ჯორჯ მელის კვარტეტი და ანატ კოენის კვარტეტი. უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებიც.
ჯაზ-ფესტივალის პირველ კონცერტზე მელომანების წინაშე საკუთარ ბენდთან ერთად ამერიკელი გიტარისტი ალ დი მეოლა და მიშელ კამილოს ტრიო წარსდგნენ. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, გიტარისტ დევიდ ფიუზინსკისთან ერთად დაუკრა პიანისტმა გიორგი მიქაძემ; ნიუ-იორკიდან სპეციალურად თბილისის ჯაზ-ფესტივალისთვის ჩამოვიდა ასევე ქართველი ჯაზ–შემსრულებელი გიორგი მელიქიშვილი (George Mel), რომელიც 20 წლის შემდეგ თავის კვარტეტთან ერთად პირველად წარდგა ქართველი მსმენელის წინაშე.
წელს პირველად, ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში გაიმართა ქართველი მხატვრის, დავით მჭედლიშვილის გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით “All That Jazz”; დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ კი ფრანგი ფოტოგრაფის, კრისტიან როზეს, უნიკალური ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა, რომლის ფოტოობიექტივშიც მოხვდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ნინა სიმონე, მაილს დევისი, ბობ მარლი, ჩარლი მინგუსი, ელა ფიჯერალდი, ჯეიმს ბრაუნი და სხვა.
თბილისის რიგით 17-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ოფიციალურად 30 ოქტომბერს დასრულდება.
ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორია “ისთერნ პრომოუშენი”, რომელსაც ხელს უწყობდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, “თიბისი სტატუსი” და თბილისის მერია. მუსიკის საღამოები თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზსა და “ივენთ ჰოლში” იმართებოდა. ბილეთების ფასები 20 ლარიდან იწყებოდა, რაც, ორგანიზატორებისა და ფესტივალის პარტნიორების შეფასებით, წარმოუდგენლად დაბალი იყო ასეთი დონის ფესტივალისთვის.