ხელოვნება

ანშლაგი “თბილისი ივენთ ჰოლში”: დევიდ ფიუზინსკი გიორგი მიქაძესთან ერთად [ვიდეო]

27 ოქტომბერი, 2014 • • 2013
ანშლაგი “თბილისი ივენთ ჰოლში”: დევიდ ფიუზინსკი გიორგი მიქაძესთან ერთად [ვიდეო]

წინა კონცერტისგან განსხვავებით, “თბილისის ივენთ ჰოლში” ამჯერად არც ერთი თავისუფალი ადგილი იყო დარჩენილი. ორგანიზატორების შეფასებით, ფიუზინსკი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გიტარისტია ჯაზისა და როკის ისტორიაში და სწორედ ამან გამოიწვია მსმენლის დაინერესება.

გადაცემა “უცნობი მუსიკის” ავტორი და წამყვანი, კახა თოლორდავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ ეს საღამო იყო დასტური იმისა, თუ რა არის ნამდვილი ჯაზფესტივალი.

“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა. ჯაზფესტივალი და საერთოდ ჯაზი, როგორც მუსიკალური ჟანრი, არ არის ის, რომელიც მასებს თავისკენ მაგნიტივით იზიდავს, მაგრამ თუნდაც ერთი, ორი, სამი ან ათი ახალგაზრდა თუ მოიხიბლა ამ მუსიკით, რომელსაც საოცარი ტრადიციები, საოცარი სიღრმე, საოცარი უნარი აქვს, სპონტანურად უპასუხოს და შეეპასუხოს რეალობას, ეს არის ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი,” – ამბობს თოლორდავა.

როგორც ფიუზინსკიმ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ბენდმა ქართველ მსმენელთან შესახვედრად განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინა:

“დაახლოებით 5-საათიანი რეპეტიცია გვქონდა. უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. ნამდვილად სარისკო იყო ამის გარეშე, რადგან მანამდე არასოდეს დაგვიკრავს ქართველი მსმენელის წინაშე. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივები არიან.”

სხვადასხვა კომპოზიციებთან ერთად, გიორგი მიქაძემ მსმენელს დაანონსებული სიურპრიზიც შესთავაზა. ბენდმა ქართულ ანსამბლ “ბასიანთან” ერთად გურული კრიმანჭული შეასრულა, რომელსაც მსმენელის განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა.

 

ფიუზინსკი: ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მეყოლებოდა ისეთი სტუდენტი, როგორიც გიორგია. 2014/10/25. თბილისის ივენთ ჰოლი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
ფიუზინსკი: ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მეყოლებოდა ისეთი სტუდენტი, როგორიც გიორგია. 2014/10/25. თბილისის ივენთ ჰოლი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე


ქართველი პიანისტი ამერიკული განათლებით

ფესტივალის დაწყებამდე მსმენელთა გარკვეულ ნაწილს ეუცნაურა ამერიკელი ჯაზისა და როკის ლეგენდის ბენდში ქართული გვარის ამოკითხვა, თუმცა კონცერტის დასრულების შემდეგ კრიტიკოსები უკვე ხმამაღლა საუბრობდნენ გიორგი მიქაძის ვირტიოზულ შესრულებაზე.

არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი გიორგი მიქაძე საქართველოში დაიბადა და მუსიკალური განათლებაც აქ მიიღო. 2010 წლიდან პიანისტი ბერკლის მუსიკალურ სკოლაში ჩაირიცხა, სადაც მას თავად დევიდ ფიუზინსკი ასწავლიდა.

ამერიკელი გიტარისტი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ მას ეყოლებოდა ისეთი სტუდენტი, როგორიც გიორგია. Screaming Headless Torsos-ს ლიდერი მიქაძეს “ქართული მუსიკის მომავალს” უწოდებს და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. გიტარისტი ამბობს, რომ მიქაძე ერთნაირად წარმატებულია როგორც ჯაზის, ასევე, კლასიკური მიმართულებით.

გიორგი მიქაძის პირველი კონცერტი თბილისის ჯაზფესტივალზე. 2014/10/25. თბილისი ივენთ ჰოლი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
გიორგი მიქაძის პირველი კონცერტი თბილისის ჯაზფესტივალზე. 2014/10/25. თბილისი ივენთ ჰოლი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

მიქაძემ კულტურისა მინისტრის მოადგილის, კახა კანდელაკის შემოთავაზება მიიღო და, როგორც ჩვენთან საუბრისას აცხადებს, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სიამოვნებით დათანხმდა ფესტივალში მონაწილეობას.

ფიუზინსკის ბენდის წევრებთან ერთად, მიქაძეც დადებითად აფასებს საღამოს და იმედოვნებს, რომ მომავალშიც მიიღებს ჯაზფესტივალში მონაწილეობას:

“ჩემი აზრით, მსმენელი კმაყოფილი იყო. ჩვენც მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ სიამოვნება მიგვენიჭებინა მათთვის. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ჩამოვალთ კიდევ სხვადასხვა პროექტებით. ასევე, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს არაერთი კონცერტები ნიუ ორკში,” – ამბობს მიქაძე.

“თბილისი ივენთ ჰოლის” ფოიეში მსმენელს ბენდის ალბომების შეძენაც შეეძლო. კონცერტის დასრულების შემდეგ მუსიკოსებმა ჯაზის მოყვარულებთან ერთად სამახსოვრო ფოტები გადაიღეს და მსურველებს ავტოგრაფებიც დაურიგეს.

ჯაზფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია “ისთერნ პრომოუშენსი”. ფესტივალი 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძების პირველ სამ დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზი მასპინძლობს, ხოლო დანარჩენ ორს – “თბილისის ივენთ ჰოლი”. ბილეთების ფასი 20 ლარიდან იწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი