ხელოვნება

თბილისის ჯაზფესტივალის პირველი კონცერტი და “სელფი” ალ დი მეოლასთან [ვიდეო]

24 ოქტომბერი, 2014 • • 1503
თბილისის ჯაზფესტივალის პირველი კონცერტი და “სელფი” ალ დი მეოლასთან [ვიდეო]

ჯაზფესტივალის პირველი კონცერტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გახსნა. მან ჯაზის მოყვარულების სახელით მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანია ქვეყანაში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება.

“ფესტივალს “თიბისი სტატუსი” და კულტურის სამინისტრო წარმოგიდგენთ. ეს ნამდვილად არ არის ფორმალობის ნაწილი და ფორმალური სიტყვები, იმიტომ, რომ ამდაგვარი სტაბილური, ამ დონის მხარდაჭერის გარეშე ასეთი წარმომადგენლობითი ღონისძიებები, ფესტივალები ნამდვილად ვერ ჩატარდებოდა. დღეს არა მხოლოდ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, არამედ იუნესკოს და გაეროს უმაღლესი თანამდებობის პირები საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში ჯაზფესტივალის არსებობის ფაქტი არის ბრწყინვალე და ძალიან პოზიტიური საშუალება, იმისთვის, რომ ქვეყანამ “პრომოტირება” თავისი თავის მოახდინოს. ისინი ამბობენ, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს; ზოგადად, კულტუროლოგიურ დონეზე ქვეყანაში, თუ ინტელექტუალურ პოტენციალზე, თუ ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე.” – მიმართა თბილისის საკონცერტო დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას მიხეილ გიორგაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი ბოლომდე არ იყო სავსე, კონცერტის პირველ დღეს ოვაციების გარეშე არ ჩაუვლია.

პირველად მსმენელის წინაშე ალ დი მეოლა წარსდგა. გიტარისტმა, თავის ერთსაათიანი ალბომის “Beatles & More”-ის შესრულების შემდეგ, აუდიტორია სცენასთან მოიხმო და მსმენელთან ერთად “სელფი” გადაიღო.

თბილისის რიგით მე-17 თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალის პირველი კონცერტი. 24.10.2014. თბილისის საკონცერტო დარბაზი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
თბილისის რიგით მე-17 თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალის პირველი კონცერტი. 24.10.2014. თბილისის საკონცერტო დარბაზი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

მუსიკოსი მათ დაპირდა, რომ ფოტოს თავის ოფიციალურ “ფეისბუკის” გვერდზე აუცილებლად ატვირთავს. კონცერტის დასრულების შემდეგ მსმენელს ალ დი მეოლას ალბომის შეძენა, მუსიკოსისგან ავტოგრაფის აღება და მასთან ერთად ფოტოს გადაღება შეეძლო.

მიშელ კამილომ, ისევე როგორც ალ დი მეოლამ, საქართველოში პირველად გამართა კონცერტი. მუსიკოსმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოხარულია თბილისის ჯაზფესტივალში მონაწილეობით. კამელომ აღნიშნა, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზში ძალიან კარგი საუნდი და ცოცხალი აუდიტორია იყო. მისი თქმით, აქამდე მხოლოდ მეგობრებისგან სმენია საქართველოს შესახებ და ბედნიერია, რომ საშუალება მიეცა თბილისის საკონცერტო დარბაზში თავის ბენდთან ერთად დაეკრა.

ჯაზფესტივალის პირველი კონცერტით კმაყოფილებას მსმენელიც ვერ მალავდა. გიტარისტი ხვიჩა მაღლაკელიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ ალ დი მეოლამ ბევრი გიტარისტის, ბევრი მუსიკოსის შემოქმედებითად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა:

“ზოგადად, ეს ადამიანი [ალ დი მეოლა] არის ერთ-ერთი, რომელმაც ბევრი გიტარისტის, ბევრი მუსიკოსის შემოქმედებითად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ამ წუთას მე მას შევეხე, მან მე შემომხედა და ავტოგრაფი მომცა. ეს ყველაფერი – თაროზე. მთავარია, მე მისი ცოცხლად დაკვრა ვიხილე. მისი გიტარის სული, მისი სიმები, მისი ხელის მოძრაობა ცოცხლად ვნახე. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამას თავი მოაბა და ეს კაცი აქ ჩამოიყვანა.”

“ისთერნ ფრომოუშენსის” დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებით დინამიკური და რიტმული გამოდგა კონცერტის მეორე ნახევარი. ის იმედოვნებს, რომ ფესტივალი ასე გაგრძელდება დანარჩენ დღეებშიც:

“ოვაციებით თუ ვიმსჯელებთ, პუბლიკა ძალიან კმაყოფილი იყო. განსაკუთრებით მეორე ნახევარი იყო ისეთი დინამიკური და რიტმული, ცოტა ლათინურ ჰანგებზე აწყობილი. მიშელ კამილო პუბლიკის ხელში აყვანის ოსტატია. მე მგონი, ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა დღემ, ასეთი განსხვავებული ორი ნაწილისგან შედგებოდა. ალ დი მეოლა უფრო კლასიკურ ჟანრში იყო “ბითლზის” რეპერტუარით, მიშელ კამილო უფრო დინამიკურ-ექსპრესიული, ლათინური და ყველანაირი ჰანგი მოიცვა, თავის პასაჟებით გააოცა პუბლიკა და მოიყვანა აღტაცებაში. რაღაც მომინტში პუბლიკა ფეხზეც კი დგებოდა. იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება ფესტივალი დანარჩენი ოთხი დღეც.”

კერესელიძის თქმით, ბილეთები ცოტ-ცოტა კიდევ არის დარჩენილი, მაგრამ პირველი დღე იყო უფრო მნიშვნელოვანი: “მერე უფრო ვრცელდება ხოლმე ამბავი. ამბობენ, რომ, აი, თურმე კარგი ყოფილა და დანარჩენ დღეებზე დასწრება სრული ანშლაგით ჩაივლის.”

 

თბილისის რიგით მე-17 თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალის პირველი კონცერტი. 24.10.2014. თბილისის საკონცერტო დარბაზი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
თბილისის რიგით მე-17 თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალის პირველი კონცერტი. 24.10.2014. თბილისის საკონცერტო დარბაზი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

ჯაზფესტივალის ფარგლებში, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში პირველად იმართება ქართველი მხატვრის, დავით მჭედლიშვილის გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით “All That Jazz”; დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა კი ფრანგი ფოტოგრაფის, კრისტიან როზეს ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს.

ფოტოგრაფი ქრისტიან როზე სპეციალიზებულია მუსიკაში და 1965 წლიდან თანამშრომლობს ჟურნალებთან, რომლებიც მუსიკაზე წერენ. მის ფოტოობიექტივში მოხვდნენ ცნობილი მუსიკოსები- ნინა სიმონე, მაილს დევისი, ბობ მარლი, ჩარლი მინგუსი, ელა ფიცჯერალდი, ჯეიმს ბრაუნი. გამოფენის კურატორები ნინო მეტრეველი და შალვა ხახანაშვილი არიან. მის ფოკუსში ჯაზი იქნება მოქცეული.

 

ქრისტიან როზეს ფოტოობიექტივში უკვე თბილისის ჯაზ-ფესტივალი აღიბეჭდება. 24.10.2014. თბილისის საკონცერტო დარბაზი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
ქრისტიან როზეს ფოტოობიექტივში უკვე თბილისის ჯაზ-ფესტივალი აღიბეჭდება. 24.10.2014. თბილისის საკონცერტო დარბაზი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

თბილისის ჯაზფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები არიან მოწვეულნი: როი ეიერსი, ალ დი მეოლა, დევიდ ფიუზინსკი, სტენლი კლარკ ბენდი, მიშელ კამილოს ტრიო, ენდი შეპარდის კვარტეტი, ჯორჯ მელის კვარტეტი და ანატ კოენის კვარტეტი. უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსებიც.

სტენლი კლარკი ახალგაზრდა ქართველ მუსიკოს ბექა გოჩიაშვილთან ერთად ევროტურს საქართველოში, სწორედ ჯაზფესტივალის ფარგლებში იწყებს; დევიდ ფიუზინსკისთან ერთად დაუკრავს პიანისტი გიორგი მიქაძე; ნიუ-იორკიდან სპეციალურად თბილისის ჯაზფესტივალისთვის ჩამოდის ასევე ქართველი ჯაზ–შემსრულებელი გიორგი მელიქიშვილი (George Mel), რომელიც 20 წლის შემდეგ თავის კვარტეტთან ერთად პირველად წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.

 

ჯაზფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია “ისთერნ პრომოუშენსი”. ფესტივალი 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძების პირველ სამ დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს, ხოლო დანარჩენ ორს – “თბილისის ივენთ ჰოლი”. ბილეთების ფასი 20 ლარიდან იწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი