ჯაზფესტივალში მონაწილეობენ არიან როი ეიერსი, ალ დი მეოლა, დევიდ ფიუზინსკი, სტენლი კლარკ ბენდი, მიშელ კამილოს ტრიო, ენდი შეპარდის კვარტეტი, ჯორჯ მელის კვარტეტი და ანატ კოენის კვარტეტი. ფესტივალის ფორმატში რვა კონცერტი ჩატარდება.
ფესტივალი 23–27 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის სამ დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს, ხოლო ორ დღეს –”თბილისის ივენთ ჰოლი”.
ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია “ისთერნ ფრომოუშენსის” დირექტორმა გიორგი კერესელიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ისინი მუშაობდნენ, რათა უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობა ქართველი მუსიკოსებსაც მიეღოთ.
სტენლი კლარკი ახალგაზრდა ქართველ მუსიკოს ბექა გოჩიაშვილთან ერთად ევროტურს საქართველოში, ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში იწყებს; დევიდ ფიუზინსკისთან ერთად დაუკრავს პიანისტი გიორგი მიქაძე.
კერესელიძის თქმით, რამდენიმეწლიანი მოლაპარაკების შემდეგ ნიუ-იორკიდან სპეციალურად თბილისის ჯაზფესტივალისთვის ჩამოდის ქართველი ჯაზ–შემსრულებელი გიორგი მელიქიშვილი (George Mel), რომელიც 20 წლის შემდეგ თავის კვარტეტთან ერთად პირველად წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.
წელს პირველად, ჯაზფესტივალის ფარგლებში, თბილისის საკონცერტო დარბაზში, რომელიც ფესტივალის პროგრამით გამართულ კონცერტებს უმასპინძლებს, ქართველი მხატვრის, დავით მჭედლიშვილის გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით “All That Jazz” გაიმართება.
ეროვნული გალერეა კი ფრანგი ფოტოგრაფის, კრისტიან როზეს უნიკალური ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ფესტივალი ფრანგი ფოტოგრაფის ფოტონამუშევრებით გაიხსნება და ფესტივალის დასრულებამდე, 27 ოქტომბრამდე, გაგრძელდება.
“ეს გამოფენა მართლაც უნიკალურია. ვისაც ჯაზი უყვარს, ძალიან დაინტერესდება”, – ამბობს გიორგი კერესელიძე.
ფოტოგრაფი ქრისტიან როზე სპეციალიზებულია მუსიკაში და 1965 წლიდან თანამშრომლობს ჟურნალებთან, რომლებიც მუსიკაზე წერენ. მის ფოტოობიექტივში მოხვდნენ ცნობილი მუსიკოსები- ნინა სიმონე, მაილს დევისი, ბობ მარლი, ჩარლი მინგუსი, ელა ფიცჯერალდი, ჯეიმს ბრაუნი. გამოფენის კურატორები ნინო მეტრეველი და შალვა ხახანაშვილი არიან. მის ფოკუსში ჯაზი იქნება მოქცეული.
გიორგი კერესელიძის თქმით, ორგანიზატორებმა მაქსიმალურად სცადეს, რომ კონცერტების ბილეთების ფასი დაბალი ყოფილიყო. მისი თქმით, ბილეთების ფასი 20–დან 90 ლარამდე მერყეობს.
ფესტივალის ძირითადი მხარდამჭერია თბილისის მერია, “თი ბი სი სტატუსი” და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. კერესელიძის თქმით, მხარდამჭერებს შორის არის ისრაელის საელჩო, რომელის დახმარებით წელს ანატ კოენის კვარტეტი ჩამოვა.
პროგრამა:
22-27 ოქტომბერი | 20:00 | ცისფერი გალერეა | Christian Rose – ფოტოგამოფენა |
23-27 ოქტომბერი | 20:00 | თბილისის საკონცერტო დარბაზი | “All That Jazz” – ნახატების გამოფენა |
23 ოქტომბერი | 20:00 | თბილისის საკონცერტო დარბაზი | AL DI MEOLA “Beatles & More” MICHEL CAMILO TRIO |
24 ოქტომბერი | 20:00 | თბილისის ივენთ ჰოლი | ANAT COHEN QUARTET GEORGE MEL QUARTET |
25 ოქტომბერი | 20:00 | თბილისის ივენთ ჰოლი | DAVID FIUCZYNSKI’S Planet MicroJam feat.: Giorgi Mikadze |
26 ოქტომბერი | 20:00 | თბილისის ივენთ ჰოლი | ANDY SHEPPARD QUARTET ROY AYERS |
27 ოქტომბერი | 20:00 | თბილისის საკონცერტო დარბაზი | STANLEY CLARKE BAND |