ხელოვნება

თბილისის მერიამ სასურველი ძეგლის გამოსავლენად მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოაცხადა

11 ოქტომბერი, 2014 •
თბილისის მერიამ სასურველი ძეგლის გამოსავლენად მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოაცხადა

კონკურსი „რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში?“ მერიამ სკოლა-სახელოსნო „ტემპერასა” და „ტფილისის ჰამქართან“ ერთად დაიწყო. სპეციალურად ამისთვის facebook-ში შეიქმნა ახალი აპლიკაცია , სადაც მოსწვალეებს მათ მიერ პლასტელინისგან გამოძერწილი ძეგლების სურათების ატვირთვა და კონკურსში ჩართვა შეეძლებათ.

 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სკოლა-სახელოსნო „ტემპერას“ დამფუძნებელმა, მარიამ ქუთათელაძემ განაცხადა, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევრების თიხაში შესრულებას ხელოვნების სახელოსნო „ტემპერა“ უზრუნველყოფს, რის შემდეგაც ქანდაკებები თბილისის საკრებულოს შენობაში გამოიფინება.  

 

მერიის განცხადებით, კონკურსი დღეს დაწიყო და 6 ნოემბრის 00:00 საათზე შეწყდება, ხოლო საუკეთესო ნამუშევრის ავტორები სიმბოლურად დასაჩუქრდებიან. საუკეთესოს ჟიური გამოავლენს.

 

ჟიურის წევრები არიან ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია, ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე, მხატვარი მამუკა ცეცხლაძე, მსახიობი ნატა მურვანიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიგებაშვილი.

 

თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, კონკურსის იდეა ძალზე მიმზიდველია, რადგან ამ ასაკის პატარებს ყველაზე თამამი და ორიგინალური იდეები უჩნდებათ.

 

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იდეა – ერთად ვიზრუნოთ თბილისზე, ყველა ასაკისა და თაობის ადამიანის ქალაქის განვითარებაში ჩართვას გულისხმობს. სწორედ ამ ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ ჩვენი შვილები  ჩვენს ქალაქზე ზრუნვას. საინტერესო იქნება მათი თვალით დანახული თბილისი“ – განაცხადა თბილისის მერმა.

 

რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში
რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში

თბილისის მერიის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ისეთი ნაშრომი, რომელსაც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური მოიწონებს, მაშინ თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის სკვერში დაიდგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი