თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი ამბობს, რომ “მფარველთა საბჭო” ოპერის თეატრს დაეხმარება პოპულარიზაციასა და სტრატეგიულ განვითარებაში, ასევე გაუწევს რეკომენდაციებს შიდა რეგულარიზაციასა და კარგი მენეჯმენტის წარმართვაში.
დავით კინწურაშვილს იმედი აქვს, რომ “მფარველთა საბჭო” დაეხმარება თეატრს კავშირები დაამყაროს კონკრეტულ ფესტივალებთან და სხვადასხვა თეატრთან გაცვლით პროგრამებში მიიღოს მონაწილეობა.

“ეს არის თეატრისთვის გლობალურად პოპულარიზაციაში დახმარება, ასევე სტრატეგიულად, თეატრის განვითარებაში უზარმაზარი წვლილის შეტანა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს საბჭოში ასეთი დიდი სახელები გაერთიანდნენ”, – თქვა დავით კინწურაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე.
მემორანდუმს კულტურის სამინისტროსა და ოპერისა და ბალეტის თეატრს შორის გუშინ, 5 ოქტომბერს, მოეწერა ხელი და მფარველთა საბჭომ ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება.
“ვინც ახლა შეიკრიბა “მფარველთა საბჭოში”, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ იწყებენ ზრუნვას, თითქმის ყოველდღიურს, იმისთვის, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჩაეწეროს მსოფლიოს მაღალი რანგის თეატრების ფერხულში”, – განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა, რომელიც პრესკონფერენციას დაესწრო.
“მფარველთა საბჭო” შეხვედრებს წელიწადში ორჯერ გამართავს. მასში შედიან ქართველი მომღერლები ბადრი მაისურაძე და მაყვალა ქასრაშვილი, პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი, ცნობილი დირიჟორი დიმიტრი იუროვსკი, ვენის თეატრის სამხატვრო ადმინისტრაციისა და კასტინგის ხელმძღვანელი სებასტიან შვარცი, დირიჟორი ბრუნო ვაილი და ცნობილი რეჟისორი დიმიტრი ბერტმანი.
დავით კინწურაშვილის თქმით, მფარველთა საბჭო შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

