ხელოვნება

ოდიშარია: იყო საკითხები, რაც სწრაფად გადაწყვეტას მოითხოვდა და მე ვჭოჭმანობდი

22 ივლისი, 2014 • • 1010
ოდიშარია: იყო საკითხები, რაც სწრაფად გადაწყვეტას მოითხოვდა და მე ვჭოჭმანობდი

გურამ ოდიშარიამ თანამდებობა 21 ივლისს დატოვა სხვა ექვს მინისტრთან ერთად, პრემიერ-მინისტრის გადაწყვტილებით. ოდიშარია “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულზე იცოდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მისი თანამდებობიდან დათხოვნა სურდა.

 

“პრემიერთან ადრე გვქონდა საუბარი. თითქმის 2 წელია ვარ მინისტრი და ამ წლების განმავლობაში ადამიანი ამზადებს თავს, რომ სხვაგან გააგრძელოს მოღვაწეობა. ერთი და იგივე ადგილას ფაქტობრივად არსად არ ვყოფილვარ. ამიტომ ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ვიცოდი წინასწარ”, – ამბობს გურამ ოდიშარია.

 

კითხვაზე, თანამდებობის დატოვება იყო თუ არა პრემიერის ინციატივა, გურამ ოდიშარია პასუხობს, რომ ეს იყო ორმხრივი გადაწყვეტილება.  

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რა საკითხების გამო იყო ირაკლი ღარიბაშვილი უკმაყოფილო მისი მუშაობით, გურამ ოდიშარია პასუხობს:

 

“კი იყო. არის საკითხები, რომელიც სწრაფად გადაწყვეტას მოითხოვდა და ამ საკითხებთან მე ვჭოჭმანობდი, ვფიქრობდი- როგორ ჯობია, რანაირად. რამდენიმე საკითხი იყო ასეთი და ჩვენ საუბარი გვქონდა. გახსნილი საუბარი ყოველთვის გვქონდა და გვაქვს, იმიტომ, რომ მე ვარ გუნდის წევრი და ვრჩები გუნდის წევრად.”

 ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საყდრისის მაღაროს საკითხი ერთ-ერთი მძიმე თემა იყო.

 

გურამ ოდიშარიას სამომავლო გეგმები ჯერ უცნობია. იგი ამბობს, რომ შესაძლოა კონფლიქტების დარეგულირების ან მწერლობის მიმართულებით იმუშაოს:

 

“რამდენიმე ვარიანტია. იცით, რომ კონფლიქტოლოგი ვარ, ჩავდივარ ხოლმე სოხუმში. მინისტრობის დროს არ ჩავსულვარ. დიალოგი მაქვს აფხაზებთან. ჩემი ახლობელია ბევრი, მე იქაური ვარ. 20 წელია, რაც სახალხო დიპლომატიის ეგიდით გამართულ შეხვედრებში ვღებულობ მონაწილეობას. შეიძლება ამ კუთხით, შეიძლება, მწერალი ვარ, ხელოვნებათმცოდნე დრამატურგი და ასე შემდეგ.”

 

გურამ ოდიშარია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მუშაობდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი