ხელოვნება

როგორ ახასიათებენ გურამ ოდიშარიას მინისტრობას ხელოვნებათმცოდნეები

21 ივლისი, 2014 • • 1206
როგორ ახასიათებენ გურამ ოდიშარიას მინისტრობას ხელოვნებათმცოდნეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 7 მინისტრთან ერთად, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარიაც დაითხოვა. პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად მინისტრთა კაბინეტის მუშაობის გაუმჯობესება დაასახელა. 

 

“ნეტგაზეთი” ხელოვნებათმცოდნეებს დაუკავშირდა და სთხოვა შეეფასებინათ კულტურის მინისტრის საქმიანობა. 

 

“ძეგლის მეგობრის” წევრი სალომე ჭანტურიძე ამბობს, რომ გურამ ოდიშარია გადაწყვეტილებებს იღებდა არა კულტურული მემკვიდრეობის სასარგებლოდ, არამედ კონკრეტული ადამიანებისსთვის ანგარიშის გასაწევად:

 

“მთელი მისი მინისტრობის განმავლობაში კულტურის სამინისტრო მეგონა RMG Gold-ის ფილიალი. მთავარი შეცდომა მინისტრის ის იყო, რომ ის არ უსმენდა ხალხს. ჩემი აზრით, სუსტი მინისტრი იყო.”

 

ხელოვნებათმცდონე სალომე ჭანტურიძე ამბობს, რომ სამინისტრომ კულტურის პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა, მაგრამ არ გაასაჯაროა იმ მიზეზით, რომ დოკუმენტი მინისტრის მოადგილის მარინე მიზანდარის დროს დაამუშავეს და მიზანდარის თანამდებობის დატოვების შემდეგ თავიდან დაიწყეს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება.

 

სალომე ჭანტურიძე მიიჩნევს, რომ ოდიშარიას დიდი შეცდომა იყო საყდრისის მაღარო, რადგან საყდრისმა გამოიწვია პროტესტის დიდი ტალღა:

 

“ხალხს არ უსმენდა არასოდეს. მე არ მახსოვს, თუნდაც რამდენი აქცია გვაქვს, არასოდეს არ ყოფილა ის გახსნილი და არასოდეს შევსულვართ სამინისტროში, რომ გაეგო ჩვენი პოზიცია. მინისტრს ალბათ ეგონა, რომ რადგან დანიშნული იყო მთავრობის მიერ, მისი ხელქვეითი იყო და ასრულებდა იმას, რასაც ისინი ეტყოდნენ.”

 

სალომე ჭანტურიძეს მიაჩნია, რომ გურამ ოდიშარიას სამინისტროში უნდა გაეტარებინა საკადრო ცვლილებები და სამინისტროს თანამდებობის ის პირები გაეთავისუფლებინა, რომლებიც პარტიული ნიშნით დააწინაურა წინა ხელისუფლებამ, ხოლო მათ ადგილას კვალიფიციური პირები უნდა დაენიშნა.

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია მიიჩნევს, რომ გურამ ოდიშარიამ ვერ დაძლია სამინისტროს მთავარი პრობლემა: ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი. პრობლემა იყო არაპროფესიონალი კადრების თავმოყრა კულტურის სამინისტროში, ამბობს კილასონია. მისი აზრით, თითქმის ყველა ხელისუფლება არასერიოზულად აღიქვამს კულტურის სამინისტროს, რომელსაც აკომპლექტებდნენ ნათესავების, პარტიული თანამშრომლებისა და იმ დეპუტატებით, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

 

“ჩვენ გვყავს კულტურის სამინისტრო, რომელიც ემეგობრება გარკვეულ ჯგუფებს, რომელიც მართავს პროცესებს კლანურობის, გუნდურობის ნიშნით. ოდიშარიამ თავისი არაფრის კეთებით ხელი შეუწყო ამ ყველაფრის განვითარებას”, მიიჩნევს კილასონია.

 

სოფო კილასონია ამბობს, რომ უარყოფითი მოვლენაა ის, რომ კულტურის სამინისტრომ გააუქმა სარეკომენდაციო საბჭო და მის მაგივრად შექმნა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც განიხილავს ძეგლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნას:

“კულტურის სამინისტროს რაც კი რამ ძალა ჰქონდა, თუკი ჰქონდა, ესეც დაუკარგა და დუმილით გახადა უუნარო ინსტიტუცია. მაშინ, როდესაც კულტურის სამინისტრო ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში არის ინსტიტუცია, რომელიც ადგენს სტანდარტს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში კულტურა.”

 

კილასონიას აზრით, შეცდომა იყო თეატრების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც რეჟისორები გახდნენ დიდი ძალაუფლების პირები, რომლებიც შემდეგ სხვა რეჟისორებს თეატრში არ უშვებენ და ამის ნათელი მაგალითია რუსთაველის თეატრი.

 

სოფო კილასონია გაუმართლებლად მიიჩნევს დაუხარჯავი რამდენიმე მილიონი ლარის 2013 წლის ბიუჯეტში დაბრუნებას, რაც მისი აზრით, ბიუჯეტის არასწორი ხარჯვის მაგალითია.

 

აქედან გამომდინარე კილასონიას მიაჩნია, რომ კულტურის სამინისტროში განხორციელებული ცვლილება არაფერს შეცვლის კულტურის პოლიტიკის კუთხით, რადგან ღარიბაშვილმა აქამდეც არ გაითვალისწინა მათი შენიშვნები:

 

“გურამ ოდშარია მოხსნეს არა იმის გამო, რომ 5-6 თვის წინ დაფიქსირდა კანონდარღვევა ამ სამინისტროში, ან ფინანსების არასწორი ხარჯვა, ან დაფიქსირდა ნეპოტიზმი, ერთი თვის წინ სამინისტრომ წააგო პროცესი საყდრისთან დაკავშირებით. დარმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება დანიშნავს ვიწრო გუნდის წარმომადგენელს და არა კულტურის სფეროს წარმატებულ მენეჯერს.”

ლალი პერტენავა, ხელოვნებათმცოდნე, მიიჩნევს, რომ ოდიშარია დიდი პასუხისმგებლობით ვერ ეკიდებოდა თავის თანამდებობას. პერტენავა ამბობს, რომ ბევრი პოზიტიური ღონისძიება, რომელიც მიმართული იყო კულტურის პოლიტიკისკენ, ოდიშარიამ უარყოფითად აღიქვა, იმ მიზეზით, რომ ისინი მიუღებელი იყო “გუნდისთვის”:

“ოდიშარია ვერც ვერაფერს ცდილობდა, ვერც ვერაფერს ეკამათებოდა, არ გააჩნდა პროფესიული გამოცდილება ამ სფეროში. თუ მწერალი იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კულტურის სფეროში მას მართვის უნარები ჰქონდა. მაგრამ, რაც მთავარია, არც მოტივაცია და არც სიძლიერე არ ჰქონდა იმისი, რომ გუნდს დაპირისპირებოდა, ან გუნდის აზრი შეეცვალა. მხოლოდ არ ვიცი ამ გუნდში რა მოიაზრება.”

 

ლალი პერტენავა მიიჩნევს, რომ გურამ ოდიშარიას უჭირდა კომუნიკაცია თავის თანამშრომლებსა და საზოგადოებასთან.; რომ გურამ ოდიშარიამ ვერ შეძლო მთავრობასა და კულტურის სფეროს სპეციალისტებს შორის მედიუმის როლი შეესრულებინა და მათი პოზიციები დაეცვა. 

 

გურამ ოდიშარია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი