ხელოვნება

რატომ უპირისპირდებიან მწერალთა კავშირის წევრები მაყვალა გონაშვილისა და რევაზ მიშველაძის ხელახლა არჩევას

24 ივნისი, 2014 • • 3321
რატომ უპირისპირდებიან მწერალთა კავშირის წევრები მაყვალა გონაშვილისა და რევაზ მიშველაძის ხელახლა არჩევას

ლევან ფანჩვიძე, მწერალთა კავშირის წევრი ამბობს, რომ ამ არჩევნებმა არაფერი შეცვალა მწერალთა კავშირისთვის. მისი თქმით, ხელმძღვანელ პოზიციებზე ისევ ის ადამიანები დარჩნენ, რომლებმაც “დაანგრიეს მწერალთა კავშირი”.

 

ფანჩვიძის თქმით, მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობამ დააწესა ყოველწლიური პრემია, რომელიც მას ერთი თვის წინ მისი გულის მოსაგებად მისცეს:

 

“მომცეს რაღაც ფარატინა ფურცელი, ბრჭყვიალა, ჩუქურთმებით, ყვავილებით გაფორმებული და ბეჭედდარტყმული. გადმომცეს და ეს იყო პრემია. ეს არის თამაში, ფარსი, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქართული მწერლობა გააუფასურონ.”

 

ლევან ფანჩვიძე ამბობს, რომ მაყვალა გონაშვილმა და რევაზ მიშველაძემ მწერალთა კავშირის ქონება გაფლანგეს. გამომცემლობა “მერანის” შენობის გაყიდვის შემდეგ კავშირმა მისი კუთვნილი 25% წილი მიიღო. მისი თქმით,  ამის ფასად მხატვრის ქუჩაზე შენობა იყიდეს, სადაც სტამბა გახსნეს, თუმცა სტამბა არ მუშაობს.

 

ფანჩვიძის მტკიცებით, მიშველაძემ და გონაშვილმა შენობა სტამბისთვის 130 ათას ლარად შეიძინეს, თუმცა მის საფასურად გაცილებით მეტი მიუთითეს,  დარჩენილი თანხა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

მწერალთა კავშირის წევრმა ვახტანგ ხარჩილავამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მისი უკმაყოფილება გამოიწვია მწერალთა კაშირის ხელმძღვანელობის დაპირების, “შემთხვევითი წევრების” კავშირიდან გარიცხვის  შეუსრულებლობამ.

 

ვახტანგ ხარჩილავა ამბობს, რომ მწერალთა კავშირის წევრთა რაოდენობა 600 ადამიანამდეა გაზრდილი, რომელთაგან დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს შეხება მწერლობასთან და მწერალთა გაერთიანება “ლიტერატურის მოყვარულთა წრეს ჰგავს”.

 

მისი თქმით, ყრილობაზე მისულმა აღმოაჩინა, რომ “შემთხვევითი პირები ისევ დარბაზში ისხნდენ და ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობდნენ. მწერალს მიაჩნია, რომ აღნიშნული პირები მწერალთა კავშირში იმისთვის გაერთიანდნენ, რომ ახლად არჩეული ხელმძღვანელობისთვის ხმები მიეცათ:

 

“ათი წელი გრძელდება ეს და ისევ ხუთი წლით აირჩიეს მაყვალა გონაშვილი და რევაზ მიშველაძე”.

 

ვახტანგ ხარჩილავა გამომცემლობის გაყიდვასაც შეეხო. მისი თქმით, ფული გაიხარჯა არაკეთილგონივრულად, რადგან კავშირმა იყიდა სასტუმროს ტიპის შენობა, რომელიც არ გამოდგება გამომცემლობისთვის. მწერლის თქმით, არსებობს დოკუმენტებიც, რომლებიც არ შესწავლილა. ხარჩილავას მიაჩნია, რომ ეს საკითხი სამართლებრივად უნდა გამოიკვლიონ.

 

“მწერალთა ორგანიზაციაში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ძნელია, რომ ამ ორგანიზაციას მწერალთა ორგანიზაცია უწოდო, ქუჩიდან მოყვანილი ხალხით გაავსეს და ეს იქცა ლიტერატურის მოყვარულთა კლუბად”, – ამბობ ხარჩილავა.

 

მწერალთა კავშირმა 22 ივნისს აირჩია სამდივნო ახალი წესით, რაც გულისხმობს, იმას, რომ სამდივნოს ხუთი წევრი ხუთი წლის განმავლობაში მონაცვლეობით იქნება კავშირის თავმჯდომარე. ახალმა სამდივნომ კავშირის საპატიო თავმჯდომარედ ჯანსურ ჩარკვიანი აირჩია. გონაშვილის განმარტებით, საპატიო თავმჯდომარეობა მხოლოდ სიმბოლური თანამდებობაა და კავშირის საქმიანობაში არ ჩაერევა. 

 

ახალარჩეული სამდივნოს ერთ-ერთი წევრი მაყვალა გონაშვილი ამბობს, რომ მწერალთა კავშირს 510 წევრი ჰყავს, ხოლო 2011 წლიდან დღემდე 70 წევრი მიიღეს, უმეტესად  რეგიონებიდან, რომ თბილისის გარეთ მცხოვრები მწერლებიც ჩართულიყვნენ კავშირის მუშაობაში.

 

მწერალთა კავშირის 24-ე ყრილობამ ახალი წესით აირჩია კავშირის სამდივნოს ხუთი წევრი, რომლებიც მონაცვლეობით ხუთი წელიწადი გაუძღვებიან მწერალთა კავშირს. მაყვალა გონაშვილი ამბობს, რომ, მართალია, მან ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ რევაზ მიშველაძეს, რადგან იგი ასაკით ყველაზე დიდია, დაუთმობს თავმჯდომარეობას და თვითონ მომდევნო წელს იქნება ხელმძღვანელი. გონაშვილისა და მიშველაძის გარდა, სამდივნოში სოსო სიგუა, ბაღათერ არაბული, თემურ ჩალაბაშვილი შედიან. 

 

გონაშვილი ამბობს, რომ ახალი წესით სამდივნოს არჩევის მიზანი იყო ის, რომ არსებული დაპირისპირება მწერალთა კავშირში დასრულებულიყო და მწერლებს შეთანხმებისთვის მიეღწიათ, თუმცა, მისი თქმით, მიზანმა არ გაამართლა, რადგან ყრილობას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია.

 

მაყვალა გონაშვილის თქმით, გამომცემლობა “მერანი”, რომელიც მწერალთა კავშირის საკუთრებაში შედიოდა, 1997 წელს პრივატიზებას დაექვემდებარა, რომლის 25% მწერალთა კავშირს დარჩა, ხოლო75% მწერალთა კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელობის წევრებს შორის გადანაწილდა.

 

“მთელი კურიოზი ის იყო, რომ ის ხალხი მდებდა ბრალს, რომელიც იყო მწერალთა კავშირის მაშინდელ ხელმძღვანელობაში”, – ამბობს გონაშვილი.

 

2007 წელს, როცა გაიყიდა გამომცემლობა, მწერალთა კავშირმაც თავისი წილი გაყიდა და მიღებული თანხით სტამბა იყიდა. გონაშვილი ამბობს, რომ სტამბის უფუნქციობის მიზეზი მწერლების ამბიციებია – ყველას თავისი წიგნის გამოცემა სურს, რომლებიც შემდეგ არ იყიდება.

 

გონაშვილის თქმით, მწერალთა გაერთიანებამ, რომელიც სახელმწიფო დოტაციის გარეშე მუშაობს 2004 წლიდან, ვერ შეინახა სტამბა. მწერალთა კავშირის შემოსავალი, მისი თქმით, მაჩაბლის #1-ში მდებარე გაქირავებული ფართია. იქიდან მიღებულ თანხას მწერალთა კავშირი 15 თანამშრომელს შორის ანაწილებს. 

 

გონაშვილი გაფლანგული თანხების შესახებ ბრალდებაზე ამბობს, რომ მწერალთა კავშირში მართლაც ჩატარდა აუდიტი, რომელმაც დარღვევები ვერ გამოავლინა, ხოლო 2010 წელს სარევიზიო კომისიამ შეისწავლა მწერალთა კავშირის ფინანსები.

 

მაყვალა გონაშვილის თქმით, მწერალთა კავშირი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ახლად არჩეული სამდივნოს პრიორიტეტები ამ მდგომარეობის გამოსწორებაა. მისი თქმით, 2014 წლის სექტემბრიდან შეიქმნება კომისიები, რომლებიც წლიურ პროგრამებზე იმუშავებს.

კომისიების პრიორიტეტი უცხოეთში ქართული ლიტერატურის გატანა, ახალგაზრდა მწერლებისთვის უკეთესი პირობების შექმნა და მწერლების მძიმე სოციალური პრობლემების მოწესრიგება იქნება, ხოლო პოტენციურ დონორებად გონაშვილს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და სხვა ფონდები ესახება.

მასალების გადაბეჭდვის წესი