ხელოვნება

აქცია საყდრისის მაღაროსთვის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით 5 ივნისს გაიმართება

3 ივნისი, 2014 •
აქცია საყდრისის მაღაროსთვის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით 5 ივნისს გაიმართება

აქცია 5 საათზე დაიწყება. ორგანიზატორების თქმით, აქციას ქვია 5 ერთისათვის – რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულმა ადამიანმა აქციაზე უნდა მიიყვანოს მისი ხუთი ახლობელი და ამ გზით გაავრცელოს ინფორმაცია საყდრისის შესახებ. 

 

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ აქციაზე იგეგმება ფოტოგამოფენა იმ ძეგლებისა, რომელიც დაზიანების საფრთხის ქვეშ არის, მათ შორის საყდრისის მაღაროსა და საყდრისის ტერიტორიაზე მდებარე ადრე შუასაუკუნეების ეკლესიების. 

 

“ჩვენი აქცია იქნება იმისათვის, რომ ვაჩვენოთ საზოგადოების მხარდაჭერა მთავრობას. აჩვენონ ადამიანბემა, რომ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კულტურა, თავისი მემკვირეობით თუ თანამედროვეობით,” – ამბობს ლალი პერტენავა.

 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ამბობს, რომ აბსურდული სიტუაცია იქმნება, რადგან საყდრისის დაცვას ცდილობენ მოქალაქეები, ხოლო ის ინსიტიტუციები, რომლებიც ძეგლების დაცვაზე უნდა ზრუნავდნენ, მათი მოპასუხეები არიან სასამართლოს დარბაზებში. 

 

‘მწვანე მუშტის’ მიერ გავრცელებული ფოტოები საყდრისიდან

 

“ყველა შევხედრაზე სამინისტროსა და სააგენტოს წარმომადგენლები ახმოვანებენ კერძო კომპანიის ინტერესებს, რაც აბსურდულს ხდის მათთან დისკუსიას”, – ამბობს კილასონია. 

 

ხელოვნებათმცოდნის თქმით, აქციის მიზანია, რომ სააგენტოს შეახსენოს მისი ფუნქციები, რა მდგომარეობაშია კულტურული მემკვიდროების ძეგლები საქართველოში. 

 

პერტენავას თქმით, სამუშაოები შეჩერებულია. ამას თავად კომპანია RMG Gold-იც ადასტურებს. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 მაისს დააკმაყოფილა “საიას” შუამდგომლობა იმის მოთხოვნით, რომ საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარება კომპანიას სამართლებრივადაც ეკრძალება. 

 

ლალი პერტენავა ამბობს, რომ მოწვეული ექსპრტების: გერმანელი არქეოლოგის, ალბრეხტ იოჰენხოველისა და ბულგარელი გეოლოგის, ვენელინ ჟელევ ჟელევის მიერ 2014 წლის მაისში დაწერილ დასკვნას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და სასამართლოს წარუდგინა, როგორც არგუმენტი იმისა, თითქოს მკვლევრებმა გასცეს რეკომენდაცია, რომ  RMG-მ საყდრისში წიაღისეული მოიპოვოს. 

 

პერტენავას თქმით, მოწვეულმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ საყდრისში არის უძველესი მაღარო, რომელიც უნდა შეისწავლონ. 

 

სოფო კილასონია ამბობს, რომ საყდრისისთვის კულტურული მემკვიდეობის ძეგლის სტატუსის აღდგენის შემდეგ ისინი კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოში გადაწყვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ:

 

“უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ხელს აწერდა, რომ ეს ძეგლი არაფერს არ წარმოადგენს, რაც აზიანებს არა მარტო საყდრისს, არამედ სხვა ძეგლებსაც. ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ, სხვა ძეგლების შემთხვევაში რა ხდება, თუ ისინი ამ ტიპის დასკვნებს წერენ იმ ძეგლებზეც, რომელთა პრობლემებიც ასეთი პოპულარული არ არის.”

 

საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოეხსნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე RMG Gold ოქროს მოიპოვებს, ხოლო მიწის სამუშაოების გაგრძელება ობიექტის გაუქმებას გულისხმობს. მოქალაქეთა ჯგუფი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი