აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია ბუსკაძემ 30 მაისს გამოიტანა. საქმეში მოსარჩელე მხარეს “საია” და დალი მამულაშვილი, ხოლო მოპასუხე მხარეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენდნენ. დავის საგანი კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული რამდენიმე სამართლებრივი აქტის გაბათილება იყო.
სადავო აქტებს შორის იყო 2014 წლის 13 მარტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სამართლებრივი აქტი, რომლითაც RMG-ის საყდრისში მსხვილმასშტაბიანი მიწის სამუშაოების ჩატარების ნებართვა მისცა. სამინისტროს მაშინდელი განცხადებით საყდრსიში ოქროს უძველესი მაღარო არ დასტურდებოდა.
კიდევ ერთი სადავო აქტი იყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც საიას აღმასრულებელი დირექტორის, კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი თქვა.

საიამ და დალი მამულაშვილმა თბილისის საქალაქო სსამართლოს 2014 წლის 19 მაისს მიმართეს.
საიას განმარტებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანიას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საყდრისი-ყაჩაღიანში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით სამუშაოების წარმოება ეკრძალება.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეების პოზიცია, რომ “შესაძლოა მოხდეს ზემოაღნიშნული ობიექტის დაზიანება, რის გამოც შეუძლებელი იქნება მისი პირვანდელი მდგომარეობისა და არქეოლოგიური ღირებულების აღდგენა, შესაბამისად, შეუძლებელი იქნება იმ ინტერესის დაცვა, რომლის დასაცავადაც მოსარჩელეებმა წარადგინეს სასამართლოში სარჩელი’’.
სასამართლომ მიუთითა, რომ “განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზემოთ მითითებული ობიექტის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომელიც განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ თუ არქეოლოგიურ ღირებულებას. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების მიუღებლობის პირობებში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება, ვინაიდან აღარ იარსებებს დავის საგანი’’.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და RMG Gold-ის მოწვეულმა ექსერტებმა, გერმანელმა არქეოლოგმა, ალბრეხტ იოჰენხოველმა და ბულგარელმა გეოლოგმა, ვენელინ ჟელევ ჟელევმა კვლევით დაადასტურეს, რომ საყდრისში უძველესი მაღარო მდებარეობს.

კულტურის სამინისტრომ საყდრისის მაღაროსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შემდეგ, 2014 წლის მარტში, RMG-ს მისცა წიაღისეულის მოპოვების ნებართვა. თუმცა მოქალაქეების ნაწილის წინააღმდეგობისა და აქციების ფონზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ საერთაშორისო ექსპერტები მოიწვია, რომლებმაც 2014 წლის მაისის დასაწყისში საყდრისში სიტუაცია შეისწავლეს.
საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოეხსნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე RMG Gold-ი ოქროს მოიპოვებს, ხოლო მიწის სამუშაოების გაგრძელება ობიექტის გაუქმებას გულისხმობს. მოქალაქეთა ჯგუფი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.







