ხელოვნება

ამერიკა მაია ანჯელოუს ემშვიდობება

29 მაისი, 2014 • • 2677
ამერიკა მაია ანჯელოუს ემშვიდობება

“მან იცხოვრა, როგორც მასწავლებელმა, აქტივისტმა, არტისტმა და როგორც ადამიანმა, რომელიც იბრძოდა თანასწორობისთვის, შემწყნარებლობისა და მშვიდობისთვის,”- წერია განცხადებაში.

 

მაია ანჯელოუს აგენტმა ჰელენ ბრანმა “Wall Street Journal”-ს უამბო, რომ ანჯელოუ ახალ წიგნზე მუშაობდა, რომლის ნახევარი უკევ დაწერილი ჰქონდა. აგენტმა ანჯელოუსთან გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სწორედ ახალი წიგნის შესახებ ისაუბრა:

 

მაია ანჯელოუ
მაია ანჯელოუ

“ისეთივე შემართებით საუბრობდა, როგორც მთელი ცხოვრება. დაინტერესებული იყო თავისი ახალი წიგნით, სწორედ ამ წიგნზე ვისაუბრეთ.”

 

სანამ მწერლობას დაიწყებდა,  მაია ანჯელოუ მუშაობდა რედაქტორად და ჟურნალისტად, მოცეკვავედ, იყო რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი, მომღერალი, ლოს ანჯელესში მუშაობდა ტრამვაის მძღოლად და მცხობელად.

 

თუმცა ანჯელოუს ყველაზე მეტად იცნობენ როგორც მწერალსა და ესსეისტს, რომლის სიტყვები ისმოდა ყველგან: საპრეზიდტო ინაუგურაციებიდან დაწყებული მისალოცი ბარათებით დასრულებული.  

 

ანჯელოუმ თავისი მოღვაწეობის მანძილზე გამოაქვეყნა 36 წიგნი: შვიდი ავტობიოგრაფიულია, ესეებისა და ლექსების კრებულები, კერძებისა და საბავშვო წიგნები.

 

ყველაზე ცნობილი წიგნი მან 1969 წელს გამოქვეყნა “ვიცი რატომაც ტირიან დატყვევებული ჩიტები,” რომელმაც მწერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. წიგნში, რომელიც ანჯელოუს ბავშვობისა და მოზარდობის წლებს ეხება, ძირითადი თემებია სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, რასობრივი მიკუთვნებულობისა და სექსიზმის საკითხები. ბესთსელერად ქცეული წიგნი, რომლის მილიონობით ეგზემპლარი იყიდება, შეერთებული შტატების  სკოლების კურიკულუმშია შესული, ამბობს “Wall Street Journal”.

 

მაია ანჯელოუ
მაია ანჯელოუ

მაია ანჯელოუ მარგარეტ ჯონსონის ფსევდონიმია, რომელიც 1928 წელს სენტ-ლუისში (არკანზასი) დაიბადა. იგი მშობლებსა და ბებიასთან ერთად იზრდებოდა.

 

შვიდი წლის ასაკში დედის მეგობარი კაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამის გამო ანჯელოუ 5 წლის განმავლობაში არ საუბრობდა. მხოლოდ სწავლობდა, კითხულობდა და ისმენდა.

 

“კითხვა შვიდი წლის ასაკში დავიწყე, როცა ჩემმა მეზობელმა ქალმა წამიყვანა ბიბილიოთეკაში. აფროამერიკელთა სკოლის ბიბლიოთეკაში წავიკითხე ყველა წიგნი, ვკითხულობდი იმათაც, რომლის აზრსაც ვერ ვხვდებოდი”, – განუცხადა მან “ასოშიეითიდ პრესს”.

 

ანჯელოუს გარდაცვალებას განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა:

 

“ბავშვობისდროინდელმა ძალადობამ და ტანჯვამ მას საუბარი შეაწყვეტინა, მაგრამ ხმა, რომელიც მან საკუთარ თავში იპოვა, მივიდა მილიონობით ამერიკელის ყურამდე და აპოვნინა მათი ცისარტყელა ღრუბლებს შორის, შთაგვაგონა, რომ ჩვენი თავის საუკეთესო ნაწილი გვეპოვნა.”

 

სანამ პოეტი გახდებოდა, იყო ტროლეიბუსის მემანქანე სან-ფრანცისკოში, გაზეთის რედაქტორი ეგვიპტესა და განაში, მზარეული და კომერციული სექსმუშაკი, როცა იყო სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა. მოგვიანებით წერდა სცენარებს ტელეპროგრამებისა და ფილმებისთვის. ასევე მღეროდა და ცეკვავდა კლუბებში. გამოუშვა ალბომი და სწორედ ამ დროის შეარჩია სახელი სცენისთვის – მაია ანჯელოუ.

 

1950-60-იან წლებში ანჯელოუ ნიუ იორკში ჩავიდა, სადაც ანტირასისტულ მოძრაობაში ჩაერთო. ამ დროს დაუმეგობრდა ანტირასისტული მოძრაობის ლიდერებს, მალკოლმ იქსსა და მარტინ ლუთერ კინგს. ანჯელოუ ასევე მეგობრობდა აპარტეიდის წინააღმდეგ მებძოლ და მოგვიანებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნელსონ მანდელასთან, – იუწყება Sky News.

 

უკვე აღიარებული პოეტი 1993 წელს ბილ ქლინთონის პირველი ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა, რომელშიც წაიკითხა თავისი ცნობილი ლექსი “დილის მაჯისცემა”.

 

ანჯელოუმ 1998 წელს გადაიღო ფილმი “Down In The Delta” ნარკოდამოკიდებულ ქალზე, რომელიც მისისიპის დელტაში მდებარე მისი წინაპრების სახლში ბრუნდება.

 

იგი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად გამოდიოდა სიტყვით აკადემიური თუ სხვა ტიპის ღონისძიებეზე, მართავდა საჯარო ლექციებს. მას აქვს არაერთი ჯილდო მიღებული და რამდენიმე საჯარო სკოლა მის სახელს ატარებს, წერს Wall Street Journal.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მაია ანჯელოუს აჯილოდებს თავისუფლების საპრეზიდენტო ორდენით. 2011 წელი
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მაია ანჯელოუს აჯილოდებს თავისუფლების საპრეზიდენტო ორდენით. 2011 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი