ხელოვნება

თბილისის წიგნის ფესტივალს უცხოელი და ქართველი მწერლები ესტუმრებიან

26 მაისი, 2014 • • 1600
თბილისის წიგნის ფესტივალს უცხოელი და ქართველი მწერლები ესტუმრებიან

თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი ექსპო ჯორჯიის მე-11 პავილიონში 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორების მოწვევით თბილისს ფესტივალის სპეციალური სტუმარი, ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ ეწვევა. მისი წიგნები მსოფლიოს 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ქართველი მკითხველი მას 2008 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული წიგნით „ნაივური სუპერი“ იცნობს. ფესტივალზე ვიზიტის ფარგლებში ერლენდ ლუ გამართავს შეხვედრებს მწერლებთან და მკითხველებთან.

 

სპეციალური სტუმრის გარდა, გამომცემლობა ”ინტელექტის“ ორგანიზებით,  წიგნის ფესტივალს გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი ეწვევა, რომლის რომანიც ”ჟუჟა“ პირველად გამოიცემა საქართველოში და მისი პრეზენტაცია ჯერ ფესტივალის პავილიონში, შემდეგ კი ”მწერალთა სახლში“გაიმართება.

 

„ქარჩხაძის გამომცემლობის“ ორგანიზებით თბილისის ეწვევა ნორვეგიელი მწერალი სტიან ჰულე. მისი ორი წიგნის პრეზენტაცია, ”ანას ზეცა“და”გარმანის ზაფხული“, ფესტივალის პავილიონში გაიმართება.

 

თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი
თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი

ფესტივალს დასასრულს კიდევ ერთი სტუმრის, კანადელი პოეტის, პატრიკ ვუდქოქის პოეზიის საღამო გაიმართება ”მწერალთა სახლში“, რომლის ლექსებიც პოეტმა შოთა იათაშვილმა თარგმნა.

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოს ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია, რომლის ფარგლებშიც 65 ბიბლიოთეკას საშუალება მიეცემა განაახლოს წიგნადი ფონდი.

 

ფესტივალს გახსნის ცერემონიას წაიყვანს, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი მამუკა ხანთაძე, რომელიც მიესალმება მონაწილეებსა და სტუმრებს, ისაუბრებს ფესტივალის ისტორიის შესახებ. წიგნის ფესტივალზე სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 1997 წლიდან ტარდება, საქართველოს საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. ფინანსური მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია. ფესტივალს ყოველწლიურად ათეულ ათასობით მკითხველი სტუმრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი