ხელოვნება

კულტურის როგორ პოლიტიკას აირჩევს საქართველო

22 მაისი, 2014 • • 2064
კულტურის როგორ პოლიტიკას აირჩევს საქართველო

კულტურის პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს პრიორიტეტებს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იშლება: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და პოპულარიზაცია, კულტურის სფეროში განათლების დონის ამაღლება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, ხოლო რეგიონებში -კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 

2013 წელს კულტურის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა კულტურის პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტს. მასზე მუშაობას სამინისტრო რამდენიმე დღეში დაიწყებს.

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ რეფორმების გატარებას სჭირდება დრო და სახელმწიფოს რესურსები, მხოლოდ ერთი უწყება ვერ შექმნის კულტურის პოლიტიკის ეფექტურ დოკუმენტს:

 

“ზოგი ხელოვანი მოდის აქ ისე, როგორც მოდიოდნენ ცენტრალურ კომიტეტში, თითქოს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ყველაფერი. შეიცვალა დრო, შეიცვალა ქვეყანა. საქართველოს მთავრობას შევთავაზებთ ჩვენს გეგმას და დავიწყებთ ამაზე მუშაობას.”

კულტურის პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
კულტურის პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

მინისტრის თქმით, კულტურის პოლიტიკის შექმნაზე უნდა იმუშაოს მთელმა მთავრობამ, ამიტომაც შეიქმნება უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც სხვადასხვა სამინისტროს, არასამთავრობოსა და საპატრიარქოს წარმომადგენლები შევლენ.

 

კულტურის პოლიტიკის შექმნისთვის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მინისტრის აპარატის უფროსმა ლევან ხარატიშვილმა დღეს კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებსა და სამინისტროების წარმომადგენლებს გააცნო.

 

სამინისტრო გეგმავს 2014 წლის ბოლომდე წარმართოს კამპანია “ერთად შევქმნათ კულტურის პოლიტიკა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს მონაწილეობა მიიღოს ამ დოკუმენტის შემუშავების პროცესში. შეიქმნა საიტი, სოციალურ ქსელებში კი – სპეციალური გვერდები, რომელიც იქნება პალატფორმა საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობისთვის.

 

“ჩვენ გავითავლისწინებთ ამ ინფორმაციას და ნებისმიერი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მათი რეკომენდაციები და აზრები იქნება გათვალისწინებული”, – ამბობს ლევან ხარატიშვილი.

 

კულტურის პოლიტიკის შემუშავების პროცესში კულტურის სამინისტრო ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, უცხოელი ექსპერტების მოწვევას გეგმავს კულტურის პოლიტიკის მიმართ პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გასათვალისწინებლად.

 

 

საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია კულტურის პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე
საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია კულტურის პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე


 

ესმა კუნჭულია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი PR საკითხებში, გვეუბნება, რომ დღეისათვის კულტურის ცნობილი უცხოელი მკვლევარები გამოჰყოფენ კულტურის პოლიტიკის 5 მთავარ მოდელს, ანუ დღეს სხვადასხვა სახელმწიფო ირჩევს სხვადასხვა ტიპის პოლიტიკას, რომელიც მორგებულია კონკრეტული ქვეყნის ტრადიციებზე, ისტორიაზე, საზოგადოების მოთხოვნასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე.

 

 

კუნჭულიას თქმით,  კულტურის პოლიტიკის მოდელებს შორის მთავარ განსხვავებას ორი ძირითადი ფაქტორი ქმნის: 1.  როგორ ერევა სახელმწიფო ქვეყნის კულტურაში და 2. როგორ და რა დოზით აფინანსებს სახელმწიფო კულტურას. 

 

 

 

ესმა კუნჭულიამ განგვიმარტა, რომ საქართველომ უცხოელ ექსპერტებთან ერთად უნდა გაითვალისწინოს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, მაგრამ ამავე დროს, საქართველოს კულტურის პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ანუ არ უნდა მოხდეს სხვა ქვეყნისთვის თუნდაც იდეალური პოლიტიკის მოდელის „თვალდახუჭული“ გადმოღება.

 

მსოფლიოში არსებული 5 მოდელის პირობითი სახელებია: ლიბერალური, ელიტური, ბიუროკრატიული, პრესტიჟულ-საგანამანათლებლო და ემანსიპირებული.  მისი თქმით, ლიბერალური მოდელი გამოირჩევა სახელმწიფოს მხრიდან „ნეიტრალიტეტით“, ანუ ხელისუფლება კულტურის სფეროში არ ერევა, ხოლო კულტურის პოლიტიკა საბაზრო ეკონომიკაზეა მინდობილი.


ეს მოდელი ეფექტურად მუშაობს აშშ-ში, სადაც კულტურაში დიდ ფულს დებენ  კერძო პირები, ბიზნესსექტორი, ფონდები. „ნეიტრალური“ სახელმწიფო ხელს უწყობს ქვეყანაში „სპონსორულ ატმოსფეროს“, აწესებს საგადასახადო შეღავათებს და, შესაბამისად, კერძო პირებს უძლიერებს სურვილს, კულტურაში დააბანდონ კაპიტალი. თუმცა არსებობს ერთი „საშიშროება“ – რადგანაც ხელოვნების დაფინანსება საბაზრო ეკონომიკაზე პირდაპირ არის დამოკიდებული, ეკონომიკური კრიზისი აისახება კულტურაზე.

 

ელიტური მოდელი არის კულტურის პოლიტიკის დემოკრატიულობის თვალსაჩინო მაგალითი. სახელმწიფო პრიორიტეტად ირჩევს კულტურას, მაგრამ არ „მართავს მას“. ხელისუფლება კულტურის სფეროში ვალდებულებებს საგანგებოდ შექმნილ სამხატვრო საბჭოს გადასცემს. ელიტური მოდელი დიდი ბრიტანეთისთვის რჩეული მოდელია. დაახლოებით იმავე მოდელს ირჩევს გერმანია.

 

ბიუროკრატიული მოდელი გულისხმობს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ცენტრალიზებულ მოდელს, სადაც პირამიდის ცენტრში ხელისუფლებაა მოქცეული, რომელსაც იყენებდნენ სოციალისტური ქვეყნები. 

 

პრესტიჟულ-საგანმანათლებლო მოდელი ეროვნული კულტურის თვითმყოფადობაზეა აგებული. კულტურის პოლიტიკის მთელი ყურადღება ქვეყნის იმიჯზეა გადართული და საკუთარი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას ცდილობს მსოფლიოში. ეს მოდელი ხელს უწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას.

 

“ამის მაგალითია საფრანგეთი და ჩემი აზრით, საქართველოსაც უდიდესი პოტენციალი აქვს კულტურული ტურიზმის ასაყვავებლად”,- ამბობს ესმა კუნჭულია

 

ემანსიპირებული მოდელი ტოტალიტარიზმისგან გამოთავისუფლებულ ქვეყნებში გვხვდება, ამბობს ესმა კუნჭულია, იგი ენერგიულად ცდილობს მშობლიური ქვეყნის ტრადიციული ღირებულებების განვითარებასა და პოპულარიზაციას. ეს მოდელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. უცხოელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ „ემანსიპირებული“ მოდელი ვიწრო ჩარჩოებიდან არ გამოვა, შესაძლოა, შოვინიზმის ჩიხის საშიშროება წარმოიშვას.

 

კულტურის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ 2015 წელი გამოცხადდეს კულტურის წლად, ხოლო თბილისი – კულტურის ქალაქად.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, ისურვა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად ჩაერთოს კულტურის პოლიტიკის შექმნაში, რადგან კულტურული მემკვიდრეობის განვითარება შეუძლებელია მეცნიერებასთან მჭიდრო კავშირის გარეშე.

 

“უნდა დავიწყოთ კულტურული მემკვიდრეობის, ჩვენი მთავარი რესურსის, სწორი ადგილის მოძებნით. თუ პოზიცირება არ ექნა კულტურას საზოგადოებაში, ეს დოკუმენტი ტყუილად დარჩება. ამიტომ შევეცადოთ დავრწმუნდეთ ყველანი, რომ ეს არ არის მხოლოდ კულტურის სამინისტროს საქმე.”

 

ლანა ღოღობერიძე, კინორეჟისორი
ლანა ღოღობერიძე, კინორეჟისორი

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ამბობს, რომ საქართველოს ვერც ერთმა მთავრობამ ვერ განსაზღვრა კულტურის როლი. რეჟისორის თქმით, საქართველომ სტრატეგიულ პრიორიტეტად უნდა აქციოს კულტურა, თუმცა ეს რჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

 

“მინდა დავიჯერო, რომ ეს არ დარჩება სიტყვებად” – მიმართა ლანა ღოღობერიძემ კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას.

 

მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის არა მარტო შედგენა, არამედ განხორციელება, ამბობს ეკა მაზმიშვილი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორი. მას მიაჩნია, რომ კულტურის პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობასთან ერთად უნდა დაიწყოს კულტურის სფეროს პრობლემების კვლევა.

ეკა მაზმიშვილი ამბობს, რომ კულტურის პოლიტიკა მომავალზე, მომავალ თაობაზე ორიენტირებული უნდა იყოს. თბილისს არ ეტყობა, რომ იგი კულტურის ქალაქია, იგი უფრო ჰგავს სილამაზის ცენტრების, ბენზინგასამართი სადგურების ქალაქს, ხოლო რესურსი, მუზეუმების, თატრების, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზების სახით, რითიც გადაიცემა დიდი რაოდენობით თბილისში დაგროვილი კულტურული ინფორმაცია, ძალიან მცირეა:

 

“ჩვენ ვქმნით კულტურას მომავალი თაობებისთვის და არა მომავალი პოლიტიკოსებისთვის. ახალგაზრდებს არ აქვთ ინფორმაცია, სად მდებარეობს მუზეუმი, სად არის რუსთაველის თეატრი, სად რა საკონცერტო დარბაზებია”

 

ეკა მაზმიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი
ეკა მაზმიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი

ეკა მაზმიშვილი დაინტერესდა, ესწრებოდა თუ არა დღევანდელ შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი:

“ეკონომიკის სამინისტროს წამომადგენლები თუ არიან? არა?.. ფინანსთა სამინისტრო? კანონებს შეეხება ეს, ზოგიერთი კანონი ნამდვილად უშლის ხელს კულტურის და ხელოვნების განვითარებას და ალბათ ისინი მომავალში საკმაოდ სერიოზულად ჩაერთვებიან ამ დოკუმენტის შექნაში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი