ხელოვნება

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც შესაძლოა თეატრში კრიზისული მდგომარეობა შექმნას

20 მაისი, 2014 •
საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც შესაძლოა თეატრში კრიზისული მდგომარეობა შექმნას

კანონპროექტის ავტორები, პარლამენტარები- გედევან ფოფხაძე და ზაზა პაპუაშვილი ამბობენ, რომ ცვლილების შემდეგ თეატრის მუშაობის პროცედურები უფრო კონკრეტულად გაიწერება და სამუშაო პროცესი არ იქნება სამხატვრო ხელძღვანელის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული.

 

კანონპროექტის ავტორები  განმარტებით ბარათში წერენ, რომ პროფესიული თეატრების შესახებ 1 წლის წინ მიღებულ კანონში ცვილილებების შეტანა იმიტომ გახდა საჭრო, რომ თეატრისა და დასის პოზიციები იგნორირებული იყო.

 

პარლამენტარები ამბობენ, რომ თეატრში არ არსებობს შიდა კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს სამხატვრო ხელმძღვანელების ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, ხოლო კულტურის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭო ზედმეტი ბიუროკრატიული რგოლია.

ირინა ღოღობერიძეს მიაჩნია, რომ  წარმოდგენილი კანონპროექტი შექმნის ინტერესთა კონფლიქტს თეატრში. რადგან მსახიობს, რომელმაც უნდა ითამაშოს რეჟისორის სპექტაკლებში, ადმინისტრაციული ფუნქციაც ექნება
ირინა ღოღობერიძეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი შექმნის ინტერესთა კონფლიქტს თეატრში. რადგან მსახიობს, რომელმაც უნდა ითამაშოს რეჟისორის სპექტაკლებში, ადმინისტრაციული ფუნქციაც ექნება

შეთავაზებული ცვლილების მიხედვით, უქმედება სარკომენდაციო საბჭო, რომელსაც მინისტრისთვის რეკომენდაციების მიცემის ფუნქცია აქვს და ამავდროულად აფასებს სახელმწიფო პროფესიული თეატრების შესრულებულ საქმიანობას წლიდან წლამდე.

 

ამავე კანონპროექტში ჩადებულია ვალდებულება, რომ სამხატვრო საბჭოს არჩევა ყველა სახელმწიფო თეატრისთვის სავალდებულო გახდეს, ხოლო საბჭოს წევრების რაოდენობა თეატრის დასის წევრების საერთო რაოდენობით განისაზღვროს.

 

კანონპროექტის მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც თეატრში შემოქმედებით საქმიანობას უძღვება, ანგარიშვალდებული ხდება სამხატვრო საბჭოს წინაშე, სამხატვრო საბჭოსა და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხი თეატრის დასმა უნდა გადაწყვიტოს. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დასს შეუძლია კულტურის მინისტრს სამხატვრო ხელძღვანელის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართოს.

 

“შემოქმედებითი კოლექტივები უშუალოდ მიიღებენ მონაწილოებას თეატრების ფორმირებასა და მის განვითარებაში”,- წერია კანონპროექტში.

 

“ნეტგაზეთს” კანონპროექტის ავტორებთან ჰქონდა კითხვები, თუ რომელ შემთხვევებს გულისმხობს სამხატვრო ხელმძღვანელების ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, როდის შეაფასეს სახელმწიფო პროფესიულ თეატრებში არსებული მდგომარეობა, თუმცა პარლამენტარებთან დაკავშირება ვერ შევძელით.

 

თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი კანონის მიღების წინააღმდეგია, რადგან იგი სამხატვრო საბჭოს უფლებებს ზრდის, მაშინ, როცა ვალდებულებები სამხატვრო ხელმძღვანელს რჩება.

 

თეატრების შესახებ კანონში ცვლილების ინიციატორები იმედოვნებენ, რომ ცვლილებით თეატრის მუშაობაში მსახიობებიც ჩაერთვებიან, ხოლო მოწინააღმდეგები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციულ მუშაობაში მსახიობებმა მონაწილეება არ უნდა მიიღონ
თეატრების შესახებ კანონში ცვლილების ინიციატორები იმედოვნებენ, რომ ცვლილებით თეატრის მუშაობაში მსახიობებიც ჩაერთვებიან, ხოლო მოწინააღმდეგები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციულ მუშაობაში მსახიობებმა მონაწილეება არ უნდა მიიღონ

სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნებისმიერ დაწესებულებაში ხელმძღვანელს აქვს უფლება, რომ საკუთარი გუნდი მოიყვანოს, ხოლო ახალი კანონით იგი მენეჯმენტს თეატრის დასსა და სამხატვრო საბჭოს თანხმობის გარეშე ვერ დანიშნავს.

 

“მე მინდა, რაღაც რეფორმა გავატარო და საბჭომ არ დამიჭირა მხარი. საბჭომ რომ არ დამიჭირა მხარი, არსად არ წერია, რომ საბჭოს პასუხისმგებლობაა. არის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა”,- ამბობს ხვთისიაშვილი.

დიმიტრი ხვთისიაშვილის თქმით, კანონპროექტის ინიციატორების მოსაზრება, რომ უნდა შეიქმნას თეატრის კონტროლის ეფექტური მექანიზმი, სრულიად ზედმეტია, რადგან თეატრის მუშაობას სარეკომენდაციო საბჭო, ფინანსური სამსახურები და აუდიტი აკონტროლებს ყოველწლიურად.

გიორგი შალამბერიძე, ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის თეატრის მსახიობი მიიჩნევს, რომ პროფესიული თეატრების შესახებ კანონში შეთავაზებული ცვლილებები დასის მდგომარეობას გააუმჯობესებს და მის წევრებს მისცემს შესაძლებლობას, რომ თავად მოაგვარონ თავისი პრობლემები.

შალამბერიძის აზრით, სამხატვრო ხელმძღვანელები ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებენ და კოორდინაცია დასსა და ხელმძღვანელს შორის დარღვეულია. მსახიობის თქმით, სპექტაკლების დადგმისთვის განკუთვნილი თანხები მიზნობრივად არ იხარჯება.

“არის ისეთი ფაქტები, რომ კონკრეტული ჯგუფი მუშაობს, კონკრეტული არა. მერე ამას მოსდევს კიდევ ერთი უბედურება- იჩენს თავს, რომ არის დაუსაქმებლობა, მოძულებული ჯგუფი მსახიობების. დანარჩენი წინა პლანზეა”,- ამბობს შალამბერიძე.

დიმიტრი ხვთისიაშვილი ამბობს, რომ ზაზა პაპუაშვილმა და გედევან ფოფხაძემ კანონპროექტი თეატრალებთან კონსულტაციების გარეშე დაამუშავეს. გიორგი შალამბერიძეც ამბობს, რომ პარლამენტარებს არც კანონის მომხრეებთან გაუვლია კონსულტაციები.

კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი
კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი

კანონპროექტის მოწინააღმდეგები გაერთიანდნენ და 26 თეატრის ხელმძღვანელებმა წერილით მიმართეს კულტურისა და ძეგლა დაცვის სამინისტროს. სამინისტრო მზადაა, რომ მედიატორის როლი შეასრულოს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილს კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

ბერიკაშვილი ამბობს, რომ მინისტრთან არსებულ სარეკომენდაციო საბჭოს ჯერ არ შეუსწავლია, ერთი წლის წინ მიღებულმა კანონმა როგორი მდგომარეობა შექმნა. მინისტრის მოადგილის თქმით, თეატრებში მდგომარეობა გაუმჯობესდა: გაიზარდა მაყურებლების, პრემიერების, წარმოდგენების რაოდენობა და ახლა უფრო მნიშვნელოვანია იმ ინფრასტურუქტრულ პრობლემებზე საუბარი, რომლებიც თეატრებს აქვთ.

 

 

მინისტრის მოადგილე მხარს უჭერს იმას, რომ სამხატვრო ხელმძღვანელებს, რომლებსაც ნდობას გამოუცხადებს კულტურის სამინისტრო და კოლექტივი, მას ენდონ, იმის მაგივრად, რომ შესაძლებლობები შეუკვეცონ:

 

“სანამ მზადების პროცესში იყო, ჯობდა განხილულიყო თეატრალურ წრეებში, ჩვენთან ერთად და ალბათ შევჯერებოდით, ალბათ საერთო მოსაზრება ჩამოყალიბდებოდა. ჩვენ ეს ყველაფერი გავიგეთ ბოლოს, რაც მიაჩნია, რომ არასწორია.”

 

საკანონმდებლო ცვლილებას ეწინააღმდეგება თეატრმცოდნე და სარეკომენდაციო საბჭოს წევრი ირინა ღოღობერიძე. მისი აზრით, წარმოდგენილი კანონპროექტი შექმნის ინტერესთა კონფლიქტს თეატრში, რადგან მსახიობს, რომელმაც უნდა ითამაშოს რეჟისორის სპექტაკლებში, ადმინისტრაციული ფუნქციაც ექნება.

 

თეატრმცოდნე ირინა ღოღობერიძე
თეატრმცოდნე ირინა ღოღობერიძე

“მსახიობმა უნდა ითამაშოს როლი, უნდა იმუშაონ. უნდა გაიყოს ადმინისტრაციული და შემოქმედებითი ფუნქციები. მაშინ რა არის სამხატვრო ხელძვანელი? მსახიობი არის შემსრულებელი, ის რეჟისორის მითითებით თამაშობს როლს. კი, ბატონო, შემოქმედებით პროცესში ჩაერთოს. ამისთვის გაკეთდეს სამეურვეო საბჭო, სადაც შევა ერთი მსახობი, მაგრამ არა სამხატვრო საჭო, რომელიც იქნება ადმინისტრაციული ფუნქციით”,- ამბობს ირინა ღოღობერიძე.

 

ირინა ღოღობერიძის თქმით, ყველა თეატრს აქვს შიდა განაწესი, რომელიც არეგულირებს თეატრის მუშაობას და კონფლიქტები თეატრში სწორედ შიდა განაწესის მიხედვით გვარდება, ხოლო თუ თეატრში კონფლიქტი ვერ ამოიწურება, მაშინ საქმეში მისი ზემდგომი ორგანო ჩაერევა.

 

სახელმწიფო თეატრების შემთხვევაში ზემდგომი ორგანო კულტურის სამინისტროა, ხოლო მუნიციპალური თეატრების შემთხვევაში- ადგილობრივი თვითმმართველობა. სამინისტრო ზედამხევდელობას სარეკომენდაციო საბჭოს მეშვეობით ახორციელებს, მაგრამ თუ კანონპროექტი გააუქმებს სარეკომენდაციო საბჭოს, მაშინ სამინისტრო მაკონტროლებელ რგოლს დაკარგავს, – ამბობს ირინა ღოღობერიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი