ხელოვნების მუშაკებმა ამ კამპანიის წინააღმდეგ ერთობლივი ტექსტიც შეიმუშავეს. განცხადებას ხელი ყველა მსურველმა მოაწერა.
“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ძირითადი, ფუძემდებლური პრინციპი და ფასეულობაა ცივილიზებულ სამყაროში. ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და შეხედულების საჯაროდ გამოთქმის შუზღუდავი უფლება, თუმცა კატეგორიულად დაუშვებელია ამ უფლების გამოყენება მეორე ადამიანის შეურაცხყოფისა და მისი ღირსების შელახვის მიზნით. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში გახშირებულია შეუწყნარებლობის, სიძულვილის, პიროვნების ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის ფაქტები, რომელთა ტირაჟირება და გავრცელება მასმედიის საშუალებებით ხდება. გამოვთქვამთ გულისტკივილს და პროტესტს ბოლო ხანს მომხდარი მსგავსი კონკრეტული შემთხვევის გამო – ვგულისხმობთ მწერალ ზურაბ ქარუმიძის რომანის გარშემო ატეხილ მოვლენებს – თუმცა ეს არ გახლავთ ერთეული და იზოლირებული ფაქტი, არამედ გარკვეული ტენდენციის მაჩვენებელია. მწერალი თავისუფალია შემოქმედებითად და ვერავინ აუკრძალავს მას სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილი ნებისმიერი რიტუალის გამოყენებას. საქმე ისაა, რომ ცალკეულ პიროვნებებს, ჯგუფებსა თუ მასმედიის საშუალებებს თავის თავზე აქვთ მორგებული არაფორმალური ცენზორის როლი – საკუთარ აზრს გამოხატავენ კატეგორიულად, უაპელაციოდ, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ფორმით. მსგავსი დამოკიდებულება საზოგადოების გახლეჩასა და დაპირისპირებას უწყობს ხელს, რაც სრულიად დაუშვებელია. „ცენზორთა“ გაღიზიანება ხშირად გაუგებრობის, არაინფორმირებულობის თუ არაკომპეტენტურობის მიზეზით ხდება. მსგავსი მოქმედება მით უფრო დაუშვებელია პოლიტიკოსისგან, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატისგან, – იგი კანონშემოქმედებით უნდა იყოს დაკავებული და, როგორც ხალხის რჩეული, ეთიკური ქცევის ნიმუშს იძლეოდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე, რომელსაც თავად ქარუმიძე არ ესწრებოდა, იმსჯელეს ასავალ–დასავალის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის ალბათობაზეც, თუმცა რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. საქართველოს პენ–ცენტრმა ასავალ–დასავალის ჟურნალისტ გიორგი გიგაურისა და რედაქტორ ლაშა ნადარეიშვილის წინააღმდეგ განცხადებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა, რომელმაც ამ საკითხის განხილვა დასაშვებად სცნო.
მწერალთა სახლში დღეს გამართულ შეხვედრაზე ზურაბ ქარუმიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს ქეთათო ჩარკვიანმა, ირაკლი ლომოურმა, მერაბ კოკოჩაშვილმა, გიო მგელაძემ, შოთა იათაშვილმა, ლანა ღოღობერიძემ, პაატა შამუგიამ, თათა ცოფურაშვილმა, შორენა შავერდაშვილმა, ხათუნა ხუნდაძემ, თეო ხატიაშვილმა, ლაშა ბუღაძემ, რატი ამაღლობელმა. ზემოხსენებულ ტექსტს ხელი ბასა ჯანიკაშვილმა, ელდარ შენგელაიამ და ლაშა თაბუკაშვილმაც მოაწერეს.
ზურაბ ქარუმიძის დიდი ბრიტანეთში ელჩად დანიშვნის საკითხის გარშემო ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა ელჩის პოზიციაზე და ამის მიზეზად მან დაასახელა ქარუმიძის ლიტერატურული ნამუშევარი, კერძოდ, რომანი “მელია-ტულეფია: Foxtrot”. ამ ინტერვიუს შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს ის ინფორმაცია, რომ ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა განიხილებოდა ელჩის პოზიციაზე. ხოლო ქარუმიძის განცხადებით, მის კანდიდატურას ელჩის თანამდებობაზე მარტის დასაწყისიდან განიხილავენ. ქარუმიძის მხარდასაჭერად რამდენიმე პოლიტიკოსმაც [მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებმა] გამოთქვა საჯაროდ თავისი მოსაზრება, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ელჩის თანამდებობაზე ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა განიხილება. ფანჯიკიძის განმარტებით, საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანდიდატურას მთავრობა განიხილავს და პრეზიდენტი ხელს მოაწერს.