არჩევნები დღეს, 4 საათზე დაიწყება და 9 საათამდე გასტანს. გამარჯვებულის ვინაობა დღეს, გვიან ღამით გახდება ცნობილი, განგვიცხადა ოპერის თეატრის პრესსამსახურმა.
არჩევნების მეორე ტურში მზია ნიორაძე და დავით კინწურაშვილი მონაწილეობენ. დავით კინწუარაშვილმა 131 ხმა მიიღო, ნიორაძემ კი – 83.
ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი და სამხატვრო ადმინისტრაცია, სულ -369 თანამშრომელი.
არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 24 მარტს გააიმართა, შვიდი კანდიდატი მონაწილეობდა: დავით გველესიანი, თეიმურაზ გუგუშვილი, დავით კინწურაშვილი, რევაზ ლაგვილავა, დავით მუქერია, მზია ნიორაძე, რევაზ ჭეიშვილი.
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი 21 თებერვალს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 9 კანდიდატი: გიორგი ბაბუაძე, დავით გველესიანი, თეიმურაზ გუგუშვილი, დავით კინწურაშვილი, რევაზ ლაგვილავა, დავით მუქერია, მზია ნიორაძე, გიორგი ჟორდანია, რევაზ ჭეიშვილი.
20 – 22 მარტს კანდიდატები თეატრის განვითარების შესახებ საკუთარი კონცეფციით წარსდგნენ თეატრის კოლექტივის წინაშე.
კონკურსს საკუთარი ნებასურვილით გამოეთიშა გიორგი ჟორდანია, რომელმაც 22 მარტს მოხსნა თავისი კანდიდატურა. საქართველოში არყოფნის გამო შემოქმედებითი კოლექტივის წინაშე ვერ წარსდგა გიორგი ბაბუაძე, შესაბამისად, მისი კანდიდატურაც გამოეთიშა კონკურსს.
არჩევნებზე, თეატრის ადმინისტრაციის თხოვნით, დამკვირვებლის სტატუსით მოწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” და ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლები.
თბილისის ოპერის თეატრში არჩევნები სამხატვრო ხელმძღვანელის ასარჩევად პირველად გაიმართა. არჩევნების დანიშვნამდე ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების დიდი ნაწილი თეატრის სამხატვრო ხემძღვანელ გიორგი ჟორდანიას დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ჟორდანიამ თანანდებობა 2014 წლის 14 იანვარს დატოვა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას არჩევნებამდე რევაზ ჭეიშვილი ასრულებდა.