გამოფენა, რომელიც ოთხ სხვადასხვა დარბაზშია გამოფენილი, მოიცავს ვიდეოინსტალაციებსა და დოკუმენტური ვიდეოს ნაკრებს. გამოფენაზე წარმოდგენილია 21 ვიდეონამუშევარი, თუმცა ეს არის 2% იმ კოლექციისა, რომელიც გამოფენის ორგანიზატორებმა შეაგროვეს, – გვითხრა გალაქტიონ ერისთავმა, გამოფენის ერთ-ერთმა კურატორმა.
ოთხწევრიანმა ჯგუფმა (ალექსი სოსელია, გალაქტიონ ერისთავი, გიორგი სპანდერაშვილი, თათა მუსხელიშვილი) ვიდეოების შეგროვება ერთი წლის წინ დაიწყო და ახლა უკვე 400-ზე მეტი ნამუშევარი აქვთ შეგროვებული. ჯგუფმა “ონლაინ მუზეუმი” შექმნა და თითოეული ვიდეოს დათვალიერება ინტერნეტის საშუალებითაც შეიძლება.
გალაქტიონ ერისთავმა გვითხრა, რომ გამოფენაზე ის ვიდეოები გამოიტანეს, რომელიც ერთგვარად ასახავს ქართული ვიდეოხელოვნების განვითარებას 1980-იანი წლებიდან დღემდე.
“აწყობ რაღაც სტრუქტურას, რომლისთვისაც გჭირდება გარკვეული ელემენტები, რომლისთვისაც ამ სტრუქტურამ უნდა იმუშაოს. გყავს მხატვრები, გაქვს ნამუშევრები, მაგრამ აუცილებელია ისეთი სივრცე, სადაც ეს ყველაფერი იქნება გაანალიზებული და ერთიან პროდუქტად მოწოდებული. ასეთი სივრცე თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში აქამდე არ შემხვედრია. ეს არის პროექტი, რომელიც ქმნის ფუნდამენტს, რომ შემდეგ განავითარო ზევიდან რაღაცები”, – ამბობს გალაქტიონ ერისთავი.
თავდაპირველად შინაარსს მეტი ყურადღება ექცეოდა, ახალმა თაობამ ყურადღება მიაქცია ფორმას, ასე დაახახიათა გამოფენის კურატორმა ქართული ვიდეოხელოვნების განვითარება 1990-იანი წლებიდან დღემდე. თუმცა, ამ მცირე დახასიათების გარდა, ჯგუფი აპირებს, რომ გამოსცეს ხუთი ავტორის ტექსტი, რომელშიც გაანალიზდება ქართული ვიდეოხელოვნების განვითარება და 2014 წლის აპრილში ტექსტები ერთ წიგნად გამოიცემა.
ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ დაიწყონ ახალი პროექტი, რომელიც ბაქოსა და ერევანში შეაგროვებს ვიდეოარტებს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება მთელი კავკასიის მასშტაბით შეგროვდეს ის პროდუქტი, რომელსაც კავკასიელი ხელოვანები ქმნიან.
“ძალიან ბევრი უცხოელი კურატორი რომ ჩამოდის, კითხულობს, რა ხდება თანამედროვე ხელოვნებაში და პასუხის გაცემა არ შუეძლია არავის. იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი სირვცე”,- გვითხრა გალაქტიონ ერისთავმა.
ვიდეოხელოვნების გარდა, გამფენაზე წარმოდგენილია ჟურნალისტ თეონა ჯაფარიძის ვიდეოარქივი, რომელიც 1990-იან წლებში ჟურნალისტად მუშაობდა. გამოფენის ავტორებმა ეს დოკუმენტური კადრებიც ჩართეს გამოფენაში, რადგან მიაჩნიათ, რომ ერთ სივრცეში თავმოყრილი ვიდეოები ანალიზის მეტ საშუალებას იძლევა.
“90-იანი წლებიდან დღემდე გამოიცვალა სამი თაობა მხატვრების. ჩვენ გვინდოდა, რომ მაქსიმალურად დაბალანსებულად აღგვეწერა ის, თუ რა ხდებოდა ამ დროის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ ხელოვნებაში მოღვაწე ადამიანებმაც არ იცოდნენ, თუ რამხელა მასალა ყოფილა შექმნილი”, – ამბობს გალაქტიონ ერისთავი.
გამოფენაში მონაწილეობენ ანა მარტიაშვილი, ანა ჩადუნელი, გეგი ხაბურზანია, გიო სუმბაძე, დიმიტრი ცუცქირიძე, ვასილ მაჭარაძე, ვატო წერეთელი, თამარ მაღლაფერიძე, თამარ ჩადუნელი, თემო ჯავახიშვილი, იარე, ილიკო ზაუტაშვილი, კოკა რამიშვილი, კოკა ვაშაკიძე, კოსტანტინ მინდაძე, ლევან ჭოღოშვილი, მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ლომაშვილი, ნიკო ცეცხლაძე, ნინო სეხნიაშვილი, სოფია ტაბატაძე, თეონა ჯაფარიძის არქივი.
გამოფენა 14 მარტამდე გაგრძელდება. გამოფენა ღიაა ყოველდღე, 5-დან საღამოს ცხრა საათამდე.