დაფინანსების მოთხოვნით, თეატრის თანამშრომლები და დასის წევრები ეროვნული მუსიკალური ცენტრის წინ დღეს 18:15 საათზე აქცია გამართეს.

მაჩაბლის სახელობის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია მახნიაშვილი ამბობს, რომ მათ სამუშაო პირობები არ აქვთ. როცა მუსიკალური ცენტრი ასრულებს რეპეტიციებს, ამის შემდეგ ეძლევა თეატრს რეპეტიციების ჩატარების შესაძლებლობა. ამ სირთულეს დაფინანსების პრობლემები ემატება.
“როცა მემანიშვილს გაუთავისუფლდება დარბაზი, მაშინ ვმოღვაწეობთ ჩვენ,” – ამბობს მახნიაშვილი.
მაჩაბლის სახელობის თეატრი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია. ადმინისტრაციის კულტურის განყოფილებიდან, მახნიაშვილის თქმით, თეატრის დაფინანსება 200 ათასი ლარს შეადგენს.
მზია მახნიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რათა თეატრს დაფინანსება გაზრდოდა. მახნიაშვილის თქმით, მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

“რომ გითხრათ დეტალებში, ვინ მართალია, ვინ დამნაშავე – ვერ გეტყვთ, მაგრამ ფაქტია, რომ თეატრი ზარალდება და მძიმე მდგომარეობაშია,”- ამბობს მახნიაშვილი.
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ამბობს, რომ 2007 წლის პრეზიდენტის განკარგულებით მაჩაბლის სახელობის თეატრი ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადავიდა. თუმცა თეატრების შესახებ კანონთან წინააღმდეგობის გამო განკარგულება პრაქტიკულად ვერ განხორციელდა.
“ჩვენ ვერ შევასრულეთ ეს განკარგულება, იმიტომ, რომ კულტურის სამინისტრომ ვერ გადმომცა მაგ დროს და ორივე მხრიდან იყო დაფინანსებული მაშინ”,- ამბობს სანაკოევი და გამარტავს, რომ ამის გამო თეატრის სახელფასო განაკვეთი გაიზარდა.
სანაკოევს მიაჩნია, რომ თეატრი ადმინისტრაციის დაქვემდებარების ქვეშ უნდა იყოს. მისი თქმით, მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს საკითხი განსახილველად და მას შემდეგ, რაც თეატრი ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში აღმოჩნდება, მაშინ დაწესდება საშტატო განრიგი და სახელფასო განაკვეთი.
“მთავარი არის, რომ იურიდიული საკითხი მოვაგვაროთ და დანარჩენს მივხედავთ”, – გვითხრა სანაკოევმა.
კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილიც თეატრის ადმინისტრაციისადმი დაქვემდებარების მომხრეა და ამბობს, რომ სამინისტრო მზადაა, რომ თეატრს პროგრამული დაფინანსება მისცეს ისე, როგორც წინა წლებში ხდებოდა.
ბერიკაშვილი ამბობს, რომ 2013 წელს 200 ათას ლარამდე ჰქონდა კულტურის სამინისტროდან პროგრამული დაფინანსება თეატრს. მისივე თქმით, თეატრი წელსაც დაფინანსდება “სოლიდური თანხით”, თუმცა რამდენით, ამას მანანა ბერიკაშვილი არ აკონკრეტებს.
“კულტურის სამინისტრო მზადაა, რომ, როგორც წინა წლებში, პროგრამულად დაეხმაროს ცხინვალის თეატრს. საკმაოდ ნორმალური და სოლიდური თანხაა ის, რაც კულტურის სამინისტრომ უნდა გაიღოს. ახლა მთავარია იურიდულად გაფორმდეს ეს თეატრი ცხინვალის დროებითი მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ და გამოეყოს დაფინანსება იქიდან,”- განაცხადა ბერიკაშვილმა.
მახნიაშვილი მიანიშნებს იმაზე, რომ სამუშაო პირობების არქონის მიუხედავად თეატრი აწყობს გასვლით წარმოდგენებს, მათ შორის დევნილების კომპაქტური ჩასახლების ადგილებში და ცდილობს, რომ წელიწადში ორი-სამი ახალი წარმოდგენა დადგას.
“თუკი ჩვენ გვექნებოდა დარბაზი, გვექნებოდა პირობები, რა თქმა უნდა, არაფრით ჩამოუვარდება ჩვენი თეატრი სხვა თეატრებს, მაგრამ რადგანაც სხვა მდგომარეობა გვაქვს, ჩვენი ბილეთები უფრო შეღავათიანია”, – ამბობს მახნიაშვილი და განმარტავს, რომ იმისთვის, რათა სხვა თეატრებს კონკურენცია გაუწიონ, მათი ბილეთი ხუთ ლარზე მეტი არ ღირს.
მახნიაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციის დაფინანსება მიზერულია და ძირითადი შემოსავალი სპექტაკლების გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხაა. იგი ამბობს, რომ მაშინ, როცა სხვა სახელმწიფო თეატრების დაფინანსება 1,5 მილიონიდან 3 მილიონამდე მერყეობს, მაჩაბლის თეატრს უფრო მეტი დაფინანსება უნდა ჰქონდეს.







