ოდიშარიას განმარტებით, კულტურის სამინისტრო, როგორც ერთი გუნდი, ისე მუშაობს, ხოლო მარინე მიზანდარი გუნდური მუშაობის პრინციპს არ იზიარებდა.
“ქალბატონ მარინესგან ველოდით, მეტი გუნდური პერსონა იქნებოდა. ბოლო პერიოდში გამწვავდა, სისტემატიური ხასიათი მიიღო. მე პირადადაც არ მეთანხმებოდა გადაწყვეტილებების მიღებაში. ამიტომ იძულებული გავხდით პასუხისმგებლობის საკითხი დაგვეყენებინა პრემიერ-მინისტრის წინაშე. მაგალითად, პრემიებთან დაკავშირებით. მას ჰქონდა თავისი ხედვა, რომ ვიღაცას არ უნდა მიეცეს პრემია. ვეუბნებოდი, მინისტრი, ხელმძღვანელი ამ ორგანიზაციის, რომ ეს აუცილებელია, უნდა მოეწერა ხელი, აგვიანებდა თვითონაც, პრემიების გაცემის პროცედურაც იყო შეფერხებული. ამ დროს ჩვენთან ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ, რომ როდესაც ვიღებ გადაწყვეტულებას მე, როგორც მინისტრი, და ვეუბნები ჩემს გადაწყვეტილებაზე ჩემს მოადგილეს, მანდ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება შესრულებული. ეს ერთ-ერთია რამდენიმე სხვა მიზეზთა შორის,”- განმარტა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა.
ჩვენს შეკითხვას, იყო თუ არა ეს დაპირისპირება დაკავშირებული საყდრისის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან და კულტურის სამინისტროსთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მოწვევასთან, ოდიშარიამ უარყოფითი პასუხი გასცა:
“საყდრისი რომ ყოფილიყო “განხეთქილების ვაშლი”, საყდრისის თემა ჩვენთან მოდის უკვე მაისის თვიდან. მაშინ ეს თემა აუცილებლად გავლენას იქონიებდა ჩვენს გადაწყვეტილებაზე ბევრად ადრე”,- განაცხადა ოდიშარიამ.
თუმცა მინისტრმა აღნიშნა, რომ სიტყვიერი საყვედური მიზანდარს სწორედ აღნიშნული საბჭოს მოწვევის გამო გამოუცხადა.
“არ არის აუცილებელი, რომელიმე მოადგილემ შეკრიბოს ეს საბჭო, ორგანიზება გაუკეთოს მას და გაიტანოს რამდენიმე საკითხი. ან, ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა ყოფილიყო შეთანხმებული მინისტრთან და არ უნდა დამთხვეოდა იმ დღეს, როდესაც მიმდინარეობდა მთავრობის სხდომა. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმის, რომ ის მოქმედებდა თვითნებურად”,- განაცხადა მინისტრმა.
გურამ ოდიშარია ამბობს, რომ მიზანდარის შემცვლელის ვინაობა ჯერ უცნობია. რაც შეეხება საყდრისის არქეოლოგიური ძეგლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას, “სანამ სამთავრობო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ამ საკითხთან დაკაშირებით, ჩვენ ყველამ დავთქვით, რომ სხვა რამე ისეთ მოძრაობას, რამე ისეთ გადაწყვეტლებას ჩვენ არ მივიღებთ, რომელმაც ხელი შეიძლება შეუშალოს საბოლოო გადაწყვეტილებას”,- განმარტა მინისტრმა.
კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ პრემიერ-მინისტრს მიმართა განცხადებით, რომ მისი პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვოს. პრემიერს განცხადება ჯერ არ დაუკმაყოფილებია.