ხელოვნება

ოდიშარია მიზანდარის გადადგომას ითხოვს

10 თებერვალი, 2014 • • 1143
ოდიშარია მიზანდარის გადადგომას ითხოვს

კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარინე მიზანდარმა “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ გურამ ოდიშარიას მისი გადადგომა სურს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის გარშემო განვითარებული მოვლენებია.

 

მიზანდარის თქმით, 27 იანვარს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე საყდრისისთვის კულტურული მემკვიდროების ძეგლის სტატუსის საკითხი გაიტანა განსახილველად. საბჭომ მინისტრს დადებითი რეკომენდაციით მიმართა. სწორედ ეს გახდა მინისტრსა და მოადგილეს შორის დაპირისპირების მიზეზი:

 

“ერთ-ერთი მთავარი ეგ იყო. მაგრამ ზოგადად სხვა საკიხთებში, კერძოდ, მართვასთან დაკავშირებულ საკითხებშიც იყო რაღაც უთანხმოება. მართვის პრობლემები არის სამინისტროში. მაგრამ ყველაფერი მეტწილად საყდრისის საკითხთან არის დაკავშირებული. არის მაგალითად ის, რომ  მე სტრატეგიულ საბჭოზე განსახილველად გავიტანე ეს საკითხი, სტატუსის მინჭების. მე ვთვლი, რომ ეს ჩემი უპირველესი ვალდებულებაა იმიტომ, რომ ამაში ვიღებ მე ხელფასს, რომ ჩემი კულტურული მემკვიდრეობა დავიცვა ყველა ლეგალური საშუალებით”, – განაცხდა მიზანდარმა.  

 

მიზანდარი მიიჩნევს, რომ კულტურის სამინისტროს უფრო მეტად უნდა ეაქტიურა საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის დაცვისთვის და უფრო მეტად უნდა დაერწმუნებინა საქართველოს მთავრობის სხვა წევრები ამ ძეგლის მნიშვნელობაში. 

 

“ყოველთვის ვთვლიდი და დღესაც მე არ შემიცვლია ჩემი დამოკიდებულება, რომ საჭირო იყო უფრო მეტი აქტიურობა და განმარტება. კულტურის სამინისტროს, როგორც დარგობივ სამინისტროს, უფრო ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო, ასეთ კრიზისულ და სავალალო მდგომარეობამდე რომ არ მისულიყო. თუნდაც ფოტოფიქსაცია რომ ვერ მოხერხდა, მე ვთვლი, რომ ეს ძალიან დიდი სისუსტეა. უფრო მეტი ქმედება იყო საჭირო, რომ ეს ობიექტი სათანადოდ იყოს დაცული. თუნდაც ვიცოდეთ რა სურათია. დღეს ჩვენ ვერ შევაღწიეთ, მონიტორინგის ჯგუფი სამჯერ წავიდა  და არ შეუშვეს. ეს დარჩა რეაგირების გარეშე სამინისტროს მხრიდან”, – ამბობს მიზანდარი.

 

მისივე ინფორმაციით, მინისტრს წარედგინა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაციის ოქმი და გამზადებულია ტექსტი საყდრისის არქეოლოგური ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით.

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, სურს თუ არა მინისტრს საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღუდგინოს, მიზანდარი ამბობს, რომ ეს გაურკვეველია. 

 

“მინისტრს წარედგინა გამზადებული ოქმი და ტექსტი და ყველაფერი არის ფაქტობრივად მზად იმისთვის, რომ პროცედურულად სწორად მიენიჭოს ძეგლის სტატუსი. საყდრისს ძეგლის სტატუსი მოეხსნა არა იმიტომ, რომ არ იმსახურებდა ძეგლის სტატუსს, არამედ იმიტომ, რომ პროცედურული დარღვევებით იყო მინიჭებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღესვე არ შეიძლებოდა მინიჭებოდა,” – განმარტა მიზანდარმა.

 

მარინე მიზანდარი აცხადებს, რომ დაკავებული თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.

 

“მე ვთვლი, რომ ჩემს ადგილას ვარ. იმიტომ, რომ ორ ისეთ სფეროს ვკურირებ, რომელშიც ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი გახლავართ. ხელოვნების ისტორიკოსი ვარ. ეს ჩემი სფეროა. კიდევ ვკურირებ “საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტს”. საერთაშორისო სფეროში ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. ეს ორი სფერო ისეთი სფეროა, რომელსაც მე შემიძლია წესიერად გავუძღვე. მე თვითონ არ ვაპირებ წასვლას და თუ მომხსნიან, ეს პრემიერის გადასაწყვეტია”,- აცხადებს მარინე მიზანდარი.

მარინე მიზანდარი
მარინე მიზანდარი

მასალების გადაბეჭდვის წესი