ხელოვნება

კონკურსის “საუბარი საზღვრების გარეშე” გამარჯვებული პიესები გამოვლინდა

3 თებერვალი, 2014 •
კონკურსის “საუბარი საზღვრების გარეშე” გამარჯვებული პიესები გამოვლინდა

კონკურსი საუკეთესო ქართული პიესის გამოსავლენად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად, 2013 წლის 22 ივლისს გამოაცხადა.

 

გამარჯვებულები დღეს კულტურის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ.

 

პროექტის ავტორისა და ხელმძღვანელის, ქრისტიან პაპაკეს თქმით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 30-მა დრამატურგმა გამოთქვა, რომელთაგან 27 შეირჩა. თუმანიშვილის სახელობის ფონდის პრეზიდენტი მანანა ანთაძე განმარტავს, რომ ერთ-ერთი კანდიდატი რუსთავის ქალთა კოლონიის მსჯავრდებულია. 

 

“მეტად საინტერესო პროექტი განხორციელდა. ჩვენ გვინდა, რომ ქართული დრამატურგია ახალ საფეხურებზე აიწიოს. გვინდა დღევანდელი დღის ამსახველი, ჩვენი სამშობლოს ცხოვრების ამსახველი რაც შეიძლება მეტი პიესა გვქონდეს.”- განაცხდა კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ დღეს გამართულ დაჯილდოებაზე.

 

დაჯილდოების წამყვანმა, სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ,  ხათუნა ხუნდაძემ განაცხდა, რომ ჟიურიმ კონკურსანტები ანონიმურად შეაფასა.

 

მესამე ადგილზე ლაშა ბუღაძის პიესა “26 მაისი” გავიდა. მას 2 500 ლარი ერგო. ქრისტიან პაპკემ დაჯილდოების დასასრულს წაიკითხა წერილი, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ჯოკაის თეატრის სცენაზე ბუღაძის პიესა დაიდგმება.

 

ქრისტიან პაპკემ განაცხადა, რომ დარჩენილი ორი პიესიდან, რომელსაც მეორე და პირველი ადგილი უნდა დაეკვავებინა, ორივეს პირველი ადგილი ხვდა წილად.

 

პირველი ადგილი დაიკავა დათა თავაძის პიესამ “დედაომი” და ბასა ჯანიკაშვილის პიესამ “გაბრაზებული ჩიტი”, რომელთაც 3 500 ლარის ოდენობის ჯილდო გადაეცა.

 

პირველი ადგილის მფლობელს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაწესებული პრიზი 3 500 ევრო ერგო. პიესა გერმანულ ენაზე ითარგმნება, 11 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდება და გავრცელდება გერმანულენოვან ქვეყნებში.

 

პიესის პრეზენტაცია 2014 წლის მარტში ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე შედგება; ამავე პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს კი თეატრის მოყვარულები ნიურბერგის სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე იხილავენ.

 

სამივე გამარჯვებულ დრამატურგს თუმანიშვილის ფონდის მიერ დაარსებული პრიზი “ვაშლი” გადაეცათ. ფონდის პრეზიდენტმა მანანა ანთაძემ განმარტა, რომ რვა შერჩეული პიესა ერთ წიგნად გამოიცემა და საქართველოს თეატრების სცენებზე დაიდგმება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი