ხელოვნება

სამინისტრო: ეროვნული მუზეუმიდან არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა

31 იანვარი, 2014 • • 1030
სამინისტრო: ეროვნული მუზეუმიდან არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა

სამინისტრო მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ კულტურის მინისტრის ბრძანებით 2013 წლის 17 ივნისს შეიქმნა კომისია, რომელმაც შეისწავლა 2004-2012 წლებში მუზეუმიდან გატანილი საგამოფენო ექსპონატები და მათი გატანა-შემოტანასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

 

„საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წ.წ. ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ“ დააკვნა, რომ ამ პერიოდში გატანილი ექსპონატების ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს. 

 

“კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს”,- ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში. 

 

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ წლებში მუზეუმიდან გატანილი იყო ნიკო ფიროსმანაშვილის 51 ნამუშევარი (უკრაინა, თურქეთი, ბელორუსი, ლიტვა, საფრანგეთი და ჰოლანდია) და 460 -ზე მეტი არქეოლოგიური ექსპონატი.

 

სამინისტროს განცხადებით, ამგვარი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა მომეტებულმა საზოგადოებრივმა ინტერესმა განაპირობა.

 

“უკანასკნელ წლებში მედიასაშუალებებში გავრცელებული იყო ინფორმაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან საგამოფენოდ გატანილი ექსპონატების დაკარგვისა და ორიგინალების ასლებით შეცვლის თაობაზე”,- აცხადებს სამინისტრო.

 

კომისია სექტემბრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი