ხელოვნება

“დიოგენემ” წიგნიერების წლის აღნიშვნის მომხრეთა ხელმოწერები შეაგროვა

24 იანვარი, 2014 •
“დიოგენემ” წიგნიერების წლის აღნიშვნის მომხრეთა ხელმოწერები შეაგროვა

“დიოგენეს” გენერალურმა დირექტორმა თამარ ლებანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გამომცემლობამ დეკემბერში კამპანიის ლოგოს შესაქმნელად კონკურსი ჩაატარა, რომელშიც ბექა ჩხენკელმა და ია გიგოლაშვილმა გაიმარჯვეს. 

 

გამარჯვებულებმა 500 ლარის ოდენობის პრიზი გაიყვეს. თამარ ლებანიძის თქმით, თექვსმეტივე მონაწილე, რომელიც ამ კონკურსში მონაწილეობდა, დიოგენეს გამოცემულ ნებისმიერ ორ წიგნს მიიღებს საჩუქრად.

 

“გამარჯვებულების შემოთავაზებულ მასალას სხვადასხვა მიზნით და ფუნქციით გამოვიყენებთ წლის განმავლობაში”,- აღნიშნა გამომცემლობის დირექტორმა. 

 

მისი თქმით, გამარჯვებული ნამუშევრები შემოქმედებითობითა და ორიგინალურობით გამოირჩეოდა, რითიც დაიმსახურა ჟიურის მოწონება. 

 

“ხელსაყრელია, რომ კონკრეტულ სიტუაციებში გამოიყენო, როგორც სიმბოლო. ერთი იყო ორიგინალური იმით, რომ საგზაო ნიშნების იდეა იყო გათამაშებული. მეორე იყო სტანდარტული, ძალიან სადა ფერების გამოყენებით, რომელიც ასევე ნაბეჭდ პროდუქციაში შეიძლება გამოვიყენოთ”,- ამბობს თამარ ლებანიძე. 

 

დღევანდელ პრეზენტაციაზე წიგნიერების წლის ორგანიზატორებმა “ხელმოწერების წიგნიც” წარმოადგინეს. აღნიშნულ წიგნში ის 10 ათასი ხელმოწერაა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდა. 

 

“შიდა ფურცლები არის აკინძული, თითოეულ ფურცელზე არის დაფიქსირებული ხელმოწერების საქართველოს მოაქალაქეების, რომლებიც მხარს უჭერენ იდეას საქართველოში 2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადების”,- ამბობს თამარ ლებანძე.

 

მისი თქმით, ხელმოწერების კამპანია 2013 წლის ბოლომდე გრძელდებოდა. იგი აპირებს, რომ ხელმოწერები საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, კულტურისა და განათლების სამინისტროებს გაუგზავნოს.

 

იდეის ორგანიზატორებს სურთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსოს წელიწადში ორი (გაზაფხულსა და შემოდგომაზე) კონკურსი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონიდან წამოსული იდეების ფინანსურ მხარდაჭერას. 

 

ხოლო განათლების სამინისტროსგან თამარ ლებანიძე მოელის, რომ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს სკოლებისა და მასწავლებლების ინიციატივას.

 

“განათლების სამინისტროს წინა წლებში ჰქონდა გარკვეული პრაქტიკა სკოლებისთვის მცირე გრანტების კონკურსის გამოცხადებისა. ანალოგიური წელსაც შეიძლება გაკეთდეს, ოღონდ მიზნობრიობა ამ კონკურსის იყოს წიგნიერების წელი”,- ამბობს თამარ ლებანიძე. 

 

გამომცემლობა “დიოგენეს” ინიციატივით 2014 წელი წიგნიერების წლად უნდა გამოცხადდეს. გამომცემლობა იმედოვნებს, რომ კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები წიგნის კითხვის პოპულარიზაციას გასწევს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი