ხელოვნება

ოდიშარია: რადიო მუზა უნდა გადარჩეს

22 იანვარი, 2014 • • 1420
ოდიშარია: რადიო მუზა უნდა გადარჩეს

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებთან შეხვედრისას, კულტურის მინისტრს მუსიკოსმა ტატო ჯინჯიხაძემ ჰკითხა, აღდგება თუ არა რადიო “მუზას” მაუწყებლობა?

 

ტატო ჯინჯიხაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, მედიაორგანიზაცია მაუწყებლობის ლიცენზიას კარგავს, თუ 90 დღის მანძილზე მაუწყებლობა შეჩერებული აქვს.

 

კულტურის მინისტრმა უპასუხა, რომ რადიო მუზა კულტურის სამინისტროს პრიორიტეტია, თუმცა არსებული კანონმდებლობის გამო სამინისტრომ რადიოს დახმარება ვერ შეძლო. 

“როგორც კი შევდგი ფეხი სამინისტროში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რასაც ჰქვია დეპოლიტიზება, ეს აღვასრულე. არ შემიხედავს არაფრისთვის, რომ მოვიდა ახალი ძალა, ახალი მთავრობა. ქალბატონ სანდრას [რულოვსს] ვესაუბრე რამდენჯერმე. მერე მოხდა ისე, რომ ჩვენ შევიკრიბეთ სამინისტროში და ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რითაც მუზა უნდა გადაგვერჩინა”,- განაცხდა გურამ ოდიშარიამ.

 

მინისტრის თქმით, კულტურის სამინისტრომ რადიოსადგურს შესთავაზა, მისი შენობის მეხუთე სართულზე გადმოეტანათ ოფისი. 

 

“რადიო მუზას შევთავაზეთ ჩენი ზედა სართული, იქ რომ გადმოსულიყო მთლიანად, მაგრამ რამდენი წერილი მივწერეთ იუსტიციის სამინისტროს… თურმე ჩვენ უფლება არ გვქონია, რომ თქვენ შეგვეფარებინეთ, უფლება არ გვქონია, რომ დაგვეფინანსებინეთ. სამწუხაროდ, არსებობს კანონი, რომელიც არ უყურებს, კულტურის არხია თუ არა… არ აძლევს უფლებას საჯარო სამსახურს გადაურიცხოს რაღაც თანხა”,- აცხადებს მინისტრი.

 

გურამ ოდიშარიას განცხადებით, მტავრობა რადიო მუზას უნდა დაეხმაროს. 

 

რადიო მუზამ, რომელიც კლასიკური მუსიკის  არხი იყო, ფინანსური პრობლემების გამო მაუწყებლობა 2014 წლის 4 იანვარს შეწყვიტა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი