გურამ ოდიშარიამ პარლამენტის ეროვნულ ბიბილიოთეკაში კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სამინისტროს დაუხარჯავი 1 250 ათასი ლარიდან 300 ათასი ლარი უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლის გამო დარჩა. ამ შეხვედრაზე მას უკრაინელ კოლეგასთან ერთად მემორანდუმი უნდა გაეფორმებინა და სხვა სახის ღონისძიებები იყო დაგეგმილი.
“დაახლოებით 900 ათასი სამინისტრომ ვერ გახარჯა. როდესაც მე ჩავხედე, ეს ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ, რომ სხვა სამინისტროების მონაცემს წარმგვიდგენს ალექსანდრე მარგიშვილი”,- განცხადა მინისტრმა.
ოდიშარიამ სიტყვა თავის მოადგილეს, ალექსანდრე მარგიშვილს გადასცა. მან კულტურის სამინისტროს 2 დღის წინ გავრცელებული განცხადების ტექსტი გაიმეორა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამინისტროს ბიუჯეტიდან 3 500 ათასი ლარი დაუხარჯავი დარჩა, იმიტომ, რომ კულტურული ღირებულების მქონე საკმარისი პროექტი არ გამოჩნდა.
მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ წლის ბოლომდე მათ არ იცოდნენ, რომ ბიუჯეტში დაუხარჯავი თანხა დარჩებოდა, რადგან ფინანსური წლის დასაწყისიდან არის განსაზღვრული, თუ როგორი სახის პროგრამებზე დაიხარჯება ბიუჯეტის თანხა.
“როდესაც ფინანსური წელი იწყება, ბიუჯეტი გაწერილი არის შესაბამის პროგრამებზე. იქ ნათლად ჩანს, რამდენი დაიხარჯება სახვით პროგრამაზე, რამდენი ლიტერატურაზე, თეატრზე და ა.შ. შემდეგ სამინისტრო იღებს განაცხადებს ფიზიკური პირებისგან თუ იურიდიული პირებისგან, ხდება ამ განაცხადების დამუშავება, შეფასება ორი ძირითადი ნიშნით: პირველი, რამდენად მნიშვნელოვანი კულტურული ღირებულების შექმნა არის დაგეგმილი და მეორე, პროექტი რამდენად სწორად და კვალიფიციურად არის შედგენილი სამართლებრივი და ფინანსური თვალსაზრისით”,-
მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტების კულტურულ ღირებულებას სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები აფასებენ იმის მიხედვით, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი იდეები სამინისტროს პრიორიტეტებს.
მარგიშვილის თქმით, მეორე ეტაპი არის პროექტის სამართლებრვი შეფასება, ტექნიკურად გამართულია თუ არა პროექტი. ხოლო ბოლო ეტაპზე პროექტს სამინისტროში შექმნილი კომისია განიხილავს, რომლის შემადგენლობაში 15 წევრი, მათ შორის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და მრჩევლები შედიან.
“ხშირ შემთხვევაში ბევრი პროექტი არ გადის მუდმივმოქედ კომისიაზე, იმიტომ, რომ არის ხოლმე ტექნიკური და სამართლებრივი ხარვეზები. ჩვენი თანამშრომლები განმცხადებლებს უბრუნებენ პროექტს და სთხოვენ, რომ ჩაასწორონ”,- ამბობს მარგიშვილი.
“100%-ით ათვისება ბიუჯეტის არ ხდება. 96% არის სავსებით რეალური მაჩვენებელი,”- თქვა მარგიშვილმა.
სამინისტრო 20 იანვარს გავრცელებული განცხადებით გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან 8 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან ვერ აითვისა. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კულტურის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების 2013 წლის ბიუჯეტი 81 796 374 ლარით განისაზღვრა, საიდანაც თანხის 96%, 78 248 547 ლარი, დაიხარჯა.
დაუხარჯავი თანხიდან 1 250 948 ლარი უშუალოდ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან დარჩა, ხოლო 2 296 879 ლარი – სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების (საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო და იურიდიული პირების) ბიუჯეტიდან.
სამინისტროს განცხადებამ გამოიწვია გამოხმაურება კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებისგან. მწერალთა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა ფესიბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც კითხვა დასვა, რომ თუკი სამინისტროს რჩებოდა დაუხარჯავი 3 მილიონი ლარი, მწერალთა სახლის რეაბილიტაციისთვის მოთხოვნილი თანხა სრულად რატომ ვერ გამოინახა?
“როგორ მოხდა ისე, რომ უნიკალური კულტურული ღირებულების მქონე შენობის რესტავრაცია და რემონტი არ აღმოჩნდა “მაღალი კულტურული ღირებულების მქონე და იურიდიული და ტექნიკური თვალსაზრისით გამართული პროექტების” სიაში. გასულ წელს არსებული რეალობის გათვალისწინებით, არაერთხელ მოვითხოვეთ მინიმალური თანხა და მხოლოდ მისი ნახევარი – 115 ათასი ლარი მივიღეთ, რაც ასეთი განსაკუთრებული პროექტისთვის მიზერია!”-ამბობს ნატა ლომოური.
მწერალთა სახლის დირექციას სახლის სარდაფში, ლიტერატული კაფის მეორე სართულზე რეპრესირებულ მწერალთა და დავით სარაჯიშვილის მუზეუმის გახსნა სურს.