ხელოვნება

რას გულისხმობს საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფცია

21 იანვარი, 2014 • • 2368
რას გულისხმობს საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფცია

“სამინისტროს ამ დრომდე არ ჰქონია კულტურის მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, რამაც უნდა უზრუნველყოს კულტურის განვითარების პროცესის მდგრადობა”,- ამბობენ სამინისტროში.

 

კონცეფციაზე მუშაობა სამინისტროში შექმნილმა დროებითმა 7-წევრიანმა კომისიამ 2013 წლის ივლისიდან დაიწყო. კონცეფცია, მას შემდეგ, რაც მას მთავრობა დაამტკიცებს, კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის საფუძველი გახდება.

 

“საქართველოს კულტურის კონცეფციაზე მომუშავე დროებითი კომისის” წევრი იურისტი ლევან მოსახლიშვილი ამბობს, რომ ამ დოკუმენტის შექმნის აუცილებლობა გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრმა ვალდებულებამ.

 

“ამ დოკუმენტით გათვალისწინებულია ის ძირითადი მიმართულებები, რომელსაც უნდა დაეფუძნოს შემდეგში სტრატეგია, რომელიც მთლიანად ქვეყნისათვის დაიწერება”,- ამბობს, ლევან მოსახლიშვილი.

 

ლევან მოსახლიშვილის განმარტებით, სიახლე კონცეფციაში არის სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერება, კულტურის კანონმდებლობის სისტემატიზაცია და ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან, ხელოვანის როლის გაძლიერება.

 

მისი თქმით, კონცეფცია არის გარდამავალი პერიოდის დოკუმენტი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს კულტურის სტრატეგია. კონცეფცია 5 ღირებულებაზეა დაფუძნებული, რომლიდანაც 10 მიმართულებაა გამოკვეთილი.

 

კომისიის განმარტებით, ადამიანი წარმოადგენს მთავარ ღირებულებას, როგორც კულტურის, ისე ნებისმიერ სფეროში. ამიტომ პირველი ღირებულება ხელოვანის, შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და კულტურული მრავალფეროვნების უზრუნველყოფაა.  

 

ენის საკითხი კონცეფციის მეორე ღირებულებაა. ლევან მოსახლიშვილი განმარტავს, რომ კულტურა ენის საშუალებით გადაიცემა და ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა, უნდა იყოს ძირითადი ბაზისი. თუმცა ეს არ ნიშნავს უმცირესობების ენის იგნორირებას.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ღირებულებების ჩამონათვალში მესამე ადგილს იჭერს. სახელმწიფო ვალდებულებას იღებს ოკუპირებულ და საზღვრის გარეთ მყოფ ძეგლებისა და უმცირესობების ძეგლების მოვლა-პატრონობაზე.

 

მეოთხე და მეხუთე ღირებულება არის ხელოვანი და ხელოვნება და კულტურათაშორის დიალოგი.

 

კომისიის წევრების განმარტებით, ამ ღირებულებებიდან გამომდინარეობს 10 მიმართულება, რომელიც დეტალურად იქნება გაწერილი კულტურის სტრატეგიის დოკუმენტში.

 

მოსახლიშვილის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კანონმდებლობით ადამიანის უფლებები დაცულია, კულტურის სფეროში არსებობს კონკრეტული უფლებები, რომელთა დაცვას მეტი ყურადღება სჭირდება და ამ მიზნის მისაღწევად დამატებითი ბერკეტების შექმნაა საჭირო.

 

კომისიამ მიიჩნია, რომ ევროკავშირში გაერთიანების პროცესის დასაჩქარებლად არსებული კანონმდებლობის დახვეწა აუცილებელია. მიუხედავად წინსვლისა, კანონმდებლობა კულტურის სფეროში ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.

 

კულტურის კონცეფციაში გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და სისტემის შემქნისთვის. კონცეფციის ავტორები გულისხმობენ არა მარტო სამინისტროს სტრუქტურების, არამედ ქვეყანაში კულტურის სფეროში არსებული ორგანიზაციების სისტემის გამართვას, დეცენტრალიზაციის კუთხით სამუშაოების გაგრძელებას.

 

სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი კულტურული მემკვიდროების დაცვა და გამოვლენა იქნება კვლავ. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ სტრატეგიის დოკუმენტის შექმნის დასრულების დროს, უძრავი ძეგლების აღნუსხვა-გამოვლენა დასრულებული იქნება.

 

სამინისტრო ვალდებულებას იღებს ხელოვანისა და ხელოვნების ხელშემწყობი გარემოს შექმნის, ხელოვნების ნებისმიერ დარგის გამოვლენისა და განვითარებისთვის, ასევე პროფესიული და სახელოვნებო განათლების განვითარებაზე.

 

კონცეფციაში ყურადღება გამახვილებულია კულტურის სფეროში კვლევის გაგრძელებაზე, რომლის დახმარებითაც ქვეყანა შეძლებს გააცნობიეროს მის წინაშე არსებული გამოწვევები კულტურის დარგში.

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ამბობს, რომ სამინისტრო კონცეფციის შექმნამდე ემყარებოდა მის მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებს, რომელიც სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამ დოკუმენტის შექმნის შემდეგ კი ეს პრიორიტეტები ნორმატიულ აქტში გაერთიანდება.

 

მინისტრის თქმით, კომისიამ ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის ანალოგიური გამოცდილება გაითვალისწინა. 

 

“სამინისტროში კულტურის პროგრამა შემუშავებული არ იყო. კულტურის პოლიტიკა გაწერილი არ იყო. ეს არის კონცეფცია, რომელსაც გაგაცნობთ, ამ კონცეფციას დაეყრდნობა კულტურის სამინისტროს პოლიტიკა,”- განაცხადა მინისტრმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე.

 

მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი ამბობს, რომ კრედო, რომელსაც აღნიშნული კომისია ითვალისწინებდა კონცეფციაზე მუშაობის დროს, არის ”კულტურა, განვითარების, შემოქმედებითი ცხოვრებისა და კეთილდღეობისათვის”.

 

მისი თქმით, დოკუმენტი კულტურის სამინისტროს “სწორ გეზს” მისცემს.

 

“მე დავსწრებივარ ძალიან ბევრ შეხვედრას და ეს იყო ძალიან ბევრი დებატის სივრცე. ეს ძალიან მძიმედ შობილი ბავშვი გვაქვს, რომელსაც კიდევ დასჭირდება სწორი გზის გაკვალვა”, – განაცხდა მინისტრის მოადგილემ.  

 

მას შემდეგ, რაც კომისია კონცეფციაზე მუშაობას დაასრულებს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად ერთ თვეში წარუდგენს. სამინისტრო ვარაუდობს, რომ 2015 წლის განმავლობაში შეიქმნება ეროვნული სტრატეგიიის დოკუმენტი.

 

კომისიის შემადგენლობაში მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე ნინო გუნია, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი თამარ ბოკუჩავა, იურისტი ლევან მოსახლიშვილი, ხელოვნებათმცოდნეები სოფო კილასონია, ლალი პერტენავა, მაკა დვალიშვილი და მანანა თევზაძე შედიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი