ხელოვნება

გიორგი ჟორდანია: ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ ვარ

14 იანვარი, 2014 •
გიორგი ჟორდანია: ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ ვარ

“გულდასაწყვეტია, რომ ასეთი დაძაბულობა და ასეთი სიტუაცია შეიქმნა. არანაირად არ მიღირს მე, ვინაიდან ოპერაზე ძალიან დიდი გული შემტკივა, ბავშვობიდან ოპერაში ვარ და ეს არის ჩემი სახლი, არანაირი სკამი არაფრად არ ღირს. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ეს პოსტი. დღეს მე ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ ვარ”, – განაცხადა ჟორდანიამ კულტურის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ჟორდანიას გადაწყვეტილება მოიწონა.

 

“ჩვენ დღესაც შევხვდით ბატონ გიორგი ჟორდანიას. ვისაუბრეთ. მან მიიღო თავისი გადაწყვეტილება, რომელსაც ძალიან ვაფასებ, ხოლო ოპერის ხვალინდელ დღეს რაც შეეხება, ხვალ დილიდან დავიწყებთ ზრუნვას”,- განაცხადა მინისტრმა. 

 

გიორგი ჟორდანია
გიორგი ჟორდანია

გიორგი ჟორდანიას გადაწყვეტილების მიღებამდე მინისტრი ოპერის დასის წევრებს ხვდებოდა, რომლებიც ჟორდნიას გადადგომას მოითხოვდნენ. ისინი მინისტრს პირველად გუშინ შეხვდნენ. ხოლო დღევანდელი შეხვედრა 2 საათზე დაიწყო. 

 

მათთან შეხვედრისას მინისტრმა განაცხადა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში დარღვევების გამო აუდიტის ჩატარებაა საჭირო, რაც ოპერისა და ბალეტის თეატრის კონცერტმაისტერმა ჯანლუკა მარჩიანომ გააპროტესტა და შეხვედრა დატოვა. 

 

“ჩემთვის მათთან დისკუსია აქ მთავრდება, მე გადავწყვიტე, რომ თავად ჩავატარო აუდიტი. ავიღებ გიორგი ჟორდანიას მიერ ორგანიზებული ყველაზე დიდი ღონისძიების, ვაგნერის კონცერტის ჩანაწერს, რომელსაც თავად დირიჟორობდა და გადავცემ “ბიბისი”-ს “სიენენ”-ს, “როიტერს” და ყველას და ისინი შეაფასებენ, თუ რა ხდება ოპერაში,”- განაცხადა მარჩიანომ.

 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები პირველად სამი დღის წინ გაიფიცნენ. ისინი ჟორდანიას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი