კომპოზიტორმა გია ყანჩელმა განაცხადა, რომ ანზორ ერქომაიშვილი ხალხური მუსიკის “პატრიარქია” და ვერ წარმოიდგენდა, თუ დადგებოდა დრო, როდესაც მის სახელს აუგად მოიხსენიებდნენ.
“როგორც წესი, ბრძოლა საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტების მიმართ ეფუძნება ორ განუკურნებელ სენს: ეს გახლავთ შური და ნიჭის უკმარისობა,” – განაცხადა ყანჩელმა
მან გაიხსენა ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, ჯანსუღ კახიძე, რომელთა წინააღმდეგ, მისი თქმით, ინსინუაციებს მართავდნენ.
“არ მიკვირს, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ბატონ ანზორს არა მხოლოდ აუგად ახსენებენ, არამედ სარგებლობენ ცნებებით, როგორიცაა “მაფია”. მე გაკვირვებული ვარ ამ რამდენიმე პიროვნების და მათი სულისჩამდგმელის ვაჟკაცობით, რომლებიც თავს აძლევენ უფლებას ილაპარაკონ იმაზე, რომ ანზორ ერქომაიშვილს არ აქვს უფლება იყოს [ფოლკლორის ცენტრის] სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი. გამიგია, რომ ეს ცენტრი თავის ხელმძღვანელთან ერთად ანზორის წინააღმდეგ სისტემატიურად მოქმედებს”, – განაცხადა გია ყანჩელმა.
პიანისტმა ლექსო თორაძემ ანზორ ერქომაიშვილს ქართული ხალხური მუსიკის სიმბოლო უწოდა.
“ერთ ყურში შემდის და მეორეში გამომდის ეს სიტყვა – “აჭედვა”. თუ ანზორის ოფისი ასაჭედია, სიამოვნებით მივცემ იმ ხალხს, ვინც ეს გააკეთა, ჩაქუჩსაც და ლურსმნებსაც, მობრძანდნენ და დავით თორაძის, ლიანა ასათიანის, ასევე ჩემი სახლის კარებიც აგვიჭედონ და ნუღარ შეგვიშვებენ”, – ამბობს ლექსო თორაძე.
თორაძემ განაცხადა, რომ გიორგი დონაძეს დიდი ხანი იცნობს და მის ანსამბლ “ბასიანთან” ერთად უმუშავია. იგი ნდობას უცხადებს გიორგი დონაძეს ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე.
“ჩვენ ერთობლივი პროექტები წარმოგვიდგენია. ეს მოხდა ლისაბონში დაახლოებით რვა წლის წინ. გამოვდიოდით რახმანინოვის რეპერტუარით. ეს იყო ორი დიდი მარათონი. ლოგიკა ამაში ერთადერთია- მართლმადიდებლობა, რახმანინოვის მთლიანად წარმოსვლა რუსული გალობიდან მისი მუსკის და მისი მსოფლმხედველობის და, ცხადია, ჩვენიც. ჩვენი მართლმადიდებლობა და ჩვენი მუსიკა ბევრად უფრო ძველია და ასე შევკარით და ძალიან კარგად გამოგვივიდა. ამას “ბასიანის” მხრიდან გიორგი ედგა თავში. ერთად ვიჯექით და რომელი ნაწარმოების შემდეგ რომელი უნდა შესრულდეს… რაც შეეხება მომავალს. ახლა მუშაობაშია გეგმა, რომ გვინდა, რომ ქართული გალობა და ასევე რუსული გალობა დავუკავშიროთ სტრავინსკის”, – თქვა თორაძემ.
რეჟისორმა რობერტ სტურუამ სინანული გამოთქვა იმაზე, რომ ანზორ ერქომაიშვილის წინააღმდეგ არიან ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლები. კულტურის სამინისტრომ უნდა მიიღოს, თუმცა მას სამინისტროს იმედი არ აქვს.
“ანზორ ერქომაიშივილი, მე მგონია, ერთ-ერთი საოცარი წმინდა ადამიანი. კულტურის სამინისტროში მოვიდა ის, ვინც არ უნდა მოსულიყო და დარჩა ის, ვინც არ უნდა დარჩენილიყო. ეს სიტყვები, მე მგონია, მართლდება. კულტურის სამინისტრომ გარკვეული პოზიცია უნდა დაიკავოს და დააფასოს ის ხალხი, ვინც მართლა წამოადგენს რაღაცას ქართულ კულტურაში”,- განაცხადა რობერტ სტურუამ.
ანზორ ერქომაიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ ბავშვთა ფოლკლორის ცენტრში. მუსიკალური გუნდების მომღერლებმა განაცხადეს, რომ ისინი ნდობას უცხადებენ ფოლკლორის ცენტრში შექმნილ სამეურვეო საბჭოს, რომლის შემადგენლობის დაშლასაც ცენტრის თანამშრომლები მოითხოვენ.
“ჩვენი გულისტკივილი გამოიწვია უპატივცემულო მიმართვებმა და ქმედებამ, რაც მიმდინარეობს ახლა. ამიტომ შევიკრობეთ, რომ ჩვენი გულისტიკივილი გამოვთქვათ და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ვიცით, რომ გამორჩეულია ფოლკლორის ცენტრის მიერ საბჭო, რომელმაც აირჩია კანდიდატი მათ მიერ არჩეული, რომლის დამტკიცებაც მინისტრის მიერ ჭიანურდება, რაც იწვევს გაუგებრობებს”, – განაცხადა ლუარსაბ ტოგონიძემ, საპატრიარქოს მგალობელთა გუნდის წევრმა.
მისი თქმით, მათ კულტურის მინისტრს მიმართვის ტექსტი გაუგზავნეს, სადაც სთხოვენ, რომ დაამტკიცონ სამეურვეო საბჭოს მიერ წარდგენილი გიორგი დონაძის კანდიდიდატურა.
განცხადებას ხალხური მუსიკის ანსამბლები- “შავნაბადა”, “საპატრიარქოს მგალობელთა გუნდი”, “ალილო”, “ქართული ხმები”, “რუსთავი”, “ბასიანი”, “დიდგორი”, “მართვე” უერთდებიან.
ფოლკლორის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, რომლემაც გუშინ ცენტრის კარი სიმბოლურად აჭედეს, კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარს ხვდებიან. მათი მოთხოვნაა, რომ ცენტრში შექმნილი სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა დაიშალოს.
კულტურის მინისტრმა ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი 18 დეკემბერს თანამდებობიდან გაათავისუფლა და ცენტრის თერთმეტწევრიანი სამეურვეო საბჭოს შექმნა, რომელსაც ანზორ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობს.
სამეურვეო საბჭოს დირექტორობის კანდიდატის შერჩევა და მინისტრისთვის წარდგენა დაევალა. საჭომ ანსამბლ “ბასიანის” ხელმძღვანელი გიორგი დონაძე წარადგინა. ფოლკლორის ცენტრის თანაშრომლები ამბობენ, რომ პროცესი სამართლებრივი დარღვევებითა და გაუმჭვირვალედ წარიმართა.