ფოლკლორის ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბიჩინაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან მეტ საჯაროობას მოითხოვენ. მისი თქმით, კულტურის სამინისტრომ მათთვის გაუგებარი მიზეზით ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი დაითხოვა და სამეურვეო საბჭო დააკომპლექტა.
ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო, კულტურის მინისტრის ბრძანებით, 2013 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა, როგორც ორგანო, რომელსაც რეკომენდაციით შეუძლია მიმართოს კულტურის მინისტრს.
საბჭომ კულტურის მინისტრს ცენტრის დირექტორად დასამტკიცებლად გიორგი დონაძის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა მინისტრს ის ჯერ არ დაუმტკიცებია თანამდებობაზე.
ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლების თქმით, გარკვეული სამართლებრივი პროცედურებია დარღვეული დირექტორის შერჩევის საკითხში. ცენტრის თანამშრომლები საუბრობენ იმაზე, რომ სამეურვეო საჭოს ორ წევრს – ნინო მახარაძესა და თემურ ქევხიშვილს ფოლკლორის ცენტრის დირექტორობის სურვილი გაუჩნდათ, რის გამოც სამეურვეო საჭო დატოვეს.
თამაზ ბიჩინაშვილის თქმით, სამეურვეო საბჭოს წევრს საბჭოს დატოვება შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუკი ამის თაობაზე კულტურის მინისტრს მიმართავს.
“თუ საბჭოს ყველა წევრს გაუჩნდა დირექტორობის სურვილი, მაშინ საბჭო მთლიანად დაიშლება”,- ამბობს ბიჩინაშვილი.
ბიჩინაშვილის თქმით, ფოლკლორის ცენტრში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებში ანზორ ერქომაიშვილის ხელი ურევია.
სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში სულ 11 ადამიანი შედის: ანზორ ერქომაიშვილი, მეუფე იაკობი, ჯემალ ჭკუასელი, თემურ ქევხიშვილი, ლევან ვეშაპიძე, ნინო მახარაძე, ფრიდონ სულაბერიძე, მაყვალა გონაშვილი, მალხაზ ერქვანიძე, სვიმონ ჯანგულაშვილი და რობერტ გოგოლაშვილი.
აქედან ორი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენელია: მეუფე იაკობი, სინოდის წევრი და ილია მეორის ქორეპისკოპოსია, ხოლო სვიმონ ჯანგულაშვილი ილია მეორის რეგენტი და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელია. მისი თქმით, სწორედ მას გადააქვს პატრიარქის შესრულებული საგალობლები ნოტებზე.
ბიჩინაშვილი ამბობს, რომ გუშინ ფოლკლორის ცენტრში იყო სამეურვეო საბჭოს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა მეუფე იაკობიც. მათ სურდათ დაესვათ შეკითხვა, თუ რატომ არის საბჭოს წევრი მეუფე იაკობი, მაგრამ ისინი არ დაელაპარაკნენ ცენტრის თანამშრომლებს.
“სრულიად გაურკვეველი იყო ჩვენთვის, რატომ იყო ჩართული მეუფე მისი კომპეტენციიდან გამომდინარე. ამაზე ჩვენ ახსნა და პასუხი ვერ მოვძებნეთ. ამ კითხვის დასმა გვინდოდა გუშინ ბორდის თავმჯდომარისთვის, ასევე, ბორდის წევრებისთვის, რომლებიც არ დაელაპარაკნენ აქ შეკრებილ ცენტრის თანამშრომლებს”, – განაცხადა ბიჩინაშვილმა.
ფოლკლორის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებს კვლავაც გააგრძელებენ.
“ნეტგაზეთი” კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნულ უწყებაში გვითხრეს, რომ ისინი ჩვენს შეკითხვებს მოგვიანებით უპასუხებენ.