ხელოვნება

კანონპროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს საფრთხეს უქმნის

20 ნოემბერი, 2013 • • 1414
კანონპროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს საფრთხეს უქმნის

საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის მე-17 მუხლში ცვლილება უნდა შევიდეს.

 

შეთავაზებული ცვლილების მიხედვით, კანონს ჩაემატება კიდევ ერთი პირობა. „განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას“ მთავრობის დადგენილებითა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, ობიექტს ჩამოერთმევა კულტურის მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

 

კანონპროექტი ცნობს გამონაკლისსაც – ეროვნული და მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლებზე მსგავსი გადაწყვეტილება არ მოქმედებს.

ალეკო ელისაშვილი და კახა კოჟორიძე
ალეკო ელისაშვილი და კახა კოჟორიძე

 

“საია”-ს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე კახა კოჟორიძემ თქვა, რომ კანონში არ არის განმარტებული, რას გულისხმობს „განსაკუთრებული შემთხვევები“ და „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობა.“

 

იურისტის თქმით, ამგვარი ბუდოვანება კულტურული ძეგლისთვის სტატუსის ჩამორთმევის ინიციატორ უწყებას უტოვებს უფლებას, რომ საკმარისად არ დაასაბუთოს ამგვარი აუცილებლობა.

 

„კონკრეტულ შეხთხვევებში დასაბუთების გარშე მიიღება გადაწყვეტილებები. თუ ვინმე ჩათვლის, რომ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ძეგლის სტატუსი მოეხსნას ძეგლს,“- ამბობს კოჟორიძე.

 

“კულტურული მეკვიდრეობის შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის ჩამორთმევა შესაძლებელია, თუ ძეგლი იმდენად დაზიანდა, რომ მან კულტურული მნიშვნელობა დაკარგა.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატმა გურამ ოდიშარიამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ სახელმწიფომ ოქროს შუალედი უნდა იპოვოს, რომ არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არც ეკონომიკა არ დაზარალდეს.

 

მინისტრი იმედოვნებს, რომ არსებული ხარვეზები საპარლამენტო მოსმენებისას „ჩამოიქნება“.

 

კოჟორიძის თქმით, კულტურის მინისტრის ამგვარი დამშვიდება უსაფუძვლოა, რადგან პარლამენტის დამოკიდებულება კანონპროექტის მიმართ უკვე ცხადია, რადგან იგი რეგლამენტის მიერ დადგენილ პროცედურებს უკვე არღვევს და საჯაროობას ვერ უზრუნველყოფს.  

 

„მნიშვნელოვანი საკითხი, როცა კანონპროექტის განხილვა ხდება, არის ჩართულობა. ჩართულობას არ ჰქონია ადგილი. რეგლამენტი ითხოვს, რომ კანონპროექტი პარლამენტში შესვლიდან სამი დღის ვადაში არ განიხილონ, რომ დაინტერესებული ადამიანი კანონპროექტს გაეცნოს. ეს წესიც კი არ დაიცვეს“,- განაცხადა კოჟორიძემ.

 

„ტფილისის ჰამქრის“ წევრი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აგრძელებს “სააკაშვილისა და უგულავას ბარაბაროსულ სულისკვეთებას“.

 

“სამარცხვინო პოზიციაა კულტურის მინისტრის. არანაირ ოქროს შუალედზე არ შეიძლება ლაპარაკი“,- ამბობს ელისაშვილი.  

 

ალეკო ელისაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავს, რომ არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს, რომლებიც  მათთან ერთად გუდიაშვილის მოედანზე აპროტესტებდა კულტურული მემკვიდრეობისადმი წინა მთავრობის დამოკიდებულებას.

 

„თუ დეპუტატები ამ დამოკიდებულებას მხარს დაუჭერენ, თავად ანგრევენ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მთავრობა ყველა ძეგლზე ამ განსაკუთრებულ შემთხვევას მოიყვანს და ხელიდან გამოგვეცლება ის, რაც გადაურჩა წინა ხელისუფლებას,“- აცხადებს ელისაშვილი.

 

„ტფილისის ჰამქრის“ წევრი ამბობს, რომ კანონპროექტის მიღების მოტივი მიხეილის საავადმყოფოს შენობაა, რომლის შესყიდვა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დანგრევა ინვესტორს სურს.

 

„მიხეილის საავადმყოფოს“ კომპლექტში შედის სამი შენობა, რომლებსაც აქვთ ძეგლის სტატუსი. აქედან ორი, აღმაშენებლის გამზირის #58 და #60-ში მდებარე, შენობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი