ხელოვნება

პილატეს სახარება და სხვა აპოკრიფული ტექსტები

18 ნოემბერი, 2013 • 4996
პილატეს სახარება და სხვა აპოკრიფული ტექსტები

 

 

 

მაგრამ ამ კაცს, რომელიც  იმედიანი და უბრალო, ადამიანური სიკეთეებით სავსე ამბებით  გვანებივრებს, ერთი ძალიან განსხვავებული და ცოტა უცნაური წიგნი აქვს დაწერილი – „პილატეს სახარება“.  მაგრამ ეს ალბათ ყველაზე უკეთესი წიგნია მათ შორის, რაც კი შმიტს ოდესმე დაუწერია.

 

 

„პილატეს სახარების“ ხშირად ეშინიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ იკარგება შანსი, ადამიანებმა სხვანაირად გაიაზრონ ყველასთვის კარგად ნაცნობი ისტორიები და დაუშვან, რომ პილატეც, იუდაც და იესოც, პირველ რიგში ადამიანები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, იმ კონკრეტულ დროში მაინც.

 

 

„პილატეს სახარება“ ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი იესოს მონოლოგია. იესო ზეთისხილის ბაღშია და მის დასაპატიმრებლად წამოსულ ჯარისკაცებს ელოდება. იცის, რაც მოელის. იესო იხსენებს თავის განვლილ ცხოვრებას, ყველაფერს, რამაც იგი სასწაულმოქმედ მქადაგებლად აქცია. იხსენებს, როგორი ეჭვები და ყოყმანი იპყრობდა ადრე, როგორ იმტვრევდა თავს იმაზე ფიქრით, მართლაც იყო თუ არა მასში რამე ღთაებრივი. როგორ გაუჭირდა გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რადგან ყოველთვის ფიქრობდა, რომ შეიძლება, გადაჭარბებულად აფასებდა საკუთარ თავს, შეიძლება, ჩვეულებრივი დურგლის ბიჭი იყო და მეტი არაფერი. ეს მონოლოგი საოცარი გულახდილობითაა დაწერილი.

 

 

„პილატეს სახარების“ პირველი ნაწილის ძალიან საინტერესო პერსონაჟია იუდა. იესოს მონოლოგიდან ირკვევა, რომ იუდას ღალატი მთლიანად იყო დაგეგმილი და შეთანხმებული. ეს ყველაფერი იუდამ მოიფიქრა. იესოს ვერსიით,  ძალიან ჭკვიანმა იუდამ იცოდა, რომ ადამიანებს, იმისთვის, რომ დაგიჯერონ, აუცილებლად სჭირდებათ მსხვერპლი და ხილული სასწაული. ამიტომ გადაწყვიტა იესომ, თავი გაეწირა. თავი გაწირა იუდამაც, რადგან სამუდამოდ დაიმკვიდრა შერცხვენილის სახელი და მოღალატის სინონიმად იქცა.

 

 

იუდას დადებით პერსონაჟად წარმოჩენა და იესოსა და იუდას შორის შეთანხმების არსებობა ახალი არ არის. მეოცე საუკუნეში, ეგვიპტის უდაბნოში, აღმოაჩინეს კოპტურ ენაზე დაწერილი  აპოკრიფული ტექსტი – იუდას სახარება. ამ ხელნაწერის სიყალბე ჯერჯერობით ვერ დასტურდება, თუმცა, სულ უფრო მეტი და მეტი არგუმენტები ჩნდება მისი ნამდვილობის სასარგებლოდ.  ამ ხელნაწერში ნათქვამია, რომ იუდა გმირია, რომელსაც თავად იესომ დააკისრა ყველა მოწაფეზე უფრო ძნელი მისია _ ღალატი. სახარების მიხედვით, იუდამ იცის, რომ მოღალატის დამღას ვერასდროს მოიშორებს, მაგრამ მაინც რისკავს, იმდენად დიდია მისი სიყვარული და  ერთგულება მოძღვრისადმი.

 

 

წიგნის მეორე ნაწილი უკვე პილატეს ეთმობა  – პილატე ჰყვება, როგორ გაქრა დასჯილი იესოს გვამი და როგორ ჩაერთო თვითონ საგამოძიებო ციებ-ცხელებაში. მეორე ნაწილი ლაღად, იუმორითაა დაწერილი – პილატე ცოტა სასაცილო კაცია, თავის საქმეს ერთგულად აკეთებს და არაფერი რომ არ გამოსდის, ძალიან ბრაზობს, სასწაულებს, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ხდება მის თვალწინ, თაღლითობად მიიჩნევს და ცდილობს, სასწრაფოდ დაიჭიროს ის გარეწრები, ვინც გვამი ასე ოსტატურად გააქრო.

 

 

წიგნს საოცარი ფინალი აქვს – პილატე ბევრ რამეს ხვდება, მაგრამ დაჯერება მაინც არ სურს. ის ხომ ცნობილი ბრალმდებელია, რომის იმპერიაში ერთ-ერთი გავლენიანი თანამდებობის პირი, დაბნეული ადამიანი, კაცი, რომელმაც იესოს სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი და მერე ხელები მშვიდად დაიბანა. ეს პილატეა, იუდეველთა მეხუთე პროკურატორი და ვინ იცის, შეიძლება, სულ, სულ პირველი ქრისტიანიც. შეგიძლიათ, დაეთანხმოთ შმიტს, შეგიძლიათ, მკრეხელი უძახოთ. „პილატეს სახარებას“ არა აქვს პრეტენზია კანონიკურ ტექსტობაზე, ის უბრალოდ, ძალიან კარგი წიგნია, მხატვრული ლიტერატურაა  და ამიტომ აქვს არსებობის უფლება.

 

გაზეთ „ბათუმელების” რუბრიკიდან. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი