ხელოვნება

კულტურის მინისტრის ანგარიში აქციის ფონზე

13 ნოემბერი, 2013 •
კულტურის მინისტრის ანგარიში აქციის ფონზე

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების კულტურის ატაშეები ესწრებოდნენ, მინისტრმა განაცხადა, რომ შემაჯამებელი ანგარიში მისი მინისტრად დანიშვნის წლისთავს დაამთხვია.

 

კულტურის სამინისტროს 2013 წლის შეფასება
კულტურის სამინისტროს 2013 წლის შეფასება

გურამ ოდიშარიას, კულტურისა და ძგლთა დაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს რეგიონებში კულტურული ცხოვრება „მინავლებული იყო“, ხოლო მისი მინისტრად დანიშვნის შემდეგ მან  საქართველოს რეგიონები მოიარა და არაერთი კულტურული პროექტი განახორციელა.

 

„როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში და განაცხადა, რომ „ჩვენ გავიმარჯვებთ“, ამ სულისკვეთებით შევუდექით მუშაობას და ვიმარჯვებთ,“- თქვა ოდიშარიამ.

 

კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემულ ანგარიშში „კულტურა ციფრებში“ – აღნიშნულია, რომ გაიხსნა კულტურის ცენტრები რეგიონებში, საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მოეწყო კინოდარბაზები და აღიჭურვა საჭირო აპარატურით.

 

ამ მიმართულებით მუშაობა, მინისტრის თქმით, მომავალ წელსაც გაგრძელდება და  საბოლოოდ, რეგიონებში 70-ზე მეტი ეკრანი იქნება.

 

გურამ ოდიშარიას თქმით, კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სახელოვნებო განათლების ხელშეწყობაა. ანგარიშის მიხედვით, 12 სახელოვნებო სკოლა დევნილთა დასახლებაში დაარსდა, სადაც დევნილი მასწავლებლები დასაქმდნენ.

 

სახელოვნებო სკოლებს გადაეცათ მუსიკალური ინსტრუმენტები და ლიტერატურა. მოეწყო საგანმანათლებლო შეხვედრები და სემინარები.

 

კულტურის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მუშაობა პროექტის „ჩემი საქართველო აქ არის“ განსავითარებლად, რათა საქართველოს  მოზარდებმა უკეთესად გაიცნონ თავიანთი ქვეყანა.

 

ანგარიშში აღნიშნულია, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით გაწეული მუშაობა: ბატონის ციხისა და ვარძიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში გელათის რენომინაციაზე მუშაობა.

 

კულტურის მინისტრმა მომავალ წელზეც ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ 2014 წელი „თანაბარი განვითარების წელი იქნება“. დაწყებულია მუშაობა კულტურის პოლიტიკის კონცეფციაზე, რომელიც საქართველოს აქამდე არ ჰქონია.

 

ეროვნული პოლიტიკის კონცეფციაში გათვალისწინებული იქნება ეთნიკური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის საკითხი, ამბობს მინისტრი. 

 

აქცია კულტურის სამინისტროსთან
აქცია კულტურის სამინისტროსთან

პრეზენტაციის პარალელურად კულტურის სამინისტროს წინ აქცია – საყდრისის ოქროს მაღაროს მუზეუმში გადატანის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტრო ძეგლთა დაცვის მაგივრად კერძო ინვესტორის მიზნებს ემსახურება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი