სახელმწიფო კაპელის მენეჯერი შიო აბრახამია ამბობს, რომ სახელმწიფო კაპელის თანამშრომლები მიზერულ, 200 ლარის ოდნეობის ხელფასს იღებენ. იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
კაპელის წევრებმა გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება 8 ნოენბერს მიიღეს და წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ამბობენ, რომ ეროვნული მუსიკალური ცენტრის დაფინანსება 2005 წლიდან რამდენჯერმე გაიზარდა, კაპელის დაფინანსება კი იგივე დარჩა.
„მანამდე არსებული 50 ლარიდან მომღერლის ანაზღაურებამ მიაღწია 200 ლარს! ვფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში დღესაც არაფერია იმაზე მყარი და სტაბილური, ვიდრე კაპელისთვის წლების წინ დანიშნული და დღემდე უცვლელი ორასი ლარი!“- წერია განცხადებაში, რომელიც კაპელამ 8 ნოემბერს, გაფიცვის დღეს გამოაქვეყნა.
საგუნდო კაპელის მომღერალ-მსახიობი გიორგი გოგიჩაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ საგუნდო კაპელას სახელმწიფო მნიშვნელობის სტატუსი აქვს და მისი წევრების ხელფასი სხვა კაპელების წევრების ხელფასს (400-700 ლარი) მაინც უნდა უტოლდებოდეს.
„2005 წლიდან დღემდე რამდენჯერმე გაიზარდა მუსიკალური ცენტრის ბიუჯეტი, ნიკა მემანიშვილმა პირდაპირ ეს თანხები გაუშვა ორკესტრისკენ, კაპელა საერთოდ უყურადღებოდაა“,- ამბობს გიორგი გოგიჩაშვილი.
კაპელის წევრების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს ორი წლის წინ კულტურის სამინისტრომ დამატებითი თანხა გამოუყო და იგი ორკესტრსა და ჩასაბერ საკრავთა ახალი ანსამბლის შექმნას მოხმარდა.
შიო აბრახამია ისევ კულტურის სამინისტროსგან ელის რეაგირებას. კაპელის წევრებს მინისტრთან ან მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა სურს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ორი წლის წინ გამოყოფილი თანხა იყო ინსტრუმენტების შესაძენად გათვალისწინებული, მუსიკალურ ცენტრს არ ჰქონდა უფლება ეს თანხა არამიზნობდივად დაეხარჯა.
„წარმოუდგენელ ხელფასებზე უწევთ მუშაობა და ამაზე ძალიან წუხს ხელმძღვანელობა. იმედი გვაქვს, რომ იანვრიდან ხელფასი გაეზრდებათ ნამდვილად. ვიბრძოლებთ, რომ ეს დანამატი ჰქონდეთ,“- განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მომავალი წლიდან მუსიკალურ ცენტრს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა გაეზრდება, ეს საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია და პროექტი მთვარობაშია გადაგზავნილი.
„მე მესმის, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ. მე არ მესმის პროტესტის ფორმები ასეთი ტიპის. სამინისტრო და პირადად მე, რომელიც ვკურირებ ამ მიმართულებას, ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათი მოღვაწეობის შესაფერისი ანაზღაურება ჰქონდეთ,“- ამბობს მანანა ბერიკაშვილი.
2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეროვნული მუსიკალური ცენტრისთვის 1 500 000 ლარი იყო გამოყოფილი. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში იგივე თანხაა გათვალისწინებული, თუმცა პროექტში ცვლილებების შეტანა 1 დეკემბრამდეა შესაძლებელი.
კაპელის წევრები გაფიცვას მაინც აგრძელებენ იქამდე, სანამ წერილობით არ ექნებათ დადასტურება ხელფასის გაზრდის შესახებ.
„არ ვართ დარწმუნებულები, რომ ხელფასები გაგვეზრდება. თუ გვეცოდინება წერილობით, რომ ნამდვილად ის თანხა, რასაც ჩვენ ვითხოვთ, გამოყოფილი არის, მაშინ შევწყვეტთ გაფიცვას,“- უთხრა „ნეტგაზეთს“ გიორგი გოგიჩაშვილმა.