ხელოვნება

ვინ დააფინანსებს კულტურულ მემკვიდრეობას?

30 ოქტომბერი, 2013 • • 1144
ვინ დააფინანსებს კულტურულ მემკვიდრეობას?

სპეციალისტების ჩამოსვლის მიზანი რეკომენდაციის შემუშავებაა, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, თუ როგორ უნდა დაფინანსდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. 

 

14 საათზე დაწყებული პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში “ტფილისის ჰამქრის” წევრმა ცირა ელისაშვილმა გახსნა. 

 

ცირა ელისაშვილის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონში ხარვეზია, რადგან ინვესტორს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში იმაზე მაღალი შენობის აშენება შეუძლია, ვიდრე ეს კანონითაა დადგენილი.  

 

ამის სამაგალითოდ ელისაშვილმა პარლამენტის ყოფილი შენობის უკან მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, იმელის შენობაში დაგეგმილი მშენებლობა, “მხატვრის სახლის” ადგილას მიმდინარე მშენებლობა დაასახელა, როცა დამკვეთმა გადასახადის გადახდის საფასურად დაარღვია სართულიანობის კოეფიციენტი.

 

ელისაშვილის განმარტებით, საჯარო მოხელეები, როგორც წესი, ინფორმირებული არ არიან კულტურული მემკვიდროების სტატუსის მქონე ნაგებობების ღირებულების შესახებ, ან იციან, მაგრამ მათთვის ეკონომიკურ შემოსავალს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კულტურულ მემკვიდრეობას. 

 

“ეს პოზიცია აქვს იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებას,”- თქვა ცირა ელისაშვილმა და განმარტა, რომ შეხვედრის მიზანიც სწორედ ისაა, რომ კულტურული მემკვიდრეობა არ აღიქვან პრესტიჟულ ტერიტორიად, სადაც “ხელისშემშლელი ნაგებობა” დგას.

 

ალე ელბერსმა, რომელმაც ნიდერლანდებისთვის შეიმუშავა კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და დაფინანსებითვის, განმარტა, რომ კულტურული მემკვვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების რაოდენობა იმდენად გაიზარდა (60 000) ნიდერლანდებში, რომ დღესდღეობით მეორე მსოფლიო ომამდე აშენებულ ნაგებობებს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს აღარ აძლევენ. 

 

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადგილობრივ თვითმმართველობას სურვილი ექნება დაიცვას ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი, თავად უნდა გამონახოს ამის სახსრები. 

 

ნიდერლანდების პოლიტიკა ელბერსმა შემდეგნაირად ახსნა, სახელმწიფოს იმდენი ძეგლი ექნებოდა, რომ მალე ყველა ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ექნებოდა და ბიუჯეტიდან დიდი თანხა დაიხარჯებოდა მათ შესანახად. 

 

ელბერსის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ მიდგომა შეიცვალა. გასულ საუკუნეში ისე ცდილობდნენ შენობას სრულად შეენარჩუნებინა თავდაპირველი იერსახე, რომ თანამედროვე ინვენტარიც კი გამოქონდათ შენობიდან.

 

“ახლანდელი ტენდენცია არის ის, რომ ვაჩვენოთ, დრომ რა შეცვალა ამ შენობაში. ის, რომ  შენობა არის კულტურლი მემკვიდროების სტატუსის მქონე, არ ნიშნავს, რომ მასში ცვლილება არ უნდა შევიდეს,”- განაცხადა ელბერსმა. 

 

ელბერსის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ კულტურული სტატუსის მქონე ნაგებობებისთვის მხოლოდ რესტავრაცია არ არის მთავარი, მნიშვნელოვანია, როგორ უნდა დავიცვათ შენობები და მუდმივად ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. 

 

კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ნიდერლანდების ბიუჯეტიდან შენობის მფლობელებს ეძლევათ გრანტები შენობის მოსავლელად, რომლის შემდეგაც მფლობელი ანგარიშვალდებლი ხდება სახელმწიფოს წინაშე. ელბერსი აღნიშნავს, რომ მფლობელი მას შემდეგ უნდა იყოს ვალდებული მოუაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, როცა სახელწიფოსგან მიიღებს დაფინანსებას ამ მიზნისთვის.

 

ხანდახან ზოგიერთი მოქალაქე ხელს უწყობს, რომ შენობა დაინგრეს, რათა ინვესტორმა ააშენოს ახალი შენობა, მფლობელმა კი პირობები გაიუმჯობესოს. ეს ნიდერლანდებშიც ხდება, განმარტავს ელბერსი და დასძენს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებია შექმნილი, რათა კულტურულ მემკვიდრეობას ყურადღება მიაქციონ. 

 

ელბერსი და სტეეკელენბური საქართველოს კულტურის, ეკონომიკის, ფინანსთა და სხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ, შეისწავლიან საკანონმდებლო გარემოს საქართველოში და ერთ თვეში მოამზადებენ რეკომენდაციას.

 

“ტფილისის ჰამქარის” გამგეობის თავმჯდომარის, თამარ ამაშუკელის თქმით, რეკომენდაცია საკანონმდებლო ინიციატივად უნდა იქცეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციისა და დაცვის საკითხის დაფინასების ქართული მოდელი შემუშავდეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი