ხელოვნება

ხელოვნების მცირე ფესტივალი “ვენტილაცია” დასრულდა [ფოტო]

21 ოქტომბერი, 2013 • • 1529
ხელოვნების მცირე ფესტივალი “ვენტილაცია” დასრულდა [ფოტო]

ფესტივალზე საკუთარი ხელოვნება ანა ჩხეიძემ (პოეზია), ნორიკ ბადოიანმა(თარგმანები), გიორგი ხასაიამ(თარგმანები) და ჯგუფმა “4monkeys”(მუსიკა) წარმოადგინეს:

“სახელოვნებო მოვლენების უმარვლესობა არ არის ხოლმე დაფუძნებული კერძო ინიციატივებზე. ჩვენ დავდივართ კონცერტებზე, სპექტაკლებზე, რომლებიც დაფინანსებულია სახელმწიფო ორგანიზეციების და სტრუქტურების მიერ. ჩვენ აკადემიური ხელოვნების საღამოეზე დავდივართ, ხოლო ამ პროექტის მიზანი იყო, ახალგაზრდა ადამიანები შეკრებილიყვნენ არაფორმალურ გარემოში და თავისსავე თაობის ხელოვანების შემოქმედებას გაცნობოდნენ. პრინციპში ესაა მიზანი, თუკი ასეთი რამ შეიძლება საერთოდ არსებობდეს”,- ამბობს გიორგი ხასაია, ფესტივალის ორგანიზატორი.

მისივე თქმით, ფესტივალში ის ხელოვანები მონაწილეობდნენ, რომლებსაც მხოლოდ ინტერნეტ- მკითხველი იცნობს, ისიც ძალიან ზერელედ, და „ვენტილაციამ“ მათ საკუთარი თავის წარდგენის შესაძლებლობა მისცა:

„ამ ივენთების მთავარი პლუსი არის ის, რომ ყველა მათგანი საგანგებოდ ცოცხალია. ბევრი ამბობს და მეც ვეთანხმები ამ აზრს, რომ თანამედროვე ქართული კულტურული ცხოვრება რაღაცით მოგვაგონებს სასაფლაოს. აქ ყველა კულტურული გმირი უკვე მკვდარია და აქ ყველაფერს აზის „ჯვრები“, როგორც აღმნიშვნელი ჩვენი იდენტობის და სხვა. ჩვენ გვინდა ამ პარადიგმიდან გასვლა, გვინდა კულტურული ცხოვრების აგენტები, ან კულტურული ცხოვრების მოვლენები არ იყოს აღბეჭდილი ამ ბეჭდებით. „ვენტილაცია“ სწორედ ამის მცდელობაა. გვინდა კიდევ ერთი ალტერნატივის პერსპექტივა დავსახოთ, იმ ფონზე, რომ აკადემიური ხელოვნება ქვეყანაში, როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არის უალტერნატივო“.

ნორიკ ბადოიანი, რომელმაც ფესტივალზე მეტწილად რუსი პოლიტიკური ავტორების პოეტური ტექსტების თარგმანები წაიკითხა, ამბობს, რომ მისი მოქმედების მოტივი კულტურაში არსებულ კიჩთან დაპირისპირებაა:

„მე წავიკითხე ვალერი ნუგატოვის ლექსების თარგმანები. ვალერი ნუგატოვი უპირისპირდება მეინსტრიმს, ეს არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი, რაც მის ლექსებში გვხვდება, ასევე, სხვა ავტორების თარგმანებში, რომლებიც წავიკითხე. ტექსტების თარგმნით, ამ ავტორების გამოყენებით, მათი პროპაგანდით ვცდილობ დავუპირისპირდე კულტურაში არსებულ კიჩს”.

„ვენტილაცია“ წარმოადგენს ხელოვნების მცირე ფესტივალს, რომელიც თავს მოუყრის საქართველოში სხვადასხვა არტისტულ პრაქტიკაში მომუშავე ხელოვანებს, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მუსიკოსები, ასევე პოეტები, ვიზუალური არტისტები და თეორეტიკოსები.

პროექტი ხორციელდება “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის” ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).



მასალების გადაბეჭდვის წესი